ბებრის ყვავილობა
#ლექსები
ამ ლექსს უცნაური რამ შეემთხვა. ტარდებოდა რაღაც, ლოკალური, ანონიმური პატარა კონკურსი.
ამ მრგვალ დედამიწაზე სხვა ვინაა კარგი და უმტერო, მე რომ ვიყო. ( აქ - გაიღიმეთ)
ჰოდა, ჟიურიში მყოფ ჩემს… ვთქვათ ასე - “არამოკეთეს” მაინცა და მაინც ეს ლექსი მოწონებია ყველაზე მეტად.
გამარჯვებულის საბოლოო დასახელებამდე გარკვეულა ავტორის ვინაობა, საგონებელში ჩავარდნილა ის კარგი ადამიანი …. და ასე შემდეგ.
მოკლედ, რაღაც პრიზი მაინც მომცეს.
ვინ არ იცის, რომ პირველი ადგილი ყველაზე უკეთესია, მაგრამ ექსტრავერტისთვის აქვს დიდი მნიშვნელობა?
მთავარია, რაღაც სიხარულისმაგვარი ან დარდისმაგვარი გასაზიარებელი იყოს!
😁😁😁
ნინო დარბაისელი
ბებრის ყვავილობა
ციკლიდან: ,,ეტიუდები")
არც მე ვარ მონაზონი და არც ის არა ჰგავს მწირს.
გავჭრილვართ მონაზომიდან და ერთმანეთი გვჭირს.
ორივემ ვიცით, რა გვინდა. არ ვეჭიდებით ხავსს.
მას უხარია, რომ ვყავარ, მე მიხარია, მყავს!
აღარც მახსოვხარ, არც გნატრობ, აღარც წარსული მწამს..
ეგ ჩრდილი რაღად ეცემა ყველა ბედნიერ წამს?
თქვენ ორში ნეტა მესამედ ყოფნა რგებია ვის?
ან ცრემლის ყლუპი რად მახრჩობს, მე, გადამცურავს ზღვის.
ღმერთო, ვის ვისი სული და ვისი სხეული სურს,
ვინ - ვისთვის ცოცხლობს, ვინ იცის, ვინ - ვისთვის დალევს სულს!
2014
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი