წასვლისა


ნინო დარბაისელი

წასვლისა

 (შექსპირული სონეტი - abab cdcd efef gg)

განა არ მინდოდა,  მოსვლა ვერ შევძელი,
კიდეც  მოვემზადე, შენკენ წამოვედი
 და  თითქოს  მომება ფეხზე მძიმე ძელი
და მკლავზეც  მიჭერდა თითქოს მწარე ღვედი.

ძნელია წასვლა და თანაც დაგეგმილი. 
სიტყვები -  დაწყობილი, როლი  - მორგებული.
ამას რომ გაუძლო,  უნდა იყო გმირი, 
რა ასატანია  გული -  წაგებული!

ვფიქრობდი:   რას ვჩქარობ? ან - ახლა, ან - ასე? 
სხვა დროს არ სჯობია?  უფრო ადვილია.
 ვინ ტყუის ჩვენ ორში? დამცალე? ამავსე?
 (შენს სახლს გავცდენილვარ, რამდენი მივლია).

ჩემთვის ჩამოინგრა  იმ დღიდან შენი ჭერი…
შევედი  სალონში და თმა შევიჭერი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი

ამ სონეტის ფინალი თითქოს მოულოდნელია.
საქმე ისაა, რომ ქალის მიერ თმის შეჭრა - სიმბოლური აქტია, რომელსაც ღრმა ფსიქოანალიტიკური ფესვები აქვს.
დაინტერესებული მკითხველისთვის ვდებ ლინკს
ტრანსლეიტორით თარგმნა ადვილია ნებისმიერისათვის

https://tidesmentalhealth.com/symbolic-reasons-behind-haircutting-during-depression/#:~:text=Therapists%20often%20see%20haircutting%20as,always%20to%20self%2Dharm%20intent.


ტრადიციულად, ჩვენში შექსპირულ სონეტს 14 მარცვლედით თარგმნიან ან წერენ ( 5/4/5) ეს საზომი კი მართლაც ძალიან ერგება სონეტის ფორმას, მაგრამ ბოლო დროს ვცდილობ, დაკანონებულ რიტმულ ინერციას გამოვეხსნა და სხვადასხვა საზომები ვსინჯო, პოლიმეტრიაც კი.
ეს ერთი ასეთი ნიმუშია.
აღებული მაქვს პასაჟი პასტერნაკის ნობელმინიჭებული რომანისა ,, ექიმი ჟივაგო”.
ანუ წინამდებარე ლექსში ვცადე ჩემთვის საინტერესო სამი პლანის შერწყმა (პოლიმეტრული რიტმი, ჟივაგო, თმა).

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი