ხელშესახები


#ლექსები

ნინო დარბაისელი

ხელშესახები

არც ტაძარია  - ღმერთი,  არცა  ადგილი რამე, 
თუნდაც   მლოცველმა გულით  - ყოფა  მთლად გაიხრამე!

 უხილავია  ღმერთი, ის არ უხილავს მოსეს - 
- ღვთის  ანგელოზის ნათლით ნამოსი - ნიღბით მოსეს.

მამა - იხილა მხოლოდ  იესომ. მასთან სუფევს.
ერს   რომ მეოხად  ჰყავის,   სულში მალამოს უფევს.

კათალიკოსი  მოკვდა და შენკენ მოიხარის!
ღვთის მირონცხებულს(!)  დასდის ცრემლები მგლოვიარის,

ერისთვის - რა არ სცადა, ერს ბევრიც არგო  მართლა, 
მაგრამ არ ნიშნავს,  ვიწყოთ მისით ჟამთასვლის ათვლა.
 
მასაც შეუნდე,  ბევრი  მასაც შეშლია - მოკვდავს,
მთავარი ამასოფლის  სდევდა, რეკდა და როკდა.

ჩვენც გვაპატიე, - ჭირში  გადამეტება ვიცით,
ციურს ვერ გწვდებით რაკი, მიწიერს ვეკვრით ფიცით.

გლოვაა ერში დიდი,  ტირილი ზედ დაგვერთო, 
სჭირდება მოკვდავს, თვალწინ - ხელშესახები,  ღმერთო! 

გულო, გეყოფა გლოვა, დადექ და დამიოკდი!
ღმერთო, შენს  რჩეულს  - მოკვდავს,
დავტირით, თითქოს მოკვდი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი