ისევ ვახუშტიზე (მემორიები და ლექსი)


ისევ ვახუშტიზე (მემორიები და ლექსი)
 
ეს მოგონებები  დროში ერთმანეთისგან დიდად დაშორებულია...
მოსაგონარი სხვაც ბევრი მაქვს, სამწუხაროდ...
ამ ასტრონომიულ შედარებაზე უკეთ ახლა ვერ გამოვთქვამ, ვინ იყო იგი ჩვენს გარემოში  - რაღაც მანათობელი პლანეტა, რომლის დიდ ორბიტაზეც ვტრიალებდით ყველანი...

 ნინო დარბაისელი

ოთხი  მოგონება  (ერთი -ლექსად) -  ვახუშტი კოტეტიშვილზე
 - - - - - - - - - - - - -

ჩემი “ნათლობა”

საქართველოში კაფიის დიდი ლომი პაპა ლექსო ჭინჭარაულია, იგივე ლეკოთ წიქა. 
პატარა ლომი - ტრისტან მახაურია, მე - იმის გაწვრთნილი კატა. 
    (არ გეგონოთ, საბასეული ლომ-კატის როლები ავურიე, ჩვენს შემთხვევაში, მართლა,  პირიქით იყო). 
    კურსელები ვიყავით და რაც ძალი და ღონე გვქონდა, ლექციებზე ვკაფიობდით. მერე ფშავში, თავის სოფელ გომეწარშიც დაგვპატიჟა მეგობრები და კაფიობაში საზაფხულო პრაქტიკა იქ გავიარე. 
ჩამოვედი და ცოტა ხანში ლექსოს რძალიც გავხდი. 
    პირველი შეგონება, რაც ჩემი დედამთილისგან - ,,ნინო დედასგან"  მივიღე, ასეთი იყო: ,,საცა შეხვალ, იქაური ქუდი დაიხურეო". 
    ხევსურულ ქუდზე კი სულ ჯვარედინად იყო ამოქარგული მკაცრი წესები:  ქალმა თავისი ქმრის სახელი ხალხში არ უნდა ახსენოს , ,,შენა !"  უნდა დაუძახოს, მამამთილს არ დაელაპარაკოს, იმის სკამზე არამც და არამც, არ დაჯდეს, ხალხში მოცინარი პირი არ უნდა გამოაჩინოს,  ,,სირცხვილ ას!’’...მოკლედ, მთელი ძველი კოდექსი, რომელსაც თავად სიკვდილამდე განუხრელად იცავდა. 
    აუღებელი სუფრა გვედგა. ვახუშტის თამადობით, მიხა ჭინჭარაულისა და ნანული აზიკურის ფანდურზე ნამღერით, ლელა თათარაიძის გარმონით... 
    ხინკალი ბარაქიანია. თუ არაყიც არ გაკლია, სამი კილო ხორცით მთელ ფშავ-ხევსურეთს, თუშეთიანად დააპურებ.ზედაც თუ ხევსურულ ერბოში ჩაჟიპჟიპებულ კეცეულებსა და მხლოვნებს აშველებ ხო,  ,,ნიადე" , მთელ ქვეყანას გააძღობ... 
    დიასახლისი, ჰა-და ჰა, როცა სადღეგრძელებლად დაუძახებენ ან ხინკალი აქვს შესატანი, მაშინ გამოჩნდება სტუმრებთან. სუფრაზე დაჯდომა ხო - ,, წეს არ ასა" , სირცხვილია! 
    ჰოდა, ვხინკლაობთ და მე, როგორც ახალი პატარძალი, ვახვევ და ვახვევ წვრილ-წვრილნაოჭა ხინკლებს, რომ მულებს ტოლი არ დავუდო, თან დროდადრო  ჩუმად  ,,საქუჩებელს"  გადავკრავთ. (ჟიპიტაურს ან არაყს ასე ეძახიან ხევსურთ ქალები).
    ,,ამაჰყრიან"  თუ არა  ხინკლებს, დიდი, ქაფქაფა  ,, ბლუდით’’ მივარბენინებ  ჯერ თამადისკენ... 
    - ო-პა-პა-პა , რა ხინკალია, წიქავ, რა ხინკალი !- იძახიან სტუმრები. 
    პაპა ლექსო ღიმილით, ვითომ ურწმუნოდ იქნევს თავს, ჩემკენ ანიშნებს: 
    - ეე-ჰ, რაღა ხინკალი, შიგ ყველა ხელს ურევს! 
    - რა დრო დაგიდგათ ხევსურებს! 
      ხინკალში ყველა ხელს ურევს... - ვაგებებ დაუფიქრებლად. 
    - მოდი აქა!- მეძახის მოხარხარე ძია ვახუშტი და შუბლზე მკოცნის - ჰა, წიქავ, როგორი მოკაფიავე გამოგადგა კახის ქალი! 
    (ხევსურები ყველა არახევსურს  ,,კახს"  ეძახიან). 
      მე სახეზე ცეცხლი მიკიდია. გამოვდივარ და ხინკალიც კი აღარ შემაქვს სტუმრებთან. ხუმრობა საქმე ხომ არ არის. ნათლობა კი მივიღე, მაგრამ თბილისის  ,,ხრუშოვკაში"  დაბუდებული შატილის წესი დავარღვიე, საჯაროდ მამამთილს არათუ ხმა გავეცი, ლექსობაც გავუბედე! 
    სადაც მიველ, იქაური ქუდის დახურვა კი ვცადე, მაგრამ ეტყობა, ამ კახელ თავზე თავიდანვე მომიჭირა. 

      პაპა ლექსოსა და ძია ვახუშტის კაფიებით პაექრობის მომსწრე არაერთხელ ვყოფილვარ. 
ჩვენი ოჯახის უცვლელი თამადა იყო. 
    თავიდან ძიას ვეძახდი, მაგრამ ჩემზე ბევრად ახალგაზრდა , უმშვენიერესი და უსაყვარლესი მზეო რომ მოიყვანა ცოლად, საქმე მაშინ გამიჭირდა.,,ბატონო ვახუშტის"  ვერ დავუძახებდი, არაბუნებრივი გამომივიდოდა ეს დისტანცირება, ვახუშტისაც ვერ ვუწოდებდი - მეტისმეტ ფამილარობად მეჩვენებოდა... 
  მერე თანდათან მივეჩვიე. ეს ლექსი კი გამოვუთქვი და საქალებოში ჩუმად ვიცინოდით: 

ვახუშტიმ რო ცოლ შაირთო, 
ყველას მისაბაძიაო, 
ტანათ ფარჩა შაუკერა, 
განა ჩვენებრ ძაძიაო. 
შვილის კბილა ქალას უდგას. 
ვინ ძიაო, რა ძიაო! 
ვახო უნდა დავუძახო, 
,,ხვატიტ, ბოგა რაძიაო!"

ვაჰ,დრონი,დრონი... 

— - - 
ქანდაკება - საქართველოითვინ!

- - - -
(ისევ მცირე მოგონება ვახუშტი კოტეტიშვილზე)

ასე, ოთხმოციანების ბოლო იქნება.
კახეთში ნამდვილი, დიდი კახური პურმარილია, აი, საუკეთესო მომღერლებით, მოლექსებით... ცამდე რომ ადის “ჰარი-ჰარალეს” ხმა.
ვახუშტი თამადაა, წარმოიდგინეთ!
ერთმა სტუმარმა, (მგონი, თავად მასპინძელმა) ერთი სადღეგრძელო ითხოვა და გულიანად:
- ამითი - როგორც ჩვენმა დიდმა პოეტმა თქვა, ჩვენზე ფიქრით გათეთრებულ ძვირფას მამაი - სტალინ გაუმარჯოსო!
სუფრაც ამ ტრადიციული სადღეგრძელოს ასატაცებლად მოემზადა. ვახუშტიმ წყნარად თქვა:
- მე მაგ სადღეგრძელოს ვერ დავლევ, სტალინმა მამა მომიკლაო!
უეცრად ჩამოვარდნილი დაძაბული სიჩუმე ისევ მასპინძელმა დაარღვია:
- ბატონო ვახუშტი, მამაშენ რა ერქვა და რა ხელობი კაცი იყოო?
- ვახტანგი ერქვა, მოქანდაკეო- უპასუხა ვახუშტიმ.
აქ - პატარა ყოვნი! - როგორც ვახუშტი იტყოდა...
- ჰოდა იცი, რა, მოდით, მაშინ სტალინ კი არა, ვახტანგ კოტეტიშვილ გაუმარჯოი, იმის ნათელი ხსოვნისა იყოს! აბა, იმისი სხვა ქანდაკებებისა მე არა ვიცი რა და, შენ კი იგეთი გაუკეთებიხარ ჩვენთვინ და მთელი საქართველოითვინ, რო, მართლა მიქელანჯელო იქნებოდაო!

- - 
ისაა, ისა!!!
- - -

(მცირე მოგონება ვახუშტი კოტეტიშვილზე)
გასული საუკუნის ოთხმოციანების დასაწყისია.
ბიჭვინთაში ვართ ერთად რილკეს ჯგუფი ნაირა გელაშვილის ხელმძღვანელობით... ჰო, არ დამავიწყდეს, ჩვენ, საწყალ, ჯიბეგაფხეკილ მთარგმნელებს რილკესი- ბიჭვინთის ,,დომ ტვორჩესტვაში” ანუ ,,შემოქმედების სახლში” სეზონის დროს ვინ შეგვაჭყიტებდა. იმ დროს ხომ საკავშირო მწერალთა კავშირის წევრები და ჩვენი ბობოლები ნებივრობდნენ ოჯახებით. წელიწადის დანარჩენი - ანუ მთელი ცხრა თვე - ის მრავალსართულიანი სახლი რომ არ დაკეტილიყო და ცოტა შემოსავალი მოეტანა, დონეცკის შახტიორებითა და მათი ცოლ-შვილით იყო დატვირთული და ყოველ საღამოს დიდი “ტანცები” იმართებოდა გარმონის ხმაზე. რაც იმათ დარჩებოდათ სასტუმროს ნომრები- საწყალ ქართველ მწერლებს აძლევდნენ. საჭმელს კი მშვენიერს გვიმზადებდნენ “დომ ტვირჩესტვას” სასადილოში, კარგი ,,შვედსკი სტოლიც” იყო, მაგრამ საღამოთი ქეიფიც ხომ გვინდოდა ხანდახან!
(ტექსტს გარეთ - დაბლა ერთი პატარა ბარი იყო, საღამოთი თუ არ ვქეიფობდით, იქ ვისხედით და არ მახსოვს, რომელიმეს ფული გადაგვეხადოს. სულ ვახუშტი გვპატიჟებდა, თორმეტნი ვიყავით).
მე, როგორც ასაკით ყველაზე პატარას, ბაზარში წასვლა და ხორაგის მოზიდვა მევალებოდა ტაქსით. ჯემალ აჯიაშვილს კი გამაყოლებდნენ ხოლმე, მაგრამ შორიახლო იდგა, ვიდრე რამეს ვიყიდდი. ვაჭრობისა არაფერი გაეგებოდა და ტყუილად ხელს მიშლიდა. რასაც გვეტყოდნენ პირველ ფასს, ეგრევე ეთანხმებოდა და ყურებამდე წითლდებოდა, მე რომ გამყიდველს შევაჭრებას დავუწყებდი. არადა, ბაზარი ხომ მაგისაა!
ვუთმინე, ვუთმინე და მერე ვუთხარი, შენ არ მომეკარო, ვიდრე მე არ დაგიძახებ-მეთქი. აწონილზე ხელს დავუქნევდი, მოვიდოდა, ბურდღუნით მადლობას გადაუხდიდა გამყიდველს(სხვა დროს ხომ ისეთი ხმა ჰქონდა, მღერადი), ნავაჭრს ჩანთაში ჩავულაგებდი და მორჩილად საწყის პოზიციას უბრუნდებოდა. ფულს ყველანი წილობრივად ვდებდით, მაგრამ ხომ იცით, ფული რა ოხერია! გასაცემად - ბევრია, დასახარჯად - ცოტა. ბევრი ვერაფერი მომდიოდა აგროვებული კაპიკებით, ცეცხლი ეკიდა იქაურ ბაზარს. სულ ბოდიშ-ბოდიშით მომქონდა, რაც მომდიოდა.
უყურა ამ ჩემს საცოდაობას ვახუშტიმ და ერთ დილას გამოაცხადა, ამიერიდან ნინოს მე გავყვები ბაზარშიო. ვახუშტი კი ერთი დანჯღრეული მანქანით იყო ჩამოსული, მაგრამ ის მანქანა უკვე სადღაც, პროფილაქტიკაში ეგდო დაშლილი.
რაო, ვახუშტი მიდის ბაზარშიო?! ატყდა ერთი ამბავი, მეც წამოვალ, არა, მე წავყვებიო. მოკლედ, შეიკრა ბაზარში წამსვლელების მორიგეობითი გუნდები. კაპიტანი - თქვენი მონა-მორჩილი!
შევალთ ბაზარში, მე ვახუშტის “პადრუჩკს” გავუყრი... ტანად ახოვანს მკლავზე რომ შევწვდე, ლამის ფეხისწვერებზე მდგარი მივყვები გვერდით, ანუ როგორც მაშინ ერთმა ჩვენგანმა იხუმრა, ,,მაკინტოჟივით მის მკლავზე ვარ გადაკიდებული”, და მწკრივებში ჩავატარებ, ვითომც ისე, იქაურობას ვათვალიერებინებ. თვითონ ვერაფერს ხვდება.
უცებ ვინმე გამყიდველი მეორეს გადაულაპარაკებს:
- ბიჯო! ეგა ის არ არიიი-იი?
მეორე უპასუხებს:
- რავი, ძაან კი ჰგამ, დაააა!
ამ დროს მე მზადა ვარ:
- ჰო, ისაა, ისაა!
გუნდის წევრებიც ხმაშეწყობით ბანს მაძლევენ:
- ისაა, ისა!
გამორბიან გამყიდველები, მოაქვთ თუ ვინმეს რამე საუკეთესო აქვს და გვტენიან, ეხვეწება ვახუშტი:
- კაცო, არ გვინდა მუქთად, გადავიხდით, რა ღირსო! მაგრამ ვინ უსმენს! თვითონ გვიჩერებენ ტაქსს, იხდიან ფულს და სულ ” თქვენ კი გენაცვალეთ, ბატონო ვახუშტითი” გვაცილებენ.
ამასობაში მისი დანჯღრეული მანქანაც შეაკეთეს ადგილობრივ პროფილაქტიკაში.  დაირხა ხმა, მთელს  გაგრასა და ბიჭვინთაში, ნამდვილი ვახუშტია ჩამოსულიო და დამპატიჟებლების რიგი გვიდგას. ჰოდა, ყველას ხომ ვერ გაწვდება ყოველდღიურად! ასე ეუბნება ჩვენზე, ესენი უბრალო ხალხი არ გეგონოთ, სულ ჩემი მოადგილეები, ასისტენტები არიან, წაიყვანეთ და მოგვიანებით მეც მოვალო!
მოვიდოდნენ დათქმულ დროს, დიდი პატივით წაგვაბრძანებდნენ, მოვილხენდით და სუფრის მთლად ბოლოსთვის ისიც გამოჩნდებოდა. ერთ მეფურ სადღეგრძელოს წარმოსთქვამდა, ორს გაიხუმრებდა, სამს მოიკითხავდა, ყველას ერთიანად მოეფერებოდა...ძირითადად ასწრებდა სუფრების ჩამოვლას, ასე გაგვატარებინა მთელი სეზონი. ჩვენ კი ძაან დაგვასუქა, და! არა, კი დავრბოდით დილაადრიან, კუდში მივდევდით გათენებამდე სანაპიროზე სასეირნოდ გასულს, მაგრამ მერე მის დევნაში ისეთი მადა გვეხსნებოდა, დამწვარ კალორიებს ათმაგად ვინაზღაურებდით.

ნინო დარბაისელი

ჩიტი-მზეწვია
- - - 
(მზეო გოგოჭურს)

იცით, როგორი კაცი იყო?
ერთხელ ნაპირზე ამოდიოდა ნაცურავები, ხელში ლასტებით
და კაცი კი არ მოაბიჯებდა,
თავად აპოლონ მუსაგეტი მოანათებდა, 
აფროდიტესგან ნახევარ-დურად მოკვდავების  მოსაკითხად   მოვლინებული.
ქროდა ნიავი
და ბრინჯაოსფერ სხეულზე სხივი დასთამაშებდა.
გახევებული შესცქეროდა მთლად საქალეთი,
ზოგიერთნი  კი ჩუმად კბილებს-ღა  აჭრიალებდნენ, 
სიმშვიდისა და მოჩვენებითი გულგრილობის საფარქვეშიდან.

სადმე, მიწურში
კარის ჭრიალით რომ შევიდოდა, 
აკვანზე დახრილს,
ბოლომდე ძუძუგამოღეჭილ ქალს ბამბაზიისხალათიანს
ეახლებოდა  ისეთი კრძალვით და  აღტაცებით,
სიგარეტისგან ოდნავ ფერნაცვალ
იმ მარმარილოს გალავანივით კბილებს გულღიად გამოაჩენდა,
სიტყვას იტყოდა და
მეყვსეულად იმ  მიწურს  ჯადო აეხსნებოდა.

განათდებოდა ირგვლივ ყოველი,
გამოჩნდებოდა თაღმრავალი დარბაზების
ძოწისფერი კრეტსამბელები,
ოქროს აკვანში იწვა პრომეთე თუ ამირანი, 
თავთ უჯდა დედა-დედოფალი ცისფრად მოსილი,
თემიდა იყო თუ კლიმენესი
და გადმოსჩქეფდა  იმ დარბაზის შადრევნებიდან
რძისა და თაფლის მდინარეები, 
პირფარეშები ფეხაკრეფით მიმოდიოდნენ
და ამბროზიის თასებით სავსე იყო ლანგრები
და წკრიალებდა, გუგუნებდა ხმაშეწყობილად 
გუმბათებამდე, 
იმათ ზემოთ, ვარსკვლავებამდე,
და ვარსკვლავის ვარსკვლავთა ზემოთ
ათასი ზარი, ზანზალაკი,  
ათიათასი არფა თუ ჩანგი.

მოჰქონდა ოქრო,
გუნდრუკი,
მური
და სამი მოგვი მოდიოდა აღმოსავლეთით,
აღმოსავლეთით,
აღმოსავლეთით!

ერთხელ კი იგი სულ  შემთხვევით,
სულ მარტო ვნახე.
კარი შევაღე.
იჯდა თავისთვის ერთ ყრუ ოთახში,
მაგიდასთან, 
დიდრონ ხელებში სახეჩარგული,
თვალცრემლიანი
და ისე მძიმედ ამოიგმინა,
თითქოს გულიდან მთელმა სამყარომ ამოატანა.
კარები ჩუმად გამოვიხურე.

მაგრამ ერთხელაც მყიფე  გულში ჩიტი ეწვია,
სულ შემცივნული, 
პატარა ჩიტი, 
ჩიტი- მზეწვია, 
შიგ დაიბუდა და აგალობდა ...
აცოცხლა კიდევ, 
ვიდრე ერთ დღესაც ნისლიან გზას გაუყვებოდა
იმ შორეული ოლიმპოსაკენ.

რა შუაშია გამოგონება, 
მას ყველა სცნობდა, 
ყველა იცნობდა,
მაგრამ დიაცნო თვალწარმტაცნო, 
ანდა თქვენ, კაცნო - ზნე-მამაცნო,
მზეწვიას მეტმა,  მისი არსება
ვინ  გაიცნო თუ გამოიცნო!

როცა სიცოცხლე  - ბეწვისხიდია,
ხიდია, მაგრამ მაინც ბეწვია.
ასეთი გარგო ბედმა ქალობა, - 
ბეწვისა ხიდზე კენტად გალობა,
მზექალო, 
მზეო,
ქალო - მზეწვია,
მზეწვია!

- -
ვახუშტის პორტრეტის ავტორი -  მზეო (მზექალა) გოგოჭური.

Mzekala Gogochuri

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი