პროზა ჟურნალ ,, იალქანიდან”სტვენა ორი თითით (ნოველიდან მილიონიანი ნაგავი)


სტვენა ორი თითით
- - - - - - - - -
 ნოველიდან ''მილიონიანი ნაგავი")

***
    წუხელ მთელი ღამე არ მძინებია. არა იმიტომ,  რომ ჩემი საწოლის გარეშე ვერ ვიძინებ.
  საკუთარ  საწოლში, აი, რასაც საკუთარი ჰქვია, თითქმის სამი წელი არ ვწოლილვარ  და ის საწოლიც, რაღა დაგიმალოთ და,  ჩემს ქვეყანაში როცა ვიზრდებოდი, ამერიკულად, ჩემს ოთახში კი არა,  ჩვენებურად, -  დედ-მამის საძინებლის კუთხეში მედგა  და  ბოლოს ისე დამიპატარავდა,   რომ ვიძინებდი, ნიკელისგისოსებიანი  ბოლოდან ტერფები უკვე გარეთ მქონდა გამოყოფილი. მას შემდეგაც, სადაც არ უნდა მოვხვედრილიყავი  მუდამ ვგრძნობდი, რომ  შინ ვიყავი, რადგან ვიცოდი, დედაჩემი ან ფეხებში იყო შემოწოლილი და თვლემდა,  ან იქვე ედგა ცალკე საწოლი და დავიძახებდი თუ არა ‘’დე!’- იმწუთას გამაგონებდა, ‘აქა ვარ!“.
    რომ მივედით, უკვე ნაჭმები ვიყავით, ცოტა ხანს ვუყურეთ ტელევიზორს და  მერე  ცალკე სტუმრის ოთახში შემიყვანეს,   შიგ ძვირფასი დარიჩინ-ვაშლიანი  სურნელოვანი  სანთლის  და ოდნავი, სულ ოდნავი სიძველის და  შმორის სუნი იდგა.  ყნოსვა მუდამ გამძაფრებული მაქვს, ჩემი  ყოფილი, იქნებ მუდმივი ავადმყოფობის გამო  და   ალეგიული  ცემინება დამეწყო. 
    ირგვლივ ყველაფერი დედოფლის აპარტამენტივითაა: აბაზანაში -   ქათქათა პირსახოცები ოქროსფერი გერბებით, გაუხსნელი ღამის პიჟამოები -  სამი ფერისა,  ყველა ზომაზე რომ მიდის, ( ნაცრისფერი ავირჩიე, ვარდისფერი ყვავილებით), ათასნაირი გაუხსნელი შამპონი და კონდიციონერი.
     ხელსაბანთან, გაუხსნელი ჯაგრისებიდან ერთი, ტარმოღუნული გავხსენი. მერე კბილის პასტებს  სათითაოდ, თითით გემოებიც გავუსინჯე   და  ვარდისფერი, კენკრისგემოიანი ამოვირჩიე. კბილების ხეხვა დავიწყე თუ არა,  ცოტა მეუცნაურა, რომ მორჩილად  არ სრიალებდა  ზედაპირზე.  რაღაც მომენტში ყბები ერთმანეთს რომ დავაჭირე, დავეწებე და ვეღარც  პირი გავხსენი,  შემეშინდა,  მერე დავწყნარდი და  მგონი,  მთელი საათი მოვანდომე ნაწილ-ნაწილ,  თანდათანობით ძლივს მოვიშორე! 
  მერე წავიკითხე ტუბზე, რომ პროტეზის დასაწებებელი პასტა ყოფილა.
     რა საშიში და ცარიელია ყველაფერი,  მთელი სამყარო, სასახლეშიც რომ სუფევდე, თუ დაიძახებ „დე!“ და ვერ გაიგონებ პასუხს  „აქა ვარ!“. 
  ეს  - ჩემი პირველი თავისუფალი დღებია... ანუ დრო, როცა არა მხოლოდ მისგან შორს ვარ, არამედ,  პრობლემის/ პრობლემების  წინაშეც მარტო აღმოვჩნდი და მივიღე  პირველი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რაც იმას ნიშნავს, რომ შედეგზეც თვითონ უნდა ვაგო პასუხი.  თოთხმეტი წლის ვარ  და ჩემმა ფსიქოლოგმა  საბოლოოდ  დაასკვნა, რომ მე სოციალიზაციის პრობლემების წინაშე ვდგავარ  და უკვე  მეორედ ურჩია დედაჩემს, რომ  მეტი თავისუფლება მოეცა.
***
- შენს ბოიფრენდს რა ჰქვია! 
      ეს არის პირველი კითხვა, რასაც ჰაის მერე გეკითხებიან ჩემი ტოლები და ემა-კეიტი რა გამონაკლისი იქნებოდა.
- არაფერი,  უკვე დავშორდით... - ეს თავდაცვითი ტყუილი  საიდან მომაფიქრდა უცებ, აზრზე არა ვარ. ვიგრძენი, როგორ წამომახურა.
- ძალიან კარგი, ჩვენს ჰაისქულში კარგი ბიჭები არიან!- გამიცინა და  რაღაც  მომენტი დავიჭირე მის გამოხედვაში, საამისოდ  როგორ უცებ ამწონა.
ემა ჩემზე რამდენიმე თვით დიდია. მე და დედა  საცხოვრებლად გადავედით მის ეზოში მდგარ... პატარაო, თვითონ უწოდებენ, თორემ ორსართულიანი სახლია, შიგ - მეორე სართულზე ორი საძინებლით,  ერთი აბაზანით,  პირველზე- ოფისით, კიდევ აბაზანით და დიდი სამზარეულო-სასადილოთი. თვითონ იმხელა სახლში ცხოვრობენ,  კვირაში ერთხელ მტვერსასრუტით შემოვლას  და მტვრების გადაწმენდას სრული ხუთი საათი სჭირდება.  
ემას გრძელი, ჭრელი თმა აქვს, გარედან ქერაა, შიგნიდან- მუქი, სულ შიგნიდან - შავი.  ამას ჰაილაითი ჰქვია და ძვირია. თმას ყოველ დილა ისწორებს ცხელი  უთო-ფენით, თორემ ხვეული აქვს. აქ ყველა ასე იქცევა. მე მეუბნება, - რა კარგი თმა გაქვს,  ბუნებრივად მთლად შავი, სწორი  და პრიალაო.  ღია პერსონაა, ჯერ რაღაცას იტყვის, მერე ფიქრობს და დარდობს.  სულაც  არ არის ძნელი საურთიერთო, მაგრამ  სულ პრობლემები ექმნება.
ამას წინათ ერთ ჩვენს  კლასელ მეგობარზე მეუბნება, - რა უცნაური ადამიანია,  ამ ერთი თვის წინ ბოი ფრენდმა პირადადაც კი არ უთხრა, ტექსტად მისწერა, ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდაო.  ყველანი როგორ განვიცდიდით,  ვართობდით, რომ ადვილად გადაეტანაო, პირადად მე ბასკინ რობინშიც კი წავიყვანე ნაყინზეო და  გუშინ,  უკვე ერთი თვის მერე ამბობს, - მორჩა,  ეგ ბიჭი აღარ მაინტერესებსო!  გამიხარდა, რა კარგია, ესე იგი  უკვე ხელმისაწვდომია და  შემიძლია, ჩემი ბოი ფრენდი იყოს-მეთქი, ვუთხარი და გახარების მაგიერ ეწყინა და  გამებუტაო.
   ისე, მე საიდან უნდა მყოლოდა ბოიფრენდი აქამდე!
  ჩემი თანდაყოლილი ციანოზური გულის მანკის გამო,   თავიდანვე  ვერც დავრბოდი ამხანაგებთან ერთად, ვერც რამე ოდნავ მძიმეს ვატარებდი. სკოლაში ჩემი ჩანთა დედაჩემს მიჰქონდა. მერე  ამერიკელების საქველმოქმედო სამედიცინო პროექტში მოვხვდი, თითქმის თორმეტი წლის ვიყავი,   ჯექსონში, ‘’ბრედლი ქაუნთი ჰოსპიტალში“ უფასო ოპერაციისთვის რომ ჩამომიყვანეს, ორი ოპერაცია დამჭირდა, სარქველის პროტეზირება და  მერე  გულის კუნთის კორექცია,  მერე რეაბილიტაცია. ორი წელი   დედასთან ერთად  ჰოსპიტალიდან  კლინიკაში  და პირიქით ვმოგზაურობდი.  გასართობი რა მქონდა? ლეგოები, ფაზლები და წიგნები, წიგნები,  წიგნები... ძირითადად მედპერსონალს მოჰქონდა საჩუქრად. მათემატიკის  და ფიზიკის ამოცანების კრებულები -  ბევრი მქონდა და მიყვარდა, იგივე ფაზლები იყო ჩემთვის,  და კიდევ უკეთესი, რადგან  ფაზლს  და ლეგოს - გაშლილი  ადგილი და დიდხანს ერთ პოზიციაში ჯდომა სჭირდება,   იმ წიგნებს  კი   რვეულებიანად და ლეპტოპიანად საწოლშიც დაიტევ. ხანდახან ჩემი საწოლი ისე ივსებოდა  ამ ყველაფრით, რომ  წვეთოვანის დაყენებისას ძირს ცვიოდა და  ექთნები  ცდილობდნენ,  წამოეკრიფათ და ისევ ისე დაეწყოთ, როგორც მქონდა.
   კლასები  გავიარე, ტესტები კარგად ჩავაბარე და ჰაისკულში მოვხვდი.  ემასთან ერთად ვარ და იქ  ბულინგისგან მიფარავს,  ჩემს ჩაცმულობასა და იერზეც  პირველი დღიდანვე ძალიან ზრუნავს, თუმცა თვითონ რაღაც მესაკუთრულ დამოკიდებულებას ვამჩნევ ჩემდამი. ყველაფერი არ მომწონს, რა ტანსაცმელსაც  მჩუქნის,  მაგალითად  ეს ახალი სტილის, დაგლეჯილი ჭიპსაშორებული  ჯინსები ,,მომზ სთაილი“ - რომ ჰქვია,  მაგრამ რომ გავახარო, ვიცვამ. ისე, იმას ნამდვილად მირჩევნია, აქამდე ჭიპსქვემოთა სტილი რომ იყო და გახვრეტილ ჭიპზე“  ათასნაირი „ბელი რინგები“ რომ უნდა გკეთებოდა.
***
  ახლა ფრანკლინის უზარმაზარ, ხალხით გადაჭედილ მოლში ვიმყოფებით. დილით შინ  ყველამ უცებ  ჩვენ-ჩვენი მოსაწონი რძიანი სირიალი  მოვიმზადეთ, უფროსებმა აპარატიდან ყავა ჩამოისხეს, ვისაც როგორი უნდოდა და მოლში წამოვედით საშობაო შოფინგზე.       უფროსებმა გადაწყვიტეს, მოლის კაფეტერიაში ერთად ვჭამოთ ლანჩი და  მერე დავბრუნდეთ ჯეკსონში მის დებორა და მე.
    მის დებორა ემას დედაა. თითქმის ერთი წელია ერთად ვცხოვრობთ, მაგრამ  აქამდე მასთან ახლო არ ვყოფილვარ. რაღაცნაირი,  ცივი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ისიც კი მეჩვენებოდა, რომ რობოტივით ლაპარაკობდა. იურისტია, უფრო სწორედ ასისტენტი და დედაჩემთან ერთად მუშაობს. ეს მისი სახლია, სადაც ახლა, მისი შემოთავაზების წყალობით, ვცხოვრობთ,   კარგად გვექცევა, მაგრამ რამდენხან გაგრძელდება ეს, ძნელი სათქმელია.
მადლიერების დღისთვის სიეტლიდან მისი დედა და და ჩამოვიდნენ, ერიკთან- თითქმის ორი წლის ბიჭთან ერთად.  აეროპორტშივე მანქანა დაიქირავეს,  მას მერე კვირამდე დარჩნენ, გუშინ კი ასე დაგეგმეს, რომ ნეშვილის აეროპორტში გამგზავრებამდე ჯერ ფრანკლინის ბრძოლის ადგილებს, კარნ ტონის  პლანტაციებს და სასაფლაოს, ლოტზის და კარტერის სახლებს დაათვალიერებდნენ.
რატომ ვართ მარტო მე და მის დებორა?! სად არის ემა ან დედაჩემი?!
ო, ეს მთელი ისტორიაა!
***
  ამ გაზაფხულზე, როცა შეტყობინება მიიღო მის დებორამ, რომ სიეტლში მამამისი გარდაიცვალა და  წასვლა გადაწყვიტა,  ემამ  გაყოლაზე თავიდანვე  მტკიცე უარი თქვა: იქ რა მინდა, ვინ არიან ის ადამიანები ჩემთვის, ვინც არასოდეს მინახავს!  არც ჩემი დაბადება გახარებიათ, თოთხმეტ წლამდე არც დაბადების დღე მოულოცავთ ოდესმე,  არც ვუკითხივართ და უცებ ჩავიდეო?  მაგათ ისევ ჩვენი მეზობელი მის რებეკა მირჩევნია, დღესასწაულის მოლოცვა და ჩემთვის - რაიმე  საჩუქრის ბარათი მაინც არ ავიწყდება არასდროსო.
       მოკლედ, მის დებორა მარტო წავიდა და რომ დაბრუნდა,   იმ საღამოს თავისი აიპედი  გახსნა და სურათები დაგვათვალიერებინა. თვითონ - დედასთან,  დასთან და  ხელში - პატარა,  გაცინებულ,  ახალკბილებიან  დისშვილთან ერთად;  ყველანი ერთად  - ბელვიუს ბოტანიკური ბაღის მოხუც  თანამშრომლებთან, რომელთან ერთადაც მამამისმა მთელი ცხოვრება იმუშავა მთავარ ბოტანიკოს-მებაღედ და დაკრძალვის მომენტი, როცა საფლავის წინ დადგმულ სკამებზე ერთად სხედან ახლო ნათესავები  და სიტყვით გამომსვლელებს უსმენენ. თან  გვითხრა, - დამპირდნენ, მადლიერების დღისთვის ჩამოვალთო.
  როგორც თქვა, მამამისმა მთელი ცხოვრება ვერ აპატია, რომ  არავისთვის არაფერი უკითხავს, არავინ არაფრად არ ჩაუთვლია. იმ დღემდე  სამართლის სკოლის წარმატებული სტუდენტი,  ყველას მისაბაძი, რაღაც უაზრო  ფართიზე, ალკოჰოლური თრობის დროს,  ახალგაცნობილი  ახალგაზრდა სამხედროსგან დაფეხმძიმდა,  სწავლა მიატოვა და სადღაც, გადაკარგულ ნეშვილში გამოემგზავრა,  თანაც სად?  -  ბავშვის მამა არც ელოდებოდა.  გვიან,  ორი  კვირით ჩამოსულა სამხედრო  შვებულებაში,  ხელი უთხოვია, რაღაც, პატარათვლიანი  ბეჭედი უჩუქებია, წასულა და აღარც დაბრუნებულა ცოცხალი, ხოლო მის დებორა ამის მერეც არ დაკავშირებია თავისიანებს, რომ ბოდიში მოეხადა და დახმარება ეთხოვა. დედამისს  მამის პანაშვიდისას უთქვამს, - ჩვენ კი თქვენი ხსენება აგვიკრძალა, მაგრამ სინამდვილეში შენზე დარდს ვერ გაუძლოო. ვიდრე საშიში გახდებოდა ბავშვების ფოტოების თავისუფლად დადება ფეისბუქზე და  ამის გამო გვერდს  პრივატულად დახურავდი, ერთხელ ლეპტოპი ღია დარჩა და ვნახე, თქვენს სურათებს რომ ათვალიერებდაო.    მის დებორას დას რაც შეეხება, სიბერეში გაჩენილი, თორმეტი წლით პატარა ყოფილა და ეს ყველაფერი იმ ასაკში დაემთხვა, როცა   ელემენტარულ სკოლაში სწავლობდა, ანუ ჯერ  უფროსების  თვალით უყურებდა   ყველაფერს.  რომ გაიზარდა, მერე მაინც რატომ არ სცადა საკუთარ დასთან კომუნიკაცია, მაგდენი აღარ ვიცი.
  უნდა ითქვას, რომ ემა  ცუდად არ ექცეოდა სტუმრებს, აღზრდა არ აძლევდა ნებას. იმათი  ჩამოტანილი საჩუქრებიდან  კი არაფერი მოერგო არც ზომით, არც სტილით. პირდაპირ პარკში ჩააწყო და მე მომცა, თუმცა  ვერც მე შევარჩიე ვერაფერი, ერთი ჟაკეტის გარდა და  საშობაოდ ნათესავებისთვის გასაგზავნად  შევინახე. იმათ დიდი არჩევანი არა აქვთ და ყველანაირი საჩუქარი უხარიათ.
წამოსვლისას, ემამ,  მე არ გამოგყვებით გასაცილებლად, ჩემი გეგმები მაქვსო,  თავაზიანად,  ჰაგით, ანუ სამხრეთული ჩახუტებით დაემშვიდობა და დედებმა გადაწყვიტეს, ეს სწორედაც კარგი შანსი იყო ჩემთვის, ფსიქოლოგის რჩევის გათვალისწინებით,  დედის გარეშე წავსულიყავი სადმე, სკოლის გარდა და სოციალიზაცია მეცადა.  თანაც დედაჩემი სამუშაოზე იყო წასასვლელი.
  ორი მანქანით გამოვემგზავრეთ. იმათი -  უამრავი ბარგით იყო სავსე, რადგან პატარა ბავშვით მოგზაურობას  არა მხოლოდ მისი  ქარსითი - სამანქანო, უსაფრთხო,  დასაბმელი სკამი,  არამედ სხვადასხვანაირი  სტროლერები და მოწყობილობებიც სჭირდება.
მე მუზეუმებში პრაქტიკულად, ვერც შევედი, გარეთ  პატარა ერიკს  ვასეირნებდი და ვართობდი.   კი მაინტერესებდა, მაგრამ თავი დავიმშვიდე, რომ  უზარმაზარი ბესტსელერი, რობერტ ჰიკსის ნოველა ,,სამხრეთის ქვრივი“  კარგად წაკითხული მქონდა და წარმოსახვაში ისე ჩამებეჭდა ყოველი მომენტი,  მთელი ბატალიებითა და ინტერიერ-ექსტერიერებით,  როცა მომინდებოდა, შემეძლო,  მეხსიერების ეკრანზე ფილმივით ახლიდან დამეტრიალებინა.
***
  ფრანკლინიდან ნეშვილის საერთაშორისო აეროპორტამდე  მანქანით შორი არ არის, თუ ინტერსტეიტი თავისუფალია.  რეგისტრაციამდე მინიმუმ,  ორი საათით ადრე უნდა იყო იქ, მით უმეტეს პატარა ბავშვითა და ამდენი ბარგით. დრო კარგად გვქონდა დაგეგმილი. მანქანებში ჩავსხედით, მე  - ისევ მის დებორასთან, ისინი - თავის ნაქირავებში და კმაყოფილები  დავიძარით!
არა... ეს -  ჩვენ დავიძარით, მათი მანქანა კი არ იძვროდა, მოვტრიალდით უკან, რაღაცეები სცადა მის დებორამ, მაგრამ უშედეგოდ. დრო  თუ  მთელი დღე  უნელესად მიდიოდა, ახლა  უკვე გარბოდა. აქამდე მშვიდ და თავაზიანად სევდიან სახეზე ყველას ნერვიულობა დაეტყო.
რა ვქნათ! უბერი ხომ არ გამოვიძახოთ? - დაიწყო  სასწრაფო გამოსავლის ძებნა მის დებორამ. დარეკა. იქიდან  უპასუხეს, რომ  ახლა დღესასწაულია, სტუმრებითაა გადატვირთული ყველაფერი და რაც შეუძლიათ, ისაა, რომ  ორმოცდახუთ წუთში იპოვონ სედანის ტიპის მანქანა და გამოუშვან, თუმცა გარანტირებულად -  მხოლოდ თხუთმეტ წუთში ეტყვიან პასუხს. სედანი- პატარა მანქანას ნიშნავს. კარგი, ბარგის ნაწილს აქეთ გადმოვაწყობდით, ქარსითი  მაინც გადასაყენებელია, ბარგი -  გადასალაგებელი, ამას  მინიმუმზე მინიმუმი, თხუთმეტი წუთი მაინც დასჭირდებოდა,  უბერის კომპანიას, თავისი მხრით, ყველაფერი საუკეთესოდაც რომ მოეგვარებინა, ანუ ესეც - ერთი საათი!
     ნეშვილ-სიეტლი - კვირაში ორჯერ დაფრინავს და თანაც სტუმრები ბილეთსაც ვერ გადაცვლიდნენ  ამ წინასაშობაოდ,   მითუმეტეს დაფიქსირებულთარიღიანი ბილეთები ჰქონდათ.
მე  აქ დავრჩები და სუვენირების მაღაზიაში დაგელოდებით-მეთქი, - ვთქვი და სასტიკი უარი მივიღე.  ჩაბარებულს,  თანაც არასრულწლოვან ბავშვს, მე  ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავტოვებ უცხო ქალაქში უმეთვალყურეოდ, ეს გამორიცხულიაო, - მის დებორამ.
-შეგიძლიათ,  სუვენირების გამყიდველს  და კიდევ სხვებსაც სთხოვთ, რომ ყურადღება მომაქციონ, -  მოვძებნე გამოსავალი, თუმცა დარწმუნებული ვიყავი,  მტკიცე უარს მივიღებდი და ამის ნაცვლად დავრწმუნდი ადრე წაკითხულში,  - რომ როცა ადამიანები გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, არაპროგნოზირებადები არიან.  
უკვე დაძრულზე, ჩამოწეული ფანჯრიდან უცებ  ჩემი განუყრელი პლედი  მესროლა,  ჰაერში დავიჭირე და წავიდნენ!
უკვე გამყიდველებისთვის ჩაბარებული,  სუვენირების მაღაზიის თაროებზე გამოფენილ ყველაფერს  დიდი გულდასმით ვსწავლობდი.  თითქმის ერთი საათი ასე გავიყვანე, მერე მომწყინდა შიგნით ყოფნა. ქალების საპირფარეშო ზუსტად მაღაზიის კარის წინაა,  კლიენტებით დაკავებული გამყიდველის  მზერა დავიჭირე,   ვანიშნე, იქ გავალ- მეთქი. მართლაც შევედი,  გამოვედი, მაგრამ მაღაზიაში აღარ შევბრუნებულვარ.  ჩავისუნთქე და  იმწამს ვიგრძენი, ნოემბრის საღამოს მზე რომ გადადის,  მთელი დღის მცხუნვარება როგორ უცებ იცვლება სუსხით. პლედი შემოვიხვიე და სასაფლაოსკენ წავედი, რადგან მუზეუმიდან, რომელიც ხელმარცხნივ დარჩა, ხალხი გარეთ გამოდიოდა, შესვლა ფასიანია და ხუთი წუთისთვის ბილეთს ხომ არ ვიყიდდი, სასაფლაო კი  ხელმარჯვნივაა და უფასოა, რამდენიც გინდა, ათვალიერე თეთრი სტელები,  საბავშვო სარკოფაგები და  შტატების მიხედვით  ჩამწკრივებული,   1500-მდე  პატარა,  ერთნაირი,  დანომრილი ან ინიციალებიანი საფლავის ქვა, თითოეული -  ასე, ბიჟუტერიის ზარდახშის ტოლა.
ახლიდან ვნახე კერი მაკგავოკის - სამხრეთის ქვრივის, მისი სამი პატარას  და მთელი ოჯახის საფლავები, შევედი შიგა ალაყაფის  კარში და   მარჯვნივ, ქვის  სკამზე დავჯექი პლედმოხვეული, დაღლამ და ძილმა  თავი წამართვა.
-მეემ, მეემ! - მომესმა ძილ-ბურანში ხმა, - ყველაფერი კარგადაა?  აქ სიბნელეში რატომ ზიხართ,  ჩემს საფლავთან გირჩევნიათ. 
 ოდნავ შევახილე თვალი.  ჩემ წინ, არც მაინცა და მაინც ახლოს,  კონფედერალისტის  რუხუნიფორმიანი,  ჩემი ტოლი  ბიჭი იდგა, შებინდებულშიც კი მოუჩანდა ცეცხლისფერი,   მოგრძოკულულებიანი თმა და რაღაც უზარმაზარი,  მუქი ლურჯი  ან შავი, წყლიანი თვალები.  უფრო ფართოდ გავახილე თვალები.  საკმაოდ ბნელოდა, თორემ შევხედავდი და დავრწმუნდებოდი, მოჩვენება იყო თუ არა. წამიკითხავს, მოჩვენებებს ჩრდილი არა აქვთო. გულის მიდამოებში უნიფორმა  უსწორმასწორო წრედ, უფრო მუქი უჩანდა, ალბათ  შემხმარი სისხლია-მეთქი გავიფიქრე და გამაკანკალა. ხმა არ ამომიღია. ის ალაპარაკდა:
- მე ჯონათან ტაკერი მქვია, მემ!
დღეს ოცდაათი დეკემბერია, ჩვენი დღე.  ყველანი  ვცოცხლდებით წელიწადში ერთხელ ამ დროს,   ხუთი საათით  და ისევ  გარეთ გამოვდივართ.  ყველაზე სისხლიანი სამოქალაქო ბრძოლა ამერიკის ისტორიაში ამ მიდამოებიდან ცოტა მოშორებით,  1864-ში,  დღის ოთხ საათზე დაიწყო და  სულ რაღაც ხუთ საათში, ღამის ცხრისთვის უკვე დასრულდა. ჩემი უსახელო საფლავის გვერდით რომ ასეთივე უსახელოა, იქ ჩემი მეგობარი წევს, დენიელი.
      მამაჩემი ოფიცერი იყო და  თავიდან არ მივყავდი ბრძოლაში, ბოლოს ზარბაზნისთვის  სატენის მისაწოდებლად დაგვიტოვეს მე და ის, -  დენი, დენიელი.  მე ეს ფორმა ჩემი უფროსი ძმისგან მერგო, მას კი რომ შესცივდა, ისე მოიქცა, როგორც ბევრი მაშინ, - მკვდარ მოწინააღმდეგე  იუნიონელს გახადა  ლურჯი უნიფორმა და  ჩაიცვა, რომ გამთბარიყო. 
      ტყვია ბრმაა, მემ! დენის  ზურგიდან მოხვდა  ვიღაც ჩვენიანის ნასროლი და ადგილზევე გაათავა.
      მე  როგორ მოვკვდი, არც გამიგია.
       სამოქალაქო ომი ასეთია, მემ,  ვინ ვის კლავს და რატომ, ხშირად მათთვისაც გაუგებარია, ქვეყანა ჰო, მაგრამ   ასეთ ომს  გამარჯვებული  მეომარი არა ჰყავს, მემ,  ვინც ცოცხალი რჩება, ისიც მკვდარია. 
    ნუთუ ჩვენ, ყველა  უნდა მოვმკვდარიყავით, რომ ერთიანი ქვეყანა გადარჩენილიყო!

- ჯონათაააან- ჯონათაააააან!- მოისმა ქალის შორეული ხმა   ზემოდან, იქიდან,  სადაც  ბაღნარის თეთრი,  გრძელი ღობეა და  დავლანდე  თავიდან ფეხებამდე  ვიქტორიანულ შავ ტანსაცმელში ჩაცმული, პირბადიანი ქალის გამოსახულება, თეთრ  ღობე-ეკრანს რომ მიუყვებოდა, თითქოს მისრიალებდა თუ დაბალზე მიფრინავდა.
-  ჯონათაააააააან -  ახმიანდნენ ყოველი მხრიდან  შორეული ლანდები.
- ვწუხვარ,    უკვე უნდა წავიდე! -  თითქოს გამოქვაბულიდან გამომავალი ხმით თქვა  ჯონათანმა-  ნუ გეშინიათ, გემუდარებით,  მემ,  სულ რაღაც წამით დაიცადეთ, თვალი დახუჭეთ და ვიდრე სტვენის ხმა არ მოგესმებათ და არ მიწყდება, არ გაახილოთ!
     თვალები მაგრად დავხუჭე და მართლაც არ გამიხელია.  ჯერ ოდნავ მოისმა ხმა, მერე გაძლიერდა და რხევებად გაიშალა ირგვლივ სიბნელეში. მერე უცებ შეწყდა. თვალი რომ გავახილე და   მიმოვიხედე, დაბლა, მარცხნივ, სუვენირების მაღაზიის წინ,  ავტოსადგომზე უკვე დებორას  განათებული მანქანა  დავინახე.  სირბილით დავეშვი და  შიგ შევხტი.  კბილს კბილზე მაცემინებდა. ჯეკსონში  დაბრუნება უკვე გვიანი იყო,  დებორამ გადაწყვიტა,  იქვე, ფრანკლინში,  ემას მამის ნათესავებისას,  რამბლებთან დავჩენილიყავით და გზიდანვე მობილურით შეუთანხმდა.
უნდა ვაღიარო, ჩემი წუხანდელი უძილობის მიზეზებში მთავარი -  სწორედ ჯონათანი იყო.
ჩემი  წითელკულულებიანი, დიდთვალება, ჩემი მოლანდებული თუ  წარმოსახული ბოიფრენდი!
  როგორ ამბობს  ეინშტეინი? წარმოსახვა - ცოდნაზე მნიშვნელოვანია, რადგან მთელ სამყაროს მოიცავსო!
სამყარო კი, გარდა ხილულისა, უხილავისგან შედგება და  უხილავი - ხილულზე მეტია.
***
  შოფინგზე სიარული მიყვარს, მაგრამ ბევრი ფულია საჭირო წამოსვლისას დედაჩემმა ხუთი ცალი ათდოლარიანი კი მომცა სხვების დასანახად, მაგრამ ჩუმად  დააყოლა, - გქონდეს ყოველი შემთხვევისთვის, მაგრამ ეცადე, არ დახარჯოო.  კაფეტერიამდე ისე მივაღწიეთ, უფროსებმა ყველაფერი გაივსეს ნაყიდებით, მე კი ცენტიც არ დამიხარჯავს. რიგი დიდი იყო. ალბათ ერთი საათიც მოგვიწევდა დგომა. ირჩევ საჭმელს, იხდი ფულს, გაძლევენ ნომერს, გადიხარ შემოღობილის გარეთ და შენს ნომერს რომ გამოაცხადებენ, შეხვალ და მაგიდასთან დაგსვამენ.
  უცნაურია, როცა ვინმეზე ფიქრობ და გენატრება,  ვიღაცეებს სულ  მას ამსგავსებ და ყოველ ჯერზე გული გიხტის. 
  თავიდან  მამა რომ მენატრებოდა, ვიდრე გავიგებდი, რომ ჩვენი მეზობელი შეირთო ცოლად და გული სულ გამიცივდებოდა, ყველა კაც-ექიმში მას ვხედავდი, მით უმეტეს დოქტორ ტონიში, რომელმაც ოლივია დამარქვა ჯუანიტას  ნაცვლად, რადგან თავიდან ესპანურად ყველას ასე ვესალმებოდით დედა-შვილი - ‘’ოლაა, ოლაა!’ ჰოდა, ოლა ოლივიად დაამრგვალა და  დღემდე ყველა ასე მეძახის.
ჰო,  დღეს  აქ ერთი ხუთი თმახუჭუჭა,  გრძელ, წითელთმიანი ბიჭი მაინც მივამგვანე ჯონათანს.. ყველა მათგანს ბაცი ან მუქი ლურჯი თვალები  კი ჰქონდა, მაგრამ პატარა ან საშუალო ზომისა და არც უბრწყინავდა.
ჩემ წინ კი, კაფეტერიის რიგში,  სულაც გამხდარი, მაღალი,  გრძელთმიანი გოგოა,  ორ მეგობართან ერთად,  იმხელა  ლურჯი თვალები აქვს, თითქოს  რაიმე ანიმაციური ფილმის გმირი იყოს. ვუყურებ და ვუყურებ. რამდენჯერმე მომხედა, ალბათ დაჟინებული მზერა იგრძნო. უცებ მეგობრებს მიუტრიალდა და ეუბნება:
     - არ მჯერა, აი ის -  გუშინდელი ბავშვი,  ჩვენებს რომ ჩააბარეს და სასაფლაოზე ძლივს ვიპოვეთ!  შეხედეთ,  ნამდვილად ეგაა! არა, უნდა მივიდე და დაველაპარაკო!
მე ჯერ ისედაც ენა მებმის და ახლა სულ მუცელში ჩამივარდა:
ჰაი!- მეუბნება, - მე  წუხანდელი ჯონათან ტაკერი ვარ, სინამდვილეში ჯოანა მქვია,   ეს კი - მის მაკ გავოკია - მეგობარზე მიმითითა. 
      მეორე,  შავთვალა გოგომ გულღიად გამიღიმა და პრინცესულად დამიქნია ხელი, მერე მეგობარს ყურთან მიუახლოვდა, „ ჯონათაააან“ - მისტიკური ხმით  ჩასჩურჩულა, გაიცინა და განაგრძო;
 -  უნივერსიტეტის სტუდენტები ვართ, არტ პერფომანსს ვსწავლობთ,  ჩვენი დედები  კარნ ტონის მუზეუმში  ერთად მუშაობენ  მთელი ცხოვრება და  ბავშვობიდან   ამ დროს ფრანკლინის ბრძოლის წლისთავისადმი მიძღვნილ, კოსტიუმირებულ საქველმოქმედო პერფომანსში ვმონაწილეობთ,   შუადღეზე ეზოში რომ იმართება.
    - მე  ბრძოლაში დაღუპული ბიჭის როლში ვარ.- სიტყვა ჩამოართვა ჯოანამ -  ჩემი  მონოლოგის ტექსტი ხომ   გაგაცანით წუხელ. ძალიან კი შეგვაშინე, რომ  გეძებდით ვერ გპოულობდით. ისე, ხომ კარგი იყო?
- დდდა-დ-ა- სტ- სტ-ვენა?
-  აა, ორი თითით? თქვენი დეიდის მანქანა რომ დავინახე და დაგემშვიდობეთ?  - აქ დიდკბილებიანი პირით, ფართოდ გაიცინა და თავი რუგზაკში ჩაყო, იქიდან ამოილაპარაკა. -  გასწავლით, როგორ უნდა, ძნელი არაა, აი, თქვენ -  ნეშვილის საშობაო წარმოდგენის ორი ბილეთი.  მე მთავარ როლში ვარ,  სინდირელა,  ესენი - ბოროტი დედინაცვლის შვილები არიან. მოდით და ყვავილები არ დაგავიწყდეთ.  რომ მომართმევთ  ბოლოს სცენაზე, მაშინ გასწავლით. შეიძლება ერთად სელფი გადავიღოთ?
პასუხს არ დალოდებია, ასეც მოიქცა. სურათი მაჩვენა -  მე  ორი ბილეთი მიჭირავს, მისი ხელი მაქვს მხრებზე გადმოხვეული ორივე ვიღიმით... მე, - ჯერ კიდევ დაბნეულად, ის - თვითდარწმუნებულად...
-  თქვენი ნომერი მითხარით! ახლავე  გამოვუშვებ.
- დამრჩა, მაგრამ შინ ხომ ვნახავ!  - პირდაპირ ემა რამბლის ნომერი ვუთხარი. მე საკუთარი სელფონი ჯერ არა მაქვს, შობისთვის მექნება  და შემრცხვა თქმა. სულ ვცდილობ, არ მოვიტყუო და არ გამომდის, რა!
    ახლა წარმომიდგენია,  ემა  ამწამსვე სურათს რომ მიიღებს, ჯერ რომ ვერ მიხვდება, რაშია საქმე, მერე   რომ ჩავალ და ამ ჩემს  თავგადასავალს დაწვრილებით მოვუყვები და თანაც  ერთად რომ წავალთ  ნეშვილში საშობაო პერფომანსზე ყვავილებით და ბოლოს  სცენაზე ავალთ და  დედოფლურად  გამოწყობილ მთავარ გმირს მივართმევთ, ის კი ორ თითს ორივე მხრიდან პირში შეიყოფს და იმდენ ხალხში   დაუსტვენს, რომ  მეც მასწავლოს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი