საღებავები ნათელა იანქოშვილისათვის
ნინო დარბაისელი საღებავები ნათელა იანქოშვილისათვის ჩემს თეოს ძალიან უყვარდა კახურად “ტკბილი” ქალბატონი ნათელა. გაჭირვების წლები ახალი დაწყებული იყო და მხატვარს პანიკური შიში ჰქონდა უფულობისა და არც მალავდა. ერთი ნამუშევარიც რომ გაეყიდა, სულს კარგა ხნით მოითქვამდა, მსურველი ცოტა როდი იყო, მაგრამ არა და არაო! თეო, ასე, ექვსი წლის იქნებოდა, პირველი სკოლიდან გამოვიყვანე და რუსთაველზე, ოპერის გადაღმა ნოტების მაღაზია რომ იყო, იქ შევედით, სადაც სახატავი რამეებიც იყიდებოდა. ვათვალიერებდით და ვოცნებობდით უკეთეს დროზე. ვხედავთ, “ტუბიკებიანი” საღებავების უზარმაზარი კომპლექტი დევს, რა ფერი გინდა სულო და გულო, შიგ მზა რომ არ იყოს, ფუნჯებიც კი მოჰყვება და რა ღირს?! - ტანსაცმლიანად რომ გავყიდულიყავი, არ მომივიდოდა. თეო მეუბნება: - დედიკო, ბევრი ფული რომ გვექნება, ამ ფერად საღებავებს ხომ ვუყიდით ნათელა იანქოშვილს, მარტო შავი აქვს ბევრი და მწვანეც სულ ცოტა დარჩენილი და ისიც უკვე უთავდებაო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი