იასამნის გამქრალი სურნელი


ნინო დარბაისელი

იასამნების გამქრალი სურნელი

   ჩვენს ახალგაზრდობას რომ ვიხსენებ.     დღევანდელი თაობა რაღაც,  დუნედაც კი მეჩვენება. 
    ისეთი “მინი” მეცვა პირადად მე, (ამსისქე კი არ დავიბადე, მაშინ 50-52 კილო ვიყავი, ბატონო!) ინგლისურის მასწავლებელი (მ.რ.) მეხვეწებოდა, ერთი სანტიმეტრით მაინც დააგრძელე,   ვინმეს ცოდვა არ დაიდო, დავითაშვილზე რომ ამოდიხარ, შენს ყურებაში შეიძლება, კისერი მოეღრიცოს და  ავარია მოუვიდესო.
    ზამთარში - მთლად ქაღალდის,    ოღონდ გასანთლულივით, რაღაც “ზმეიკიანი” “კურტკები” - იმ ყინვაში,  თეთრი, ზედ ნახატებით და წარწერებით,  ფეხებზე - თხელი-თხელი “კალგოტკები”, მაღალქუსლიანები - ჩანთაში!
    როგორ არ გვციოდა!
   ერთხელ ჩემმა კლასმა გადაწყვიტა, პირველ აპრილს გოგოები გრძელი კაბებით მივიდეთო და     პროტესტად ჩაგვითვალეს,  დირექციაში ჩაგვიყვანეს, ლამის კლასი დაგვშალეს,  გახსოვთ,  კლასელებო?
    სკოლასთან მიახლოებულზე, სადმე სადარბაზოში ჩქარ- ჩქარა გადასმული “დერმაკოლი”,  “რუმიანა” და “ბლესკი”? 
მერე წითელი “პუპა” რომ გამოვიდა, დონე?!
   კონიაკის  წრუპვა ( ვამბობდით - ღვინო - ქაჯებისაა!)  და ყურებიდან ბოლის გამოშვება ჩაკეტილში -  ხომ ჩვენი მოგონილი იყო.
და არა მხოლოდ…
    “შატალო” როგორაა ქართულად?
პირველსაათიან სეანსს ვინ გააცდენდა კინო თბილისში”!   “სწავლით დაღლილები” მეხუთე-მეექვსე გაკვეთილზე ვიჯდებოდით? მეტი საქმე არ გვქონდა!
  გახსოვთ? - ერთხელ “ჩემი ძვირფასი კლემენტინა” ერთი თვე გადიოდა და  ისე ვიცოდით დიალოგები ზეპირად,  ახლაც  მაგონდება:

 რომანტიკული  შეხვედრა.
 თვალებმილულული ქალი:
-  პრიშლა ვესნა! ი, ოტკუდო ტა ვეეტ სვეჟიმ არომატომ  სირენ!
კაცი - გაპარსულ სახეზე  უხერხულად ისვამს ხელს:
“-ეტო ოტ მენია - პარიკმახერ!”

ის გახსოვთ?!- “აბლავები”!
შუქი რომ აინთებოდა და სასწავლო ნაწილები სათითაოდ აცხადებდნენ:
140- ის  მეათე პირველი - გამოდით!
130-ეს მეცხრე მეორე - ორად მოეწყვეთ და ისე  გამოდით!
147 - ელებო, მანდ არ ამოგვიყვანოთ, კიბეებზე, თქვენთვის უარესია!
35 - ელებო! -  თქვენ ვის ზურგს ეფარებით მანდ, ერთ წუთში დაბლა იყავით! (ეს ორ ენაზე ცხადდებოდა, რუსულ-ქართულად. (ფეხბურთელთა სკოლა იყო, ნარევი).

    დილას სკოლის დაწყების წინ დიღმის “ალეაში” სხვადასხვა სკოლის ბავშვები ”გრუპებად” რომ ვიკვრებოდით, ,,აბშიაკიდან” რომ ვიღებდით,  იმის მიხედვით, ვინ სად მივდიოდით.
ჩანთებს ეგრევე, ალეაში ძელსკამების ქვეშ რომ ვყრიდით?
მე -   ამ მხრივ,  დიდი პრივილეგია მქონდა და ჩანთას ჯიხურში, გაზეთების გამყიდველს ვაბარებდი, რადგან მისი  მუდმივი კლიენტი ვიყავი. 
 არ თქვათ ახლა, უფულობის მომენტი რომ ჩავარდებოდა,  სამოცი ნომრის ,,კრუგებზე” არ მივლიაო.
    და   დილიდანვე  სხვადასხვა სკოლის გაკვეთილებიდან გამოპარულების   საერთო “პიკნიკები” დიღმის ტყეში?! 
   ცელოფანის ყურებიან პარკებშივე გარეცხილი ბალი და ალუჩა!, ძირს რომ ვუხვრიტავდით პარკებს, რომ დაწრეტილიყო?
 რას ვუსმენდით? ძირითადად ჯეგერსა და ბითლზს,  აბბას…   მირეი მატიეს და კაცს რა ერქვა, ჰო, ჯო დასენი,  იტალიელებიდან - ჩელენტანოს, კიდევ ვიღაც ტოტო კუტუნიოს, იყო დოლი პარტონის მათკუთხა … რა ერქვა? კასეტები?
   დიდძუძუებიანი საბრინა - შედარებით, გვიან იყო, თუ არ მეშლება.
   ნამცხვრები - ნაპოლეონი, იდეალი, სენატორი,  სეზონზე - მარწყვის ტორტი.
     ტელეფონზე შემაწუხებლები - ოხრად!
   ნომრის ამომცნობი ტელეფონები -  სულ ახალი ხილი! ერთი დიდი  თხოვებ - გადათხოვება?!
   ჩვენი ჩანგლობები და ჭიპხახუნები ნახევრად ბნელში?
     დისკოტეკებზე - ცეკვა - დავარდნამდე?!
   ხომ არ იცით,  სად გაქრა ეს ყველაფერი? 
    როდის შევიცვალეთ? 
     ასე როდის დავბერდით?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი