სმაბოზიუმი
#მემორია
ნინო დარბაისელი
სმაბოზიუმი
(უმცირესი მოგონება თამაზ ბაძაღუაზე)
ჩემი თაობის - შემოქმედებითი ახალგაზრდობის გაცნობა-დამეგობრების ერთ-ერთი მესაფუძვლე მაშინდელი კომკავშირის ცეკა იყო… აბა, წავიდა დამუნათება, დარბაისელი ტოტალიტარულ რეჟიმს მისტირისო … და სტოპ! … კომკავშირის ცეკას სათავეში ჟიული შარტავა ედგა და მისი თაოსნობით, წელიწადში ერთხელ, ბაკურიანში საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების შემოქმედი ახალგაზრდობის ერთმანეთთან და უფროსთაობელებთან დასაკავშირებლად, შემოქმედებითი სიმპოზიუმები იმართებოდა.
დღემდე გვეყოლებოდა ერთმანეთი მეგობრად, უკეთეს ქვეყნად რომ არ იყოს დღეს მრავალი მათგანი, ადრე წასვლის მიუხედავად, ღირებული კვალი რომ დაამჩნიეს ჩვენს კულტურას….
ჩამოვთვლიდი კიდეც აქ მათ ძვირფას სახელებს და იქნებ ცრემლიც მედინებინა მკითხველისათვის, მაგრამ ჩემი თავის ამბავი რომ ვიცი, ვინმე ისეთი გამომრჩება, ბევრს რომ ვატკენ გულს. ცოცხლად დარჩენილებს - დიდი დღე მისცეს ღმერთმა!
რას ვიზამთ, ასეთი ტრაგიკული თაობა გამოვდექით!
არადა, როგორები ვიყავით, არა?
ეს სიმპოზიუმები სამ დღეს გრძელდებოდა. თითქმის უცხოები მივდიოდით და უკვე უახლოესები ვბრუნდებოდით. თავიდან, გამგზავრებისას, ავტობუსებში მოხერხებული, საუკეთესო ადგილის დაკავებაზე ერთი ამბავი იყო, ვის ვის გვერდით უნდოდა დაჯდომა და ვისგან მოშორებით, აი, უკანა გზაზე კი - ვინ სად და ვისთან იჯდა, აღარ გაიგებოდა.
წესი იყო, ჩამოსვლის მერე მოკლე ანგარიში წერილობით უნდა ჩაგვებარებინა, მგონი რაღაც ოქმისთვის, მწერალთა წრის მაშინდელი ხელმძღვანელის - ბატონი ტარიელ კვანჭილაშვილისთვის.
ბიჭები დასალევად მიდიან. მე თამაზ უარს ვეუბნები, ვერ წამოვალ, ტარიელისთვის ანგარიში დასაწერი მაქვს-მეთქი.
მოკლეო?
ჰო, ყოველი დღე ცალკე უნდა დავახასიათო და ბოლოს დასკვნა- მეთქი.
გინდა უცებ დაგაწერინოო?
ჩაიწერეო და დაიწყო:
დღე პირველი - სიმპოზიუმი - ხალხი ჯერ ერთმანეთს არ იცნობს, ყველა სიმპატიურია, პოზა უჭირავს.
დღე მეორე - სხდომების მერე ქეიფია, მთელი ღამე შამპანურები წვიმს, გოგოები მაინც ახერხებთ პოზის შენარჩუნებას, ესე იგი, გადავედით სმაპოზიუმზე;
დღე მესამე - სმა გრძელდება, ერთი რია-რიაა, ვინ სადაა, რას შვრება და რატომ, ვეძებთ ერთმანეთს ჯგუფის წევრები და ჩვენ თვითონ ვიკარგებით, ანუ ვამთავრებთ სმაბოზიუმით,
რომელიც გაგრძელდება აქაც.
რა შეგვძინა ბაკურიანის გამოცდილებამ?!
ის რომ:
ადამიანი ცხოვრებაში ერთადერთხელ თვრება და იმის მერე სულ პახმელიაზე გამოდის!
იმ საღამოს მახსოვს, ჩვეულებისამებრ, დავეხმარე ჩვენს ბიჭებს ,,პახმელიაზე გამოსვლაში”, რუსთაველზე, რესტორან ,,თბილისში”, ერთი ჩვენგანის იოსებიძის ქუჩაზე მცხოვრები ბიძაშვილის ფანჯრიდან გადმოგდებული ფულით.
თამაზმა იცოდა, ნაცნობ მიმტანს მოიკითხავდა, ცალკე თავიდანვე დაელაპარაკებოდა, სულ ამდენი და ამდენი გვაქვს და ,,ჩაევოიანად” ამაში უნდა ჩაგვატიოო.
არ მახსოვს, ეთქვათ, ვერაო და ამის მერე, როგორც მურმანი იტყოდა:
მთვრალი პოეტების იყო კარნავალი,
სიმხნევე ლექსით და სიმხნევე ღვინოთი…
არ გეწყინოთ, რა, დღეს სამოცს კარგად გადაცილებულო ქართული კულტურის ამაგდარო მოღვაწეებო, ჩემთვის ისევ ის ბიჭები ხართ!💖
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი