ბარდელი
#ლექსები ნინო დარბაისელი ბარდელი ისევ წამომეშალა ეს ძველი სადარდელი: ქვისსაწოლებიანი პომპეიში ბარდელი. ძმრის ჭურჭლის ნატეხები, ფრესკოები - პოზებით, ოთახები - ბოზებით, არ ფილოსოფოსებით. ჰყავდათ მონა-ქალები, ჰყავდათ ნაქირავებიც, ლამაზები, მორთულნი - კეთილებიც, ავებიც. მოჰყავდათ და მოჰყავდათ გემებს ათასმაგვარი, შეიპყრობდნენ? ვარგოდა? - რა ჯიში და რა გვარი! იქვე იყიდებოდა მონა - უუფლებო და ვინც ფულს გადაიხდიდა, იქვეც ეუფლებოდა. მამაკაციც თუ ჰყავდათ?! კი, ჰყავდათო ბიჭები, ზოგს ერჩია გართობა, ბიჭის მონანიჭები. მოზღვაურებს უყვარდათ ჩამონაპირებულებს, ნამგზავრებნი ტოვებდნენ აქ რამ ნივთებს და ფულებს. თერმოპოლიუმების გზას იკვლევდნენ ქურამდი, მაძღრებს - იქვე ელოდათ კედლის პრეისკურანტი. ენა? - არ სჭირდებოდათ, კმაროდა მითითება, ბიზნესია, ფულია, კარგად თუ იტვირთება. ბებერს - სენი მოჰყვება, ტანად საროს კი - ფული, კაცმა - ჯანით დაიცვას წესი საროსკიპული! პატრონს ადგილობრივიც ჰქონდა გადასახადი, მონა ვერ ივარგებდა?! - ვეღარც დაინახავდი. ქალაქგარეთ მარხავდნენ ვისაც შეხვდა სახადი, ფრესკოები შემორჩა - სველ კედელზე ნახატი. არ კითხულობს სტიქია, ვინ დაფაროს- ვინ - არა, ყველა ერთად მოსრა და ცეცხლად გადაიარა. არც მზე არჩევს, არც მთვარე, ციდან რაც ედინება. იყავი და წახვედი? ვიღას ეცოდინება! წარმოსახვის ჩაქრობა კიდეც მოინდომო - რა! ყოფა დუღდა? - სტიქიამ მოასოდომგომორა. ქვაფენილის გადაღმა - აბურდული ბარდები, დახვალ დადუმებული - მოგონებებს ბარდები. ნახავ? - წამოგეშლება ეს ძველი სადარდელი - ვეზუვი და პომპეი, პომპეიში - ბარდელი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი