კენტავრომახია


ნინო დარბაისელი

კენტავრომახია

მოხდა ჩვენში ნეტავ რა?
ამბავია ნეტავ რის,
სიყვარული ამტყდარა
თურმე გულში კენტავრის.

მერე რა, რომ კაცთავა,
მითოსური ცხენია.
ხელი ვინ მოუთავა?
რატომ მოუწყენია?

ასეა თუ ისეა,
მასზე მაინც ახია.
ჩვენი სიხალისეა
ეს კენტავრომახია.

გითხრათ, ვინ შეუყვარდა?!
ზღვად რად ექცა დარდის  რუ?
ვინმე სფინქსი კი არ და,
შეუყვარდა კენგურუ!

და შეიქნა ბრმა და ყრუ,
უმღეროდა პირის ღრუ:
- გურუ, გურუ, კენგურუ,
გურუ, გურუ კენგურუუუუ!

- რამდენი გვაქვს საერთო!
ხედავ?-  ,,კენზე “ ვიწყებით.
მინდა ერთად გავერთოთ
მთელი თავდავიწყებით.

ზემოთ  - ნაზო ბოცვერო,
ქვემოთ  - მხეცო ჩემსავით,
მოდი, აქ შემოძვერო,
ხარ ჩემი საესავი.

თითქოს რაღაც აეწყო,
თითქოს არა უშავდა,
მაგრამ მერე დაიწყოოო,
ბოლო აღარ უჩანდა.

კუდი ჰქონდა ქალბატონს
მისი იყო საბჯენი.
შეუცვლიდა ვინმე ტონს?
- იქვე იყო სასჯელი.

კენტავრს უთხრა: - იცი,  რა?!
ჩანთა წინ რად მაბია?
კენტავრი მყავს  პატარა,
განა ჩიტი, ნაბია.

უპასუხა  კენტავრმა:
- გქონდეს ნაკლი ეგ - ერთი.
არა - ერთი,  ნეტავ რვა
გქონდეს ჩანთა ეგეთი.

ერთად - მართლა გუნდი ვართ,
სხვა ვინ რას მოიპოვებს?!
შინ მეც ვერ ავუდივარ
ცოლს და კენტავრიკოებს.

შენს მინდვრებში -  ვისვენებ.
შენს მინდვრებში - კარგია!
ნუ მოუსმენ სხვის ენებს.
მაგით ვის რა არგია.

აღმა-დაღმა სირბილი
გვეყო, უაზრო ჯახი,
აგერ -  ბალახი რბილი
აქ შევიქმნათ ოჯახი.

-ვის სჭირდება,  ნეტა ვის
ღია ბედის მკეტავი?
ერთი ჯოხის გულისთვის -
მინდა მთელი კენტავრი?

სექსიც ხომ მომბეზრდება,
კვლავ დავრჩებით მარტონი.
კენგურუნა მეზრდება,
კარგი უნდა პატრონი.

გაუღიმა, უარით
არ  შებღალა კაცი და
ნახა სხვა სატყუარი.
იმის მიმართ გაცივდა.

და დარდობდა ცხენკაცა:
- უნდა დავრჩე  კენტად  რად?
ჩემი ცოდო მიეცა,
ვინც დამბადა  კენტავრად!

ნეტა ასე რატოა?
თურმე ცხრება ვნება და
კენგურუმ  მიმატოვა,
შერჩა, თუ რამ  მებადა!

საკენტავროს მიადგა
ასე,  ხელცარიელი.
ცოლმა ხონჩა დაუდგა,
დაუბრუნა  იერი.

უხარიათ ძალიან
თურმე კენტავრიკუნებს,
მამას მათთვის სცალია,
აღარ გადაიგუნებს.

გულში მღერის, სხვა რა ქნას!
გამოადგა ვნება ცრუ,
(იპოვოდა ალბათ ქმარს):
“გურუ, გურუ, კენგურუ!”

კენგურუსკენ რა ხდება?
არც მას გაუძნელდება.
სასურველი - ახდება
ძველი - ცხრება,  ნელდება.

ეჰ, არ ჰყოფნის ერთობას
მარტო ვნების ძალა და
ზოგჯერ ქალიც ერთობა.
ესეც ჩვენი ბალადა.

მორალი:

1.

შეყვარება -  თავიდან სულ მსგავსებას რომ ხედავს,
სიყვარული - ბრმავდება,  აღარ მოსჩანს ავი.
თვალი თუ აეხილა, დაინახავს,  რომ მხედარს
დაუკარგავს ცხენი და არც აბია თავი.

2.

ჟამია სიყვარულის? - სულ ფუჭია მხილება,
როცა ვნება ჩაივლის,  თვალიც აეხილება!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი