მურაბების სამეფო


ლექსად, ლექსადაო და აჰა, ლექსად!

#ლექსები

ნინო დარბაისელი


მურაბების სამეფო

კაკლის მურაბა  - მეფეა, ტახტი აქვს ხელშეუხები.
კაკალს ჰმონებენ ყოველნი - მომჭირნეები,   უხვები.

ლეღვის მურაბა-   დედოფლად  თვით უფლის მინაგვარია.
ყუნწებიანად იჭმება,   ფერით კი - მრავალგვარია.

ესეც  - საზამთროს მურაბა. გამჭვირვალე და ხრაშუნა!
მეფისწულია, რა ერქვა?-  დათუნა,   გიო, ლაშუნა…

 მეფის ასულად  ვის ვუხმობთ?!   - ღირს ამის გამო ჩურჩული! 
  თეთრი ბალს  - ნიგვზით რომ სავსე აქვს 
 გულები გამოჩურჩული.

 ცე ვიტამინის საბადო ჟოლოა - მისი გადია, 
 გაციებულის წამალი - კარგია, თუ გაბადია!

 გამომრჩა  ალიბუხარი?    - რად მიცქერ შენ ამრეზილი.
 შაბშია გამოყვანილი   - მთლად მეფის ნაზირ-ვეზირი!

 კომში?  როგორ გამოვტოვო, არომატით სავსე  კომში!
მხედართმთავრად მეფეს უდგას, სულ პირველი გარბის ომში.

ვარდის მურაბა, კრაჭუნა, ფრეილინაა - ვარდი!
ამბობს, მოვხიბლავ სუყველად, ყოჩაღი ვარ და მარდი!

შვინდის? ღოღნაშოს?  ალუბლის?  -  ყველაა პირის ფარეში!
 რამდენნაირი ყოფილა ამ ჩვენს დალოცვილ მხარეში.

ზოგ ქილას  მუქი  გადაჰკრავს, 
ზოგია,  როგორც სადაფი.
რამ გამახსენა  ამ დილას  ბებიაჩემის  სარდაფი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი

“მურაბების სამეფოზე” ლექსი რომ დავდე ახლობელმა მითხრა, ეგ რამ დაგაწერინაო?
რამ და მეგობრის პოსტმა გამახსენა.

ცოტათი დათბებოდა თუ არა, ბებიაჩემი ანიკო ყველაფრის ჩამურაბება-ჩაკამპოტებას იწყებდა, დიდი ზამთარი მოვა და გეამებათო, გაჰქონდა იმის ქურას ერთი თუხთუხი, ბავშვები ქილების ჩაზიდ- ამოზიდვას ვერ აუდიოდით. ლამის ჩვენც ჩავეკამპოტებინეთ.
თავისი ნახელავების სარდაფის ნასვრეტიანი გასაღები - სულ გულზე ეკიდა. კი გვქონდა სხვა, დიდი სარდაფიც, მაგრამ შიგ ხარახურის მეტი არაფერი ეყარა.
სულ გეგმებს ვაწყობდით, როგორ შეიძლებოდა შუადღეზე ჩაძინებულისთვის ის გასაღები მოგვეპარა. თუმცა ვერ მივაგენით ვერაფერს და აი,
ჩემმა დამ ერთხელაც მივარდნილ უჯრაში რაღაც გასაღები იპოვა, ალბათ სათადარიგო, ზუსტად აღებდა იმ კარს.
მერე მეზობელმა - ლილი დეიდამ რაღაც ოქროსფერი, ყვითელ ებონიტისტარიანი კოვზი შემთხვევით გვაჩუქა და საქმეც აეწყო!
ჩვენ კერძო სახლში დავიზარდეთ, უკანა ეზოდანაც შემოსასვლელი გვქონდა. სკოლიდან ჯერ იმ გზით შემოვიპარებოდით, გავაღებდით კოხტად სარდაფს, რაც გვესიამოვნებოდა, რამდენიც გვინდოდა შევჭამდით, კოვზს გავლოკავდით, (ჰიგიენა არა ისა, კიდე!) 😁 ისევ პარკში ჩავიგდებდით, სახლს შემოვუვლიდით და სწავლისგან დაღლილი, პატიოსანი სახეებით წინიდან შემოვიდოდით.
მოკლედ, კარგად ვიამეთ და ერთხელაც გავიგონეთ ანიკოს ნათქვამი მეზობლისათვის
- აზრზე არა ვარ ხელი ასე რამ გამიფუჭდა, ქვაზე რომ შაქარი დამეყარა და მომეხარშა, მურაბა გამომდიოდა, წელს რაც გავაკეთე, ყველაფერს ობი მოეკიდა და ამიდუღდაო.
მერე ზამთრის არდადეგები დაიწყო და ჩვენც ველისციხეში გაგვაქანეს, იქ უკვე სხვა ამბები იწყებოდა, ბაბოჩვენი სოფო დამშრალ ჩურჩხელებს, ჩაის ტილოებში გამოხვეულებს (და ასხმულ ლეღვის ჩირსაც!) ნამზითვარ კამოდში ინახავდა, ჩვენ კი იმ კამოდის ზურგის ფიცარი გვქონდა გამოძრობილი…. ოღონდ ეგ ჩვენ არ გვიქნია, ბიძაჩემისგან მემკვიდრეობით გადმოგვეცა.

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი