ქოლგა და ეიზენჰაუერი


#პროზა

ნინო დარბაისელი
 
  ქოლგა  და ეიზენჰაუერი

   ხელმოკლენი რომ  მთლად შუაგული ამერიკიდან  საფრანგეთში  - პარიზსა და ნორმანდიაში,   მდინარე სენაზე კრუიზს ცოტა არ იყოს, ერიდებიან, არ მგონია, ამას  დიდი  ახსნა სჭირდებოდეს.
   ესეც არ იყოს, მომუშავე,   თუნდაც საშუალო ასაკის  ამერიკელი   სამსახურს  ამდენი ხნით ხომ ვერ მიატოვებს, არა? მისი წლიური შვებულება ხომ გაცილებით მოკლეა.  ამის მცოდნეს, 
    მზა კრუიზში  უცებ გამოჩენილი ადგილის  დამკავებელს წესით, არ უნდა გამკვირვებოდა, რომ სხვადასხვა გზით ჩვენი ჯგუფის წევრები  - წყვილები თუ კენტები -   ყველანი სამუშაო ასაკს  კარგად გადაცილებულნი იყვნენ და არცთუ  მცირე მათგანი,          პოლიტკორექტულად რომ ვიმეტყველო,  სხვადასხვა სახეობის ბორბლებიან სავარძელს მოიხმარდა. ორიოდე მათგანს საკუთარი,  ახალგაზრდა მომვლელიც თან ახლდა და მგონი,  ერთს საკუთარი…  რა ჰქვია ახლა? თმის სტილისტ- დიზაინერიც  თან წამოეყვანა. 
    ბუნებით ადამიანი მაკლასიფიცირებელი  არსებაა. განსაკუთრებით ქალი  და კიდევ უფრო განსაკუთრებით - ჩემნაირი.
 იგი   საგანთა მოვლენათა და არსებათა უბრალო, უწესრიგო  სიმრავლეს  ვერ ეგუება და ყველაფრის   დახარისხების, დალაგებისკენ  მიისწრაფვის.  
   ვფიქრობ: აქ ყველა  - დაახლოებით ერთი  ასაკისაა,  ერთი სტილისა,  თმები და ფრჩხილები -  ყველას იდეალურად მოვლილი, კბილეულობა- ჩაწიკწიკებული, თავაზიანად, ზომიერად მოღიმარები, ძალზე ხმადაბლა მოსაუბრენი,  უხვად    ასხმული  ძვირფასეულობა,   ტანსაცმელი  - ბრენდული კი არა, ბრენდსზემოთური,  კომფორტული და  აკვარელურ ფერში აწყობილი,  სუნამო? ჰო, აქ  უძვირფასესი, მაგრამ ვადაგასული სუნამოები არ დამავიწყდეს!       ჯგუფად თუ დგანან, ჰაერში სუნი ერთ სიმძიმედ რომ ირევა.   
      მე მართლა თეთრი ყვავივით ვიყავი ჩემი ჰაიჰარობის წყალობით, თმა - მოკლეზე მოკლედ შეღიჯნილი,   უსაფრთხოებისთვის - ყალბი ბრილიანტები,   სულ დაკრეჭილი…  დანარჩენი მკითხველმა შეავსოს!
-  მომსახურება ?! -  აი, რომ დაჯდებოდი, მიმტანები  გვერდულად მოგიდგებოდნენ, ისე რომ არ შეგხებოდნენ,  აისბერგივით დაყენებულ თეთრ ხელსახოცს აიღებდნენ შენი თეფშიდან, ოდნავ დაიქნევდნენ,  რომ ოთხადმოკეცილობა გახსნილიყო და  კალთაზე თავისი ხელით ისე  გაფენდნენ.   თავი ბავშვი გეგონებოდა.  რამდენ ყლუპსაც მოსვამდი ჭიქიდან, იმდენივეს დაუყოვნებლივ გიმატებდნენ . შამპანურები და ფრანგული ღვინოები - სავსე. 
ცნობისათვის  ჩვენი წყვილი ალკოჰოლს საერთოდ არ ეტანება, ტყუილად გადაგვაყრევინეს იმდენი  ფული სასმელებში, ცალკე იყო შეტანილი.
 რაო? რა ბრძანეთ?! აა. საჭმელი, არა? წინ უძვირფასესი ფრანგული მენიუ გვედო, რომ კითხულობ, კითხულობ და ცრემლისყლაპვით ფიქრობ, ნეტა,   უცებ აქედან გამაპარა, სადმე , “ მაკდონალდსში”    ჰამბურგერებით მაინც ამომავსებინა კუჭიო.
ყველანი მისტერ დევიდზე ჩურჩულებენ. ვიღაცამ დამანახვა კიდეც. სიმპათიური, სათვალიანი კაცი იყო, ჩემზე  უფროსი იქნებოდა, ასე, ერთი თაობით.
 
***
    ყოველდღიური “აქთივითების”  პროგრამა  რომ წავიკითხე, გავარკვიე  - პროფესორ დევიდ ეიზენჰაუერს მეორე მსოფლიო ომის შესახებ ორი ორსაათიანი ლექცია უნდა წაეკითხა ჩვენთვის, ყველასთვის და… დედაია, რა უცებ გამოიცანით, ძალიან  მაინტერესებდა, გამიხარდა და სულმოუთქმელად ველოდი. დარწმუნებული ვარ, თქვენც გული არ გითმენთ, გაიგოთ, მაინც რაო.
     რაო და, ჩვენ,   ყოფილი საბჭოთა კავშირელები რომ “დიდ სამამულო ომად” მოვიხსენიებთ, ყველა დანარჩენი  კი “მეორე მსოფლიოს ომს” რომ  უწოდებს, ძირითადად ინგლის-ამერიკას-კანადას მოუგია… სიმართლე სადაა? ალბათ სადღაც შუაში.
 ომის მონაწილეთა ხსოვნის  დასავლური და საბჭოური კულტურა ისეა განსხვავებული, როგორც ცა და დედამიწა. 
    ბარემ აქვე ვიტყვი, ამ მხრივ  ძალიან ბევრი გვესწავლება და ნურასოდეს იმართლებს ვინმე თავს, სხვას მეტი ფული აქვს და ყველაფერი უკეთესად იმიტომ შეუძლიაო.
     ფული - ისევე, როგორც ყველაფერს,  კულტურასა და შესაბამისად, ქველმოქმედებასაც ძალიან   აადვილებს, მაგრამ  მთლიანაც ვერ მოიცავს მას და ყველაფერსაც  ვერ ენაცვლება.   ვიდრე არსებობს ადამიანი და მისი უანგარო სურვილი,  აქციოს დედამიწა უკეთეს ადგილად…
 დიახ, ჩემო კარგებო,  ამდენი ლექციების მოსმენაში მეც კაჭკაჭივით ვიმეორებ წამოკრეფილ  კლიშე-ფრაზებს. თქვენ რა დააშავეთ, რომ უნდა მისმინოთ, თორემ ასეთი კიდევ ბევრი ვიცი.

    
     შემდეგი ლექცია -   იმის მერე გვექნება, ზეგ ნორმანდიაში “დი დეის” ადგილებს რომ ვნახავთ და იქ დაღუპულებს პატივს მივაგებთო, გამახარეს. 
  ეს “დი დეი”  რაღაა, ჩემი არ იყოს, ბევრ თქვენგანს არც გაუგია.
  ისტორიული დღეა ასეთი. ერთ დღეს (6 ივნისი 1944 წლისა)   10 000 მებრძოლი რომ დაიღუპა ოკუპირებულ საფრანგეთში, ნორვეგიაში  როცა ინგლისის, კანადისა და აშშ- ს გართიანებულმა ძალამ  ფაშისტურ გერმანიას  დიდი  მარცხი აგემა.
    დილიდანვე ყველგან  საშინელი ნისლია,   ცივად,  გადაუღებლად  წვიმს,  თან ისეთი ქარია, დილისპირზე ჩვენს გემს აკვანივით ისე აქანავებს  ძილიდან ვეღარ გამოსულხარ ადამიანი.
    წავედით ავტობუსებით  “დი დეის” ადგილების სანახავად.
     რომ გითხრათ, ძალიან მაინტერესებდა-  მეთქი, აი, ძალიან მოგატყუებთ.  რამდენადაც კულტურის ისტორიის ამბები მიზიდავს და  არ მომწყინდება,  იმდენადვე  ვერ ვიტან ამ სამხედრი რაღაცეებს. თან  სად  - უკან დატოვებული პარიზი და სად  -  ავდრიანი , ტრიალი მინდორი და სანგრები,  სად - ოქროს ვერსალი და სად  - კლდის ნაშალი, მაგრამ როცა ჯგუფთან ხარ,  სხვა რა გზა გაქვს!ცხოვრობ ჯგუფის წესებით. სანახავთან  გიჩერებენ - უნდა დაათვალიერო, 
ტუალეტთან გიჩერებენ,  რიგში  უნდა ჩადგე.  მოკლედ, არა ხარ ინდივიდი, რა!
ინდივიდობა - შინ!
ისიც  მაშინ - თუ გაგდის  ამდენ შინაურ ინდივიდში!

გრძელი სიტყვა მოკლედ!
დასათვალიერებელი დავათვალიერეთ,   სულ “ემეიზინ, ემეიზინის” ძახილით,  უფრო ახალგაზრდებმა ქულლ,  ქულ” ავაყოლეთ საცალფეხო სანგრებში ძრომისას, ფოტოები ვიღეთ თავიდან ფეხებამდე სველებმა და აძაგძაგებულებმა.
    მიკროფონები  რომ გვკიდია გულზე,  იქიდან გამოგვიცხადეს.  თუ შეიძლება, ყველანი - ზემოთ! ახლა მემორიალი გვეწყებაო. 
ავედით და დაიწყო კიდეც.
ახლა რა სურათია:
  მისტერ დევიდი დგას,  უკნიდან ორ ადამიანს მის თავზე ქოლგები უჭირავს და ვერც უჭირავს.  ქოლგას   ქარი კეცავს, ლამისაა ხელიდან  გასტაცოს. მისტერ დევიდს, (  აქამდე არ მითქვამს თქვენთვის ვინაა, ამ მომენტისთვის შემოვინახე,  რომ გამეოცებინეთ, მთლად პრეზიდენტ ეიზენჰაუერის შვილიშვილია).  ხელში  გაშლილი ქაღალდების უზარმაზარი დასტა ხომ უჭირავს, დასტის შიგნით კიდევ ორად მოკეცილები მოუჩანს.
   ერთი ძალიან ცუდი თვისება მაქვს. მომხსენებლის ხელში ქაღალდის ფურცლებს რომ დავინახავ, სულ ვითვლი და ვანგარიშობ, რამდენ  ხანში მორჩება კითხვას. 
   აქ კი იმდენია, როგორ გინდა დათვალო. მისტერ დევიდი აცხადებს,  ჩვენი  დღევანდელი მემორიალური ღონისძიების მიზანია, პატივი მივაგოთ იმ ადამიანებს, ვინც აქ  დაეცა და ასევე, მადლობა გადავუხადოთ სპონსორებს, რომელთა სიუხვემაც შესაძლებელი გახადა  ამ ადგილის ასე კარგად მოწყობა, დასასრულ, გვირგვინით შევამკობთ  აქ დაღუპულთა სამახსოვროდ აღმართულ სტელასო.
  რა მესტელება! სიცივით ვკვდები.
დაიწყო  მომხსენებელმა ნელა, დაგემო ვნებით კითხვა ყოველი ფურცლისა,  თავიდან ბოლო წერტილამდე. 
    სტილი - ერთია დაცული: რა ერქვა მეომარს, რა სამხედრო რანგი ჰქონდა, არის თუ არა რაიმე ცნობა ან გადმოცემა, ამბავი მისი საბრძოლო მოქმედების ან დაღუპვის  შესახებ,  ვინ არის   სპონსორი,  რომელმაც ესა და ეს თანხა გაიღო,   თუ  აღსანიშნად საჭიროდ მიაჩნია, რა საქმიანობას ეწევა და რა  ნათესაური, მეგობრული ან სხვა რამ კავშირია მასსა და  მისი სპონსორობის წყალობით  დღეს მოხსენიებულ სამხედრო პირს შორის. 
 ვუსმენ და არც ვუსმენ, ფურცლები არა და არ ცოტავდება, აქეთ-იქით ვიყურები და ვფიქრობ,   ნუთუ არავინაა მასთან ისე ახლოს, რომ მიაწოდოს აზრი, მარტო სპონსორის  გვარსახელი თქვას და ვის ხსოვნას უძღვნის შემოწირულ თანხას, გვეყოფა! 
არააა, შენც არ მომიკვდე!
  განაგრძობს იმავე ტემპით და მე სადაცაა,  გავითიშები!
 უცებ შევნიშნე,  რომ ფურცლის კითხვას რომ იწყებს, აქა-იქ  მდგომი ქალბატონები  სათითაოდ პირს აყოლებენ, ზეპირად ამბობენ იმავეს. ერთგან რაღაც ვერ ამოიკითხა უკვე დასველებული ქაღალდიდან, გამოგვეყო ერთი ლედი და მის ნაცვლად გააგრძელა. 
    ბოლოს ყველაფერი მთავრდება.
    გამოილია ფურცლებიც მისტერ დევიდის ხელში და ყვავილების გვირგვინი დაგვრჩა დასადები ადგილზე. ისიც დავდეთ.   ფოტოებიც  ბევრი გადავიღეთ. 
    როგორც იქნა, გავარკვიე, რომ ეს ჯგუფი  სპონსორებისაა და ყველანი რაღაც სახის შთამომავლები არიან აქ დაკრძალულებისა. ავტობუსებისაკენ მივემართებით. 
   რაც ძალი და ღონე მაქვს, მივაგორებ იმ ცისფერებიანი ქალის ბორბლებიან ეტლს,   წაკითხულს ტუჩებს რომ აყოლებდა. მიჭირს,  მინდა ტუალეტში შერბენაც მოვასწრო და ქალი მეუბნება:  
   სხვა შემთხვევაში გთხოვდით,  ასე ჩქარა არ გეტარებინეთ, მაგრამ ამიერიდან  შემიძლია,  მშვიდად ვიყო.   მოხდა ისე, რომ ოჯახი - არ შემიქმნია, შთამომავლობა არა მყავს, მთელი ცხოვრება  ნერსად ვიმუშავე, სულ ვაგროვებდი ფულს, რომ მამაჩემის ხსოვნა უკვდავმეყო,  მისი საფლავის ნახვა დღეს პირველად შევძელი.    ახლა უკვე  სახლიც  გავყიდე,    აქედან რომ ჩავალ  მოხუცებულთა სახლში მაქვს ოთახი გამზადებული. აქ ვინცა ვართ “ჰერიტიჯის”  წევრები, თითქმის ყველანი ასე ვართ. დანარჩენებიც  სხვადასხვა ჩვენნაირი საზოგადოებებიდან არიან, საერთოდ,  ეს  კრუიზი “დი დეის” შთამომავლების მოწყობილია. ორი წელი ვემზადებოდით. რამდენიმე  ადამიანი დაგვემატა თქვენსავით, რადგან  ამასობაში გარდაცვლილთა ადგილები   შესავსები გვრჩებოდა…
წეღანვე თვალში მომხვდა, ერთი გალეული ქალი მოგვყვება, მიახლოვდება,  გაზეთის სტატიას  მიჩვენებს და მეუბნება:
ჩემი ბრალია,   დროულად ვერ მოვასწარი მისტერ დევიდისთვის ამისი მიწოდება და  ვერ წაიკითხა, ეს ფოტოიანი წერილი მამაჩემზეა, აქ დაიღუპა გმირულად, წაიკითხეთ, თქვენ მაინც იცოდეთ!
მე წერილს ფოტოს  ვუღებ და  ვპირდები, რომ აუცილებლად წავიკითხავ.

    ვგრძნობ, ჯერ ცხვირში  როგორ შემიღუტუნა ცრემლმა, ახლა დამალვას აზრი აღარა აქვს, წვიმაშიც მეტყობა, რომ ვტირივარ.  აღარც გაჭირვება მახსოვს. 
   ეტიკეტი  ხომ მოითხოვს,  თუ სადმე ხარ და  ვინმე ცნობადი სახეა, არ შეიმჩნიო, ყურადღებით არ  შეაწუხო.  მასთან ფოტოს გადაღება ხომ დიდი,  წითელი ,,არაა!” 
რად მინდა ეტიკეტის  ზედმეტი ცოდნით თავი რომ დავიჩაგრო! 
   მივდივარ პირდაპირ მისტერ დევიდთან და ვეუბნები, სასწრაფოდ თქვენთან სურათი უნდა გადავიღო- მეთქი! დაბნეულს ეღიმება. ვიღებთ! 
(დოკუმენტური სიზუსტისათვის: იმან არ ივარგა და  მერე გემზე, დაწყნარებულზე გადავიღეთ ახლიდან)
მის მეორე ლექციაზე უკვე  პირველ რიგში ვზივარ და ყველა სიტყვას ვყლაპავ. 
ვპირდები, რომ ამ მოთხრობას ინგლისურად ვთარგმნი და გადავუგზავნი.
 რას იტყვით, გამომივა?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი