ცივილიზაცია - ქართულად, ცივილიზაცია - ჩემს ოჯახში
შემახსენა
#დილაუზმოს_ფიქრებიდან
ნდს
ცივილიზაცია - ქართულად, ცივილიზაცია - ჩემს ოჯახში
დღეს განსაკუთრებით ბევრი მეფიქრება ცივილიზაციაზე, იმ წერტილზე, თუ საიდან იწყება იგი.
თითქოს არავისთვის ძნელი მისახვედრი არაა, რატომაც, მაგრამ სუბიექტური მიზეზიც მაქვს.
ამ მხრივ ცოტა თეორიას როდი გავეცანი.
ზოგის მიხედვით, ცივილიზაციის საწყისი წერტილი - ეს არის მომენტი, როდესაც ევამ ვაშლი ჩაკბიჩა, ზოგის მიხედვით - როცა პრომეთემ ცეცხლი მიუტანა ადამიანებს, ზოგი ამბობს, ეს ის წერტილია, პირველყოფილი ადამიანი ნაპოვნს - ობსიდიანს, წვეტიან ქვის ან ძვლის ნატეხს რომ აღარ დასჯერდა და ხეხვით ძვალს ან ქვას პირი წაუმახვილაო, ზოგმა ბრძანა, ლითონის გამოყენება რომ დაიწყოო. ზოგი იქამდეც მივიდა, ადამიანმა რომ გადაწყვიტა, მოდი, მკვდარ მამას ოჯახის წევრებთან ერთად კი არ შევჭამ, დავმარხავ და იმის ნაცვლად ნანადირევს შევექცევიო…
და ასე შემდეგ.
ვინც მიცნობს, ეცოდინება ბორბლისადმი ჩემი დაუოკებელი სიყვარულის ამბავი. მედალიონებიც კი ბორბლის ფორმისა მაქვს უმეტესობა, რადგან ვიზიარებ თეორიას, რომ ბორბლის შექმნით იწყება ცივილიზაცია. სულ ბორბლებიან რაღაცეებს ვეძებ და ვყიდულობ, განსაკუთრებით რაც ასაკში შევედი და სიმძიმეების ზიდვა მიჭირს. მართლა გენიოსი იყო მისი შემქმნელი!
ზიგმუნდ ფროიდის აზრით (1892) ცივილიზაცია იწყება იმ მომენტიდან, როცა გაბრაზებულმა ადამიანმა გამბრაზებელი კი არ მოკლა, ან ხელჩართული ბრძოლა კი არ დაუწყო, არამედ აგრესიის გამოსახატად შორისდებული, უფრო გვიან კი - სიტყვა გამოიყენა, - შორიდან, უკონტაქტოდ, შეაგინა.
ანუ გინება ფროიდმა ცივილიზირებულობის ნიშნად მიიჩნია.
დღეს რომ ვიყურებ, რა ხდება ტურფა საქართველოში და მეტადრე მის თავში, მართლა იმდენი გინება მესმის, ფროიდს თუ დავეყრდნობით, ცივილიზაციის აკვანი ჩვენ ვყოფილვართ დღემდე!!!
კულტურული ანთროპოლოგიის ამერიკელ წარმომადგენელს მარგარეტ მიიდს (1901-1978) თურმე სრულიად სხვაგვარად მიაჩნდა.
მან სტუდენტებს წარუდგინა გამოქვაბულში აღმოჩენილი ადამიანის ბარძაყის ძვალი, რომელზეც მოტეხილობა - ნამკურნალევი იყო და განუცხადა. რომ სწორედ ესაა ცივილიზაციის პირველი ნიშანი.
ცხოველთა სამყაროში - ფეხმოტეხილი ცხოველი იღუპება.
მას აღარ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება, სარჩოს მოპოვება, ჩვეულებრივ, თვისტომები ტოვებენ და სხვა ნადირის ლუკმა ხდება.
ეს ძვალი კი ამტკიცებს, რომ ადამიანმა თვისტომზე იზრუნაო.
დღეს ჩემი ქვეყანა განსაცდელშია.
ორივე მხარეს ერის შვილები დგანან. ზოგი როგორ ხედავს ქვეყნის მომავალს და ზოგი - როგორ!
მე - მძულს რუსეთის ხელისუფლება, მაგრამ ისიც ვიცი, რომ იგი ოკუპანტია.
ოკუპაცია კი, რასაც ნიშნავს, როგორ ვლინდება და გრძელდება, ეგეც წამიკითხავს.
მე - მიყვარს დასავლური ცივილიზაცია.
საქართველო ხიდია ევროპასა და აზიას შორის და გზაჯვარედინობის გამო, სიკეთეზე მეტი, საუკუნეთა მანძილზე - ტვირთი აწევს.
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მისი ადგილი ევროპაშია, იქ, სადაც ერის დიდ მამებს ეოცნებებოდათ.
და მე მიყვარს - პირველ რიგში ჩემი მრავალმხრივ დეზორიენტირებული ქვეყანა.
და დღეს, მხურვალედ, როგორც არასდროს, ვლოცულობ მისთვის, ყველა მხარისთვის, არცერთი პარტია, არცერთი პოლიტიკური ძალა არ წარმოადგენს ერს.
ერი - ვართ ყველა ერთობლივად!
***
ამ მაღალი რეგისტრის მერე რეალობას დავუბრუნდეთ.
გუშინ ჩემი ემა-ქეითის ( 9 წლის) სკოლის მასწავლებელი უცნაურად დაგვიხვდა.
არ იცოდა, მკაცრი სახე დაეჭირა თუ ეცინა.
ემა-ქეითს ჩამოუყალიბებია “ცუდი სიტყვების კლუბი”, თავისი წესდებიანად, სტრუქტურიანად. მიღების წესიანად - რომლის მიხედვითაც, არ კმარა, მარტო ცუდი სიტყვა ხმამაღლა თქვა, საჭიროა, იცოდე მისი მართლწერა, წერილობით წინადადებაში გამოყენება.
კლუბში მიუღია ძირითადად ბიჭები, სხვა კლასელებიც.
ერთ რომელიღაც კანდიდატს წერილობითი ტესტი ვერ გაუვლია, არ მიუღიათ კლუბში და როგორც ეჭვი აქვთ, სწორედ იმან დააბეზღა მასწავლებელთან.
როგორც ვთქვი, ძირითადად კი ბიჭები ჰყოლია ემა-ქეითს კლუბში, მაგრამ არც თვითონ აკლებდა ცუდი სიტყვების გაჟღერებას, განსაკუთრებული გამომგონებლობითაც გამოირჩეოდა თურმე (კახური გენი ბაბოსგან?).
მოკლედ, გასკდა ამბავი. თურმე დაიბარეს, თავის ორ მოადგილე ბიჭთან ერთად “პრინციპალის” ოფისში.
მოსთხოვეს წერილობითი განმარტების დაწერა.
ქალბატონს დაუწერია, რომ სასწავლო წლის ბოლოს ბევრი ტესტი აქვთ გასავლელი, მოსწავლეებს ამის გამო მუდმივი სტრესის გადატანა უხდებათ, ემოციურ დაძაბულობასთან გამკლავების პრობლემები აქვთ, ხოლო კლუბი და ცუდი სიტყვების ხმამაღლა თქმა ემსახურება მიზანს - ფსიქოლოგიურ განტვირთვას.
გვიშველეეეეთ!
ჩვენც მასწავლებლების დღეში ვართ. თან გვინდა, მკაცრი სახეები გვქონდეს, თან ვიგუდებით!
ეს კიდევ არაფერი!
უფროსობას, რომელნიც ერთმანეთთანაც და ბავშვებთან მუდმივად ეტიკეტის დაცვით, თავაზიანზე თავაზიანი ენით ვურთიერთობთ, უკანასკნელი შანსიც გამოგვაცალა!
მე გადავწყვიტე, ამ არასწორი მოქმედების გამო თავი დავისაჯოო, ორი დღე არა - ტელევიზია და “გაჯეტები”, ოცი წუთი კუთხეში დგომა და ერთი კვირა - არავითარი ტკბილეულიო!
დარწმუნებული ვარ, ასეც იზამს, ცოტა ტკბილეულზე მეეჭვება😁
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი