დოჩანა, რომელსაც გაბმულად უჭირდა


💖😥😥😥

ნინო დარბაისელი

“დოჩანა”, - რომელსაც გაბმულად უჭირდა  
- - - - - 

 ერთხელ, ასე, გასული საუკუნის ოთხმოციანების დასაწყისში გურამ დოჩანაშვილს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სხდომათა დარბაზში შეხვედრა მოუწყეს.
  ბატონ გურამს მაინცა და მაინც მაშინ შეხვდა რაღაც ვირუსი და ბოლო წუთამდე ვღელავდით. დარწმუნებული  არ იყო, თუ შესძლებდა სცენაზე ჯდომას, მაგრამ ეს ამბავი მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა ვიცოდით.
    შეხვედრის ორგანიზატორებმა წინასწარ  მომზადებული, დაბეჭდილი ფურცელი მოგვცეს კითხვებით  და სხვადასხვა ხელით, სხვადასხვა კალმით, სხვადასხვა ფურცელზე გადაწერილი წინა რიგებში მსხდომ ახლობლებს დავურიგეთ.
რატომ სხვადასხვა ხელითო?!
 ზოგ სტუმარს უყვარს შემოსული კითხვების სახსოვრად წაღება და აბა, ერთი ხელით ნაწერი ხომ არ იქნებაო (ბატონმა გურამმა, ცხადია, ეს არ იცოდა, დარწმუნებული ვარ, ვერც ახლა გაიგებს. ინტერნეტს არ ეკარება).
ასეთ სიტუაციებში, როგორც ჩანს, 
მოულოდნელობები მთლად გამორიცხული მაინც არ არის.
აიღო ბატონმა გურამმა ერთი წერილი, მის შემოქმედებას რომ შეეხებოდა და უპასუხა, აიღო მეორე, მესამე...
ყველაფერი რიგზეა.
მაგრამ აი, გახსნა კიდევ ერთი და კითხულობს:
,, ბატონო გურამ, გიჭირთ?
ჩვენ - დავიძაბეთ.
მან  - თავი ასწია, დარბაზს თვალი მოავლო, გაიღიმა,
- გაბმულად მიჭირს მეგობრებო, გაბმულად მიჭირს! - თქვა, ის ფურცელი დადო და შემდეგი აიღო!
მას შემდეგ სამეგობროში  ამ ფრაზას ყოველგვარ კონტექსტს ვუსადაგებდით:
მაგალითად, თუ ვინმეს ქცევა თვალში არ მოგვივიდოდა, ვეტყოდით: ,, შენ, რაღაც, გაბმულად ხომ არ გიჭირს?”
გვქონდა უფრო მოაკადემიურო კონტექსტებიც, მაგალითად ასეთი:
,,ნამდვილი შემოქმედი - ეს არის ადამიანი, რომელსაც, მიუხედავად კარგი თუ ცუდი სოციალური მდგომარეობისა, შინაგანად გაბმულად უჭირს”
თქვენი საქმე როგორაა ამ მხრივ,
წინამდებარე სტატუსის მკითხველო?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი