მწარე შვილები
#ლექსები ნინო დარბაისელი მწარე შვილები საცაა, გული გაგისკდება, ვიღაცის წასვლით ანდა მოსვლით, რაიმე შიშით, სიმამაცით, უბედურებით, ბედნიერებით, ომით, მშვიდობით… სულერთი არის, გამსკდარი გული - გამსკდარია. განა ცოტაა გულგასატეხიც, ზოგჯერ მიზეზი არ დაგჭირდება. ამის მერეა, რომ თუ გადარჩი, გაგისქელდება ნაწიბურები, გიფეთქავს გული ზომიერად, ცოცხალი ხარ და შეგეხედება, სამაგიეროდ, გულგრილი და გულცივიც გახდი. ყველა გულცივი - ადრე, წარსულში, მოსიყვარულე-გულ-გამტყდარია, რომელსაც ყოფამ უსამართლო ხელი დარია, ყველა გულცივი - გადარჩენილი ცოცხალ-მკვდარია, ყველა გულცივი - ახლა უკვე შეუმცდარია. დაბადებით კი ყველა - შეცდომის შვილები ვართ, სულ ახალ-ახალ შეცდომებზე დაგეშილები, ჩვენ ვართ შვილები. წელშეზნექითა და დიდი მუცლის გამობზეკით დამტარებელთა გაჩენილები თუ მწველ ზაფხულში საწვიმარქვეშ ცხრათვიანი მუცლის მფარავთა - ერთად გვირგვინქვეშ შეუსვლელთა, შაბათისა თუ ამომსკდარი ვნების ნაყოფნი, ჩვენ ვართ შვილები! ჩვენ ვართ შვილები და რახანია, აღარ გვესმის სხვების კვნესა და ჩივილები. ჩვენ ვართ შვილები - დაულოცავად დარჩენილები თუ ხმამაღლა დალოცვილები, ქვეყნად ყველაფერს და არაფერს ვემორჩილებით არ-გულჩვილები, გულგრილები, ჩვენ ვართ შვილები!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი