ჩემივე თავისა ვინდომე თამაში
ნინო დარბაისელი ჩემივე თავისა ვინდომე თამაში რასაც ამბობენ, უილიამ, პირწავარდნილი ტყუილია. რაო?! არად ჩააგდოო დაშნა, მაშაო! და თავი საკუთარი ითამაშაო? სცენა ისეთი ადგილია, სხვისი თამაში - მაინც ადვილია! რაც შენში ფარულადაა, - იმას მიაგენი და მერე - ამისე! ან ასე გამოგივა და ან - ისე. საკუთარი წარსული - მაინც მორევია, მაგრამ კარგი არტისტი წარსულ საკუთარ თავს - როლად - მაინც, მორევია. მიდი, აბა, ის სცადე, რაც სხვას ადვილად ეჩვენება! სინამდვილეში კი ესაა შეჩვენება, საკუთარი აწმყო რომ არწყო, აბა, გამოდი საკუთარი არსებიდან, კარგად შეხედე გვერდიდან და თანაც ზემოდან, ვითომც-და უცხოა, შორეული, გაიგე, რა ნაზავი რაშია შერეული! მერე დადექი და ეს - ახლანდელი საკუთარი თავი ყველას თვალწინ წრფელად ითამაშე, თან ისე, ვერავინ მიგიხვდეს, სად გადაამლაშე, სად გასცდი ვირობას და თავი გაირაშე. ისე ითამაშე, რომ ყალბი არ იყო, არც ძაან გათქვიფო, არც ძაან გაირიყო. არც სადმე შეიყუჟო, იპოვო ლაფარო. არც მოჯდე პიედესტალზე, მტრის ნაალაფარო, არც ჩაწვე კუბოში, ლოდს თავი აფარო… მთელი სამყარო სცენაა და სულ თეატრია. მარტო დარჩენა - კულისებში მოსანატრია - გესმის, კრისტოფერ და გესმის უილიამ? ვინ გთარგმნა ქართულად? ივანემ თუ ილიამ? თავის თავს თამაშობს არტისტი ჭარმაგი! სცენაზე ჩამტყდარა ძველი ფიცარნაგი, დაბლა კი დაბლა კი მხოლოდ ტკივილია, და ამ ტკივილისგან რაც ისმის - კივილია. ხომ იყო კომედია?! ჩავარდა დრამაში, კიდევ უარესი - გახდა ტრაგედია. სულმა საბოლოოდ ფრთაც კი აიქნია, აფრენა ინატრა, გედია? ყბედია? ჩემ გარდა, ვინმეა მტყუანი ამაში? ვინმემ დამაძალა ანდა არ მაცალა? კიდეც ავიჩეჩე, კიდეც ჩავიჩაჩე, როგორ არ ვეცადე, როლი ვერ გავქაჩე, ჩავრჩი პროგრამაში… ცხოვრების სცენაზე ჩემივე თავისა ვინდომე თამაში…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი