ირმისა - ჯოჯოხეთური (შექსპირული სონეტი)


#ლექსები
ნინო დარბაისელი

ირმისა - ჯოჯოხეთური
(შექსპირული სონეტი)

სულ სიზმრად ვხედავ,  მიოხრებენ ეზოს  ირმები.
გამეღვიძება  და ყველაფერი -  ისევ ისეა.
ყოველ საღამო აღმა-დაღმა ნასეირნები,
აქ გროვდებიან და ირმული სიხალისეა.

მე ამათ გამო,  ყვავილებიც ვერ გავახარე,
ნეკერად ჭამენ,   რაც რამ კვირტი გამოიტანა,
დასაცავია  ყველა კუთხე, ბუჩქი თუ  მხარე,
მამა ირემი ლამის გახდეს მთლად ცხენისტანა!

თან ვერც ვამტყუნებ,  გაუკაფეს ირგვლივ ტყეები,
თავის ეზოშიც  - ბევრი როდი ეპატიჟება,
ჩემი-ღა შერჩათ ეს ბორცვები, ეს სიბრტყეები,
და უჯობთ ჩემი გავეშება და გაგიჟება.

 აღარ ინდობენ სადმე  ერთი  ჯუჯა ხე თუა?
ამ სამოთხისთვის შრომა  მართლა  ჯოჯოხეთია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი