მზეზე გამომცხვარი იმერული ხაჭაპურები ანუ ჟორჟოლაძეებო, მიშველეთ!


#რეცეპტები
#მემორია

ნინო დარბაისელი

მზეზე გამომცხვარი იმერული ხაჭაპურები ანუ ჟორჟოლაძეებო, მიშველეთ!

   ეტყობა, იმერული გენი აყივლდა ჩემში. დილისპირზე, ჯერ კიდევ სიბნელეში გაღვიძებული  სულ ბებიაჩემის ნინა ჟორჟოლაძის  ხაჭაპურებზე  ვფიქრობდი, სკოლაში წასვლამდე დაცემა-სურნელებას რომ დაატრიალებდა  მთელ სახლში სამზარეულოდან. 
   არ გამთქვათ და იქვე,   სამზარეულოში, სადაც ხაჭაპურს კბილების  სადილაო გამოხეხვამდე, ფეხზე დამდგრები გეახლებოდით, უკვე პაპაჩემის  “უკვდავების წამალი “ -  მის მიერ  სპეციალურად ჩვენთვის  საგარეჯოდან ჩამოტანილი, კუმპალ-კუმპალ დარჩეული  შავი ყურძნის ქინძმარაულიც გველოდებოდა, წელში გამოყვანილი, პატარა  ოქროსკანტიანი ჭიქებით, ავსებამდე ერთი ცერის დადება რომ აკლდა.
   სულ ღიღინ-ღიღინით მივდიოდით დები სკოლაში და ვიდრე არ გამოგვნელდებოდა,  ასე, სამი გაკვეთილი,  სულ ოქროს ხასიათზე ვიყავით.
   ბოლო გაკვეთილებზე ცოტა ჭირდა გაძლება, მაგრამ იქამდე ვინ დაიცდიდა,  ოთხის მერე პირველი საათი ახლოვდებოდა და კისრისტეხით უკვე “შატალოზე” გავრბოდით დანარჩენებთან ერთად, კინო ,,თბილისში”. (ბილეთი -25 კაპიკი ღირდა და როგორც მუდმივებს, უფასოდაც ხშირად გვიშვებდნენ,  არ იყო პრობლემა! მერე მივცემდით, როცა გვექნებოდა).
   ნინას  გულით უნდოდა, მაინცა და მაინც მე მესწავლა მისგან ნამდვილი იმერული ხაჭაპურის საიდუმლო,  შენი იმედი მაქვს ამ საქმეში, თვარა ანასგან -  მზარეული არ გამოვა, მცხობელობაზე -  ხომ ლაპარაკიც ზედმეტიაო, ამბობდა და ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი და ნანატრი!

ცომი:
 ნახევარ-ნახევარი რძე  და წყალი,  ჭიქა ნახევრამდე არმისული. 
   რძე - ცოტა შემთბარი, 
წყალი- ნეკაზე რომ იკბინებოდეს იმ სიცხისა, მეტი - არა! 
   ზეთიანი ხელით ღამით  კარგად მოზელილი,  ხელს ოდნავ რომ მოჰყვებოდეს -  სამი თავიანი ჭიქის   საფუარიანი ცომი.  
    დილით კიდევ ერთხელ გადაზელილი ცოტა ზეთიანი ხელით,  და  გამოცხობამდე ასე,  ნახევარი საათით ადრე ხუთ ბურთად გაყოფილი. ოდნავ უნდა ფქვილი, ბევრი - არა! 
საფუარი რამდენი? - გააჩნია რანაირი გაქვთ,  ჩვეულებრივი  - ერთ სადილის კოვზამდე  - ეყოფა

(მე   - ერთი თავიანი  სადილის კოვზი მშრალი საფუარი, ერთი  ჩაის კოვზი მარილი  და ერთი სადილის კოვზი შაქარი ვუყავი,  აქაური დროით,  ასე, დილის 6:30- ზე  დავიწყე და 12- ზე გამოვაცხვე) 
    დილაადრიან, ახლიდან გადაზელილ-დაბურთავებული, ეს კილოიანი მასა  ხუთად  გაყავით და ზუსტად ამდენივე  ყველი უნდა, წონით! 

გული:

     მარილი  ცომში ხომ გაქვს, ბებია,  მეტი  არ უქნა  ჭყინტ ყველს,  მაინც აქვს წაყრილი ამოყვანილზე, ხელით მოფურჩხნე!
   (მე - უცხოეთში მყოფებისათვის - გავხეხე  750 გრამი ახალი “მაცარელა”, 2 კვერცხი ჩავათხლიშე,   ოდნავი სინედლისა და სიმჟავისათვის  შევურიე “ქრიმ ჩიზის”- ნახევარი,;
კარაქი - ერთი “სტიკი “ ასე 100 გრამზე ცოტა  მეტია, შუაზე გავყავი - ნახევარი - გულში, ნახევარი - უკვე გამომცხვარისთვის თავზე გადასასმელად.
   კარგი დიასახლისი ბოლომდე ხელით აბრტყელებს ხაჭაპურს,  საბრტყელებელი ჯოხი - ზარმაცების მოგონილია!
   ტაფა დადგი საშუალო ცეცხლზე, ძალიან გახურება - არ გინდა, ალაგ- ალაგ მეტი მოუვა, შავებს გაიკეთებს. კარგი იმერული ხაჭაპური უნდა იყოს თხელი და ჰგავდეს მზეზე გამომცხვარს. 
- ეს სულ ბებიაჩემის ხმაა. სმენით მეხსიერებაში დღემდე ცოცხლად შემორჩენილი.
   მე - მსოფლიოში სახელგანთქმულ მეხაჭაპურეს, რანაირი არ გამომიცხვია, ჩემს ქმარს  კი დღემდე ვერცერთი ვერ მოვაწონე. ამაზე  - გადაირია!
  ვკარგად ხაჭაპურნაჭამზე  (ამასობაში სამი შემომეჭამა) ასე მოვიფიქრე: 
   საგარეოდ, სადმე წასაღებად ან ბევრი სტუმარი თუ მყავს და მალე მინდა მოვრჩე, ისევ ჩემს ცნობილ, მაწვნიან, კვერცხგადასმულ დიდ, ხაჭაპურებს დავაცხობ, იმაზე არიან აქაურები შეყვარებული და  ოჯახში, “საშინაოდ” - ამაზე უნდა გადავიდე!

შედეგი გაინტერესებთ? ფოტოებზეა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი