ელვის პრესლი და ვახუშტი
ნინო დარბაისელი ელვის პრესლი და ვახუშტი ამერიკელებს აქვთ ერთი იდიომური გამოთქმა “ელვისმა შენობა დატოვა (Elvis has left the building) სხვათა შორის, ამ გამოთქმას ხშირად იყენებენ. რას ნიშნავს? ადამიანს რომ მეტი ოფსილა აღარა აქვს რამის კეთებისა, არაქათი რომ გამოეცლება, სიქა რომ გასძვრება… კიდევ როგორ ვთქვათ?! - დაღლილობისგან დაცემაზე როა, გატოკების თავი რომ აღარ შერჩენია? … დანარჩენი ქართული გამოთქმები თქვენ დამიმატეთ კომენტარში, უკიდურესად დაღლილს რომ ნიშნავდეს! ახლა, საიდან გაჩნდა ეს გამოთქმა. დიდ კონცერტებზე არსებობს გამოცხადებული პროგრამა, მაგრამ გადარეული მაყურებელი საყვარელ შემსრულებელს ასე ადვილად ვერ ელევა კონცერტის ბოლოს და ახლიდან იხმობს, ჩვენებურად “ბისზე გამოსვლას”რომ ვეძახით. ამერიკაში, ჩვენგან განსხვავებით, ამას ეძახიან ენკორს (encore). ფრანგულიდან შემოსული სიტყვაა. ელვის პრესლიზე ხომ ქვეყანა ითიშება და ითიშებოდა, ვინ გაუშვებდა ასე ადვილად რომელიმე კონცერტიდან, გაისმოდა “ენკორ! ენკორ!”. ლას ვეგასში ერთხელ იმდენჯერ დააბრუნეს სცენაზე, რომ ბოლოს დავარდნაზე იყო და კონფერანსიეს უთხრა, გამოაცხადეთ, რომ “ელვისმა ეს-ესაა შენობა დატოვაო”. ამ სიტყვების გამოცხადება იყო და რომ იხუვლა მაყურებელთა ბრბომ, ადამიანები გასასვლელში ერთმანეთზე გადადიოდნენ, იქნებ სადმე, გზაში თვალი მოვკრათო. ამ დროს ელვისი თავის საპრეზიდენტო ნომერში საკონცერტო ტანსაცმლიანად საწოლზე ეგდო. ოთხმოციანი წლების შუაგულია. რილკეს მთარგმნელთა ჯგუფი, ნაირა გელაშვილის მეთაურობით ბიჭვინთის ახალ ,,დომ ტვოტჩესტვაში” ვართ და ნაირა დღე და ღამე ამუშავებს ყველას. ჯემალ აჯიაშვილს გვერდით არ ახედებს, არადა რუსის ნაშები ქვემოდან ეძახიან ნაზად - ,,დჟემააალ, დჟემააალ!”, ვიდრე ჯემალი აზრზე მოვა და გამოიხედავს, ნაირას უკვე აივნიდან თავი აქვს გაყოფილი. “ა უ ვას, დჯემალ, მეჟდუ პროჩიმ, მალო ვრემენი!” ზეზვა მედულაშვილი ზემოდან ქვემოთ ვიღაცას ჩამოსძახის ,,ტატიანაააა, გოო, ტატიანააა!”, რომ ვერ აგონებს, რაღაცას ისვრის აივნისკენ, რასაკვირველია, ვერ ახვედრებს მიზანს, სამაგიეროდ, ახვედრებს ნაირას აივანს და “ვაი, დედააა!” და ასე შემდეგ. ეს საწყალი ვახუშტი ზის და ცერბერი (არ გამთქვათ და ასე ვეძახოდით ნაირას, ვახუშტიმ დაარქვა) ზედ კართან უდგას. ვიდრე თარგმანს არ ჩააბარებს, ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს. ვახუშტი ,,დუინოს ელეგიებზე” მუშაობს, უმისოდ საშინლად მოწყენილები ვართ, ველოდებით. აი, მოსაღამოვდა და გამოჩნდა “აპოლონ ბელვედერელი”, (მგონი, ეს ნაირამ დაარქვა ვახუშტის) ძლივს მოლასლასებს, გეგონება, მართლა პითონი განგმირა მშვილდ-ისრით, ხელში თარგმანებს უწვდის ნაირას და ირგვლივ შემოხვეულებს მოგვმართავს, მტკიცებითი ინტონაციით: ,, - ხალხნოო, მორჩა! მე - ის თამრო აღარა ვაააარ!” ეს - წლების მანძილზე ჩვენთვის, რილკესჯგუფელებისთვის უკვე იმას ნიშნავდა, რასაც ამბობს იდიომი ,,ელვისმა ეს-ესაა შენობა დატოვა!” პრინციპში, სხვა რაღაცაც აქვთ საერთო - ელვისი - ამერიკელი აპოლონი იყო და ვახუშტი - ქართველი. ზეზვას “ჭინჭრაობის” ამბებს მერე მოვყვები. ის კიდევ სხვა ამბავია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი