,დიდ სიყვარულზე დაწერეო”- (მოგონება აკაკი ხინთიბიძეზე)
ნინო დარბაისელი ‘დიდ სიყვარულზე დაწერეო!’ (მოგონება აკაკი ხინთიბიძეზე) ე ს- ჩემი მესამე წერილია აკაკი ხინთიბიძის შესახებ, პირველი ორი გამოქვეყნდა დაახლოებით ათი და ოცი წლის წინ გაზეთებში ‘’კალმასობა’ და მგონი, „ლიტერატურული საქართველო“. სამწუხაროდ, იმ პუბლიკაციებზე ამჟამად ხელი არ მიმიწვდება, რადგან რახანია სამშობლოსგან შორს ვიმყოფები, მასზე მოსაგონარი კი ცოტა როდი დამრჩენია. ‘კალმასობაში’ გამოქვეყნებული იმ წერილიდან, ბატონ კაკოს რომ ძალიან მოსწონდა - სათაური-ღა მახსოვს - ‘’ოთხშაბათი პოეზიის დღეა’ და მართლაც ასეთი დღე იყო იგი ჩვენთვის, ლიტერატურის ინსტიტუტის ლექსმცოდნე თანამშრომლებისათვის, ბატონი კაკოს წყალობით.“ რა უცნაური, პოეტური წერილიაო’, მახსოვს, დააყოლა მაშინ მადლობასა და ჩემს შექებას. ამერიკელებს უყვართ ნაირ-ნაირი ტესტები. ერთი ასეთიც არსებობს: დახუჭეთ თვალები და პირველივე პიროვნება, ვინც წარმოგიდგებათ დაახასიათეთ ერთი სიტყვით: და აი, მე დავხუჭე თვალები, დავინახე ბატონი კაკოს მუდამ წყლიანი თვალები, ისეთები, თითქოს ტირილი რაღაც ამაღლებულზე ეს-ესაა მოილიაო; მისი საჩვენებელი თითი, ჰაერში მორკალულად, ოდნავ აწეული რაღაც სტრიქონის ან ციტატის წარმოთქმისას რომ სჩვეოდა და სიტყვა, რომელსაც ამ წარმოსახვას ვარგებ, არის ‘’კეთილშობილება’’. ვინმე გაკვირვებით იფიქრებს, ამხელა, ნაყოფიერ, სახელგანთქმულ მეცნიერსა და პედაგოგზე, ქართული ლექსმცოდნეობაში ერთ-ერთი კი არა და ერთადერთი უძლიერესი სკოლის შემქმნელზე, ამდენი წიგნისა და მონოგრაფიის, გამოკვლევების ავტორზე, გალაკტიონის რითმათა რვაასგვერდიანი ლექსიკონის შემქმნელზე ( ამასობაში ალბათ გამოიცა )საუბრობს და სხვა სიტყვა როგორ ვერაფერი უპოვა და შეურჩიაო. აქ იქნებ ამ დაზუსტებამ მიშველოს- მე არ ვყოფილვარ მისი მოწაფე, არ ვიზიარებდი ქართული ლექსის სილაბურობის კონცეფციას, მისი მრავალწლიანი ოპონენტის - აკაკი გაწერელიას გაზრდილი ვიყავი და ბოლომდე სილაბურ-ტონურობის პოზიციაზე დავრჩი და ამის მიუხედავად, არასოდეს მისი სითბო და ყურადღება არ მომკლებია. რაკი ლექსმცოდნეობის სკოლებზე ჩამოვაგდე საუბარი, ბარემ აქვე დავაზუსტებ, მათთვის, ვინც ჩვენი დარგიდან შორსაა. ქართული ლექსის ბუნება ჯერ ბოლომდე დაუდგენელია. ამას თავად ბატონი კაკო ხინთიბიძეც აღიარებდა და ცდილობდა, სხვადასხვა, მათ შორის, ინტერდისციპლინარული (მაგ. სინერგერტიკული) კვლევის მეთოდებისთვის გაეხსნა გზა ჩვენს სფეროში. დღევანდელი სათვალმჩენოდან, რეზიუმირებულად ასე იკვეთება - რეალურად, ქართულ ლექსმცოდნეობაში გვაქვს ერთი - სილაბური სკოლა, რომლის სათავეშიც იგია, თავისი გამოზრდილი სახელოვანი მოწაფეებით და ერთიც- სილაბურ-ტონური თეორია, რომელიც სკოლად არ ჩამოყალიბებულა და ამას თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზების მთელი წყება აქვს. ბატონი აკაკის მრავალწლიანმა რუდუნებამ დამარწმუნა, რომ რაიმე დარგში სკოლის შექმნას არასოდეს ეყოფა მხოლოდ საინტერესო თეორია,, მას სჭირდება თავიდანვე დასახული, სწორი სტრატეგია, მუდმივი მოთმინება, პედაგოგიური ალღო და გამოცდილება, შერწყმული კეთილშობილებასთან და ასე შემდეგ. ანუ სწორედ ის თვისებები, რომელიც მას ახასიათებდა. *** ერთი ლექსის ანალიზის ტრადიცია - ჩვენთან არ დაბადებულა. ამგვარი კვლევების პირველი, საქრესტომათიო ნიმუშები კოლმოგოროვის საერთო რედაქტორობით ჯერ კიდევ როდის გამოიცა. ამის კვალად ბატონი კაკოს მიერ მალევე მომზადდა ქართული კრებული ‘’ლექსი, მხოლოდ ერთი ლექსი’, მაგრამ მისთვის საქმე ამ საფეხურზე არ შეჩერებულა. პოეტური ტექსტის ფაქტობრივი პლანების კვლევის გარდა , ის ჩვენგან მუდმივად, რაღაც სხვას მოითხოვდა. ხშირად ვერც ვხვდებოდი, მაინც რას! მახსოვს ერთხელ რაღაც გამოკვლევის წაკითხვა ვთხოვე. უარი არ სჩვეოდა, მაგრამ რომ დამიბრუნა, მითხრა, ჩავთვალოთ, რომ ეს პირველი და აუცილებელი საფეხური დაძლიე, მაგრამ შენ- პოეტი ხარ და მეტი მოგეთხოვება, ახლა წაიღე ეს გამოკვლევა, დაიდე და ეს ყველაფერი ისე გადმოეცი, პოეზიის მოყვარულმა მკითხველმა დაიწყოს და ბოლომდე ისე ჩავიდეს, არ მოიწყინოსო. რა გრძნობა დამეუფლა?!- რაღაც ისეთი, აი, რომ გგონია, რომ რაღაცას, როგორც იქნა, მოვრჩიო და თურმე ნუ იტყვი და, არაა საკმარისი! დავღონდი, მაგრამ რაღას ვიზამდი, ვიფიქრე, ვიფიქრე და ასე დაიბადა ჩემი წერილი ‘’ წერილები დენიელს N5 (მუხრან მაჭავარიანის ‘’საბა’), რომელიც მერე მართლა ძალიან მოეწონა და არა მხოლოდ მას, თუმცა ეს - უკვე სხვა მოგონებების თემა , ამიტომ აქ შევჩერდეთ! ერთს დავამატებდი მხოლოდ, მას შემდეგ ჩვევად დამრჩა. ჯერ ვწერ ლექსმცოდნეობით გამოკვლევას, რომელიც საკმაოდ მოსაწყენია გარე თვალისთვის და მერე მასზე დაყრდნობით ვქმნი რაღაცას ადაპტირებულს, საშუალოს - ესსესა და გამოკვლევას შორის, მაქსიმალურად კომუნიკაბელურ ტექსტს, გათვლილს რიგითი მკითხველის ყურადღების მართვაზე და ცხადია, ყოველი ასეთი მუშაობისას ბატონი კაკოს კეთილშობილი სახე მიდგას თვალწინ. ამ კეთილშობილებას პრინციპულობა უნდა დავუმატო აქ, თორემ პორტრეტი ცალმხრივი გამომივა. *** ხანდახან მგონია, რომ ბატონი აკაკის გონებაში პოეტები არ სახელებითა და გვარებით ან კრებულთა და ლექსთა სათაურებით, არამედ მათი ლექსის სტრიქონებით იყვნენ დაფიქსირებულ დალაგებულნი. მაგალითად, წამით შემოიხედავდა ჩვენს ოთახში დალილა ბედიანიძე და გაქრებოდა, ბატონი კაკო დაგემოვნებით იტყოდა ‘’ეს მე კი არა, ღმერთს უყვარხარ ჩემში გადმოსულს, ქალებს ასეთი სიყვარული არ შეუძლიათ’ დათო წერედიანზე ამბობდა ‘’ გაგიღო კარი შვიდივე, არ შემიყვარებ? არა!’, მანანა ჩიტიშვილზე ‘’ ვაზთან თითოჯერ მოიხარონ’ .ანა კალანდაძესთან მრავალწლიანი გულითადი მეგობრობა აკავშირებდა. ერთხელ მასზე ვსაუბრობთ, მურმანის ლექსი გამახსენდა და წარმოვთქვი: -’’რომ კვლავ ჩვენთან დადგეს ჩვენი შნო და ძალა პოეტების დაი, დედოფალი ანა!’ შემისწორა ‘დედოფალი” არა, “მგალობელი” უწერია მურმანს და ’‘დედოფალი’ პირველმა მე დავარქვი, კლასელები ვიყავით, მაშინ ჯერ არავინ იცნობდაო. მერე მოაყოლა “თქვი, არჯაკელო ხვიარა’.. *** გალაკტიონისადმი მის უპირობო სიყვარულზე რომ არაფერი ვთქვა, არ იქნება სწორი. ხომ ამდენი გამოკვლევა უძღვნა, მისი მუქლურჯყდიანი ‘’გალაკტიონის პოეტიკა’ ხომ ისეთი წიგნია, ვერცერთი ლექსმცოდნე და პოეზიის მოყვარული რომ ვერ აუქცევს გვერდს, ‘’მოგონებანი გალაკტიონზეც ‘ ხომ გამოსცა, რაღა უნდა ვუთხრა ქართველ მკითხველს მეტი! გალაკტიონს რომ ქრონიკული ალკოჰოლიზმი სჭირდა, ვისთვის რა საიდუმლოა! ბატონ კაკოს კი საამისოდ მაინც არ ემეტებოდა, ამბობდა, სიმთვრალე- ეს მისთვის ნიღაბი იყო, რომ არ შეეწუხებინათო. არსებობენ მოწმეები, ღვინოს ხელისგულზე ისხამდა და წვერზე ისვამდა, ასეა საჭირო, გარეთ რომ გავალ, მთვრალი უნდა ვეგონოო. იქნებ ზოგჯერ ასეც მოქცეულა გენიოსი პოეტი, ვინ იცის! თვითონ ბატონი კაკო კი ამ სცენას ისე ცოცხლად წარმოგვიდგენდა, სახეზე ხელს ისე მოისვამდა, იმწუთას ვერავინ გადამარწმუნებდა, რომ მართლაც ასე არ იყო! *** რამეს რომ გამოვაქვეყნებდი, ერთი სული მქონდა გამეგო, რას მეტყოდა. ვიცოდი, წაუკითხავს მარტო ჩემსას კი არა, ირგვლივ არავის ლექსს არ ტოვებდა. ერთხელ ასეთი ლექსი გამოვაქვეყნე - დიოტიმა’. მთავრდებოდა სიტყვებით ‘’არ არის ქვეყნად სიყვარული და არც ცაშია“, მითხრა, ფორმა კარგია, მაგრამ თვითონ ლექსი არ მომეწონაო, როგორ არ არის ქვეყნად სიყვარულიო. შემდეგ ლექსს შენგან - ამის საწინააღმდეგოს ველოდები, დიდ სიყვარულზე დაწერეო! დავპირდი, მაგრამ ვერ შევუსრულე. მე - ამერიკაში ვიყავი, როცა გარდაიცვალა და ალბათ ამიტომ სულ მგონია, ერთხელაც ამიხდება სიზმარი, რომელიმე ოთხშაბათს ძველებურად შევაღებ ლიტერატურის ინსტიტუტის კარს, გავუხვევ მარცხნივ და ისევ იქ დამიხვდება, ჩანთაში - იმ სტატიებითა თუ წიგნებით, თავის ბიბლიოთეკაში რომ შეხვდა და ჩათვალა, ეს ნინოს დასჭირდებაო. როგორ მინდა ახლა დავწერო, ასეთი განსაკუთრებული ყურადღებით მხოლოდ მე მანებივრებდა-მეთქი, მაგრამ არ გამოვა მართალი! დანარჩენებისთვისაც ასეთი იყო იგი, მოწაფეებისა თუ არამოწაფეთა მიმართ, ვისაც პოეზიასთან რაიმე შეხება ჰქონია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი