ვიხილე რა ქართველნი - სამების ტაძართან


#ლექსები

ნინო დარბაისელი

ვიხილე რა ქართველნი  სამების ტაძართან 
 

მამულო, ერთო ციდაო, ცხოვრებამ  თუ გადროვა, 
გჩვევია  ერთად ლხენაც  და ერთადვე იცი  გლოვა!
 
ისევ მატირებ სამშობლოვ, შენ, “საომარო ველო”, 
სისხლით და ოფლით მორწყულო, ცრემლით ნიადაგ სველო.

ქუდზე-კაცი ხარ,  შვილებით  - დღე და ღამ გარეთ დგახარ,
ახლა მოვიდეს, გიხილოს, გაიგოს მტერმა, რა ხარ!

შენი სახელით, უტიფრად ზოგს ლაპარაკი გასდის,
 იჩემებს,  რაც შენ გეკუთვნის, შვილებს  - შენსავე დაზრდილს.

ზოგს - ერთგულება ჰგონია, როცა გღალატობს მტერთან,
ასეთი?!  ბევრჯერ გინახავს,  მცოდნევ ფერფლთა და მტვერთა.

სიდინჯისაკენ გიხმობენ შენ -  წინაპართა ძვლები, 
მრავლის ამტანო, ადვილად არასდროს დაიძვრები.

ათასწლეულთა სიღრმიდან სასწაული გდევს მხსნელი - 
გონებით გაუგებარი,  სიტყვებით - აუხსნელი.

არც არასოდეს ივიწყებ - არასდროს დასავიწყებს, 
აღმართი  არის   დაღმართი,  სვლას ვინც მწვერვალით იწყებს.

თუ ჩარხი ბრუნავს უკუღმა, მტერი ყოველმხრით  მოდის, 
გრძნობ, როდის გაერთიანდე,  გამრავალთავდე როდის. 

თუკი ხიფათი კარზეა, მარადის შენი მდევი.
იშლები, ხდები პატარა ცხრათავიანი დევი.

ხანდახან, ვითომ მოდუნდი, მტრის  ფანტაზიებს კვებავ, 
 რა - ხალხო! - ადამიანთა მუშტად შეკრულო კრებავ.

მკვდარი -  ნურავის ჰგონიხარ, დგახარ და  ეურჩები!
შებლს გაზის უფლის ნიშანი, მჯერა, რომ გადარჩები!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი