თქვა დებორამ სევდიანმა - შექსპირული სონეტი


#ლექსები

ნინო დარბაისელი

თქვა დებორამ სევდიანმა
(შექსპირული სონეტი)

დასრულდება გლოვა ესე, მიაშურებს  მრევლი კერას,
მარხვაა და სააღდგომოდ  თადარიგის მართებს ჭერა.
ამა ზამთრის გადამტანებს
მარტმა  კაბა შეუკერა,
 ვისაც რამე ეჭვი ჰქონდა, ყველაფერში დააჯერა.

რწმენას სხვისას  ვინც აგდებას მოუნდომებს აქ აბუჩად, 
პოლიტიკურს ეძებს ქულებს, ენამჭევრობს,  ბრძენობს ძალით,
 გაიხედოს, მრევლით როგორ ავსებულა ყველგან ქუჩა, 
 შორს - ყოველი უკეთური, შორს - ყოველი ამორძალი!

მოდის ერი ოთხივ კუთხივ და  ნაკადებს არ აქვს ტევა,  
 რაღაც დროით ტირის  ყველა, რაღაც დროით შეწყდა ლხენა, 
 შეწყდა ბრძოლაც -   რაღაც დროით, ყველამ ყველას მიუტევა.
 ერი-ბერი დათიშული, ჭირმა ერთად დააყენა.

თუმცა … ვეტყვი, მას,  ვინც წასულს შესანდობი - აპატია, 
აღტყინებას  მუდამ მოსდევს მთელი ერის   აპათია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი