აჯიაშვილი, ვახუშტი და ნიუტონი
#სამეგობრო #მემორია #დღეობა ნინო დარბაისელი აჯიაშვილი, ვახუშტი და ნიუტონი ერთხელ ვქეიფობთ. ვახუშტი კოტეტიშვილი, როგორც მუდამ, თამადაა და ჯემალ აჯიაშვილის დღეგრძელობის რიგმა მოაწია. შენო, ვახუშტი ძალიან სერიოზულად ეუბნება ჯემალს, ქართველების საამაყო კაცი ხარო… (შეიფერა ჯემალმა ხუმრობით, თავდახრილი საყვარლად იღიმება) შენ ხარ უნიკალურზე უნიკალური კაციო, მთელს მსოფლიოში შენისთანა მეორე არ არისო. შენ თვით ისააკ ნიუტონსაც აჯობეო; გინესის წიგნში ხარ შესაყვანიო. (ჯემალმა რაღაცნაირად შეინარჩუნა თავაზიანად გაღიმებული გამომეტყველება, თან დაბნეულობაც შეემჩნა, ქება - კარგი, მაგრამ რა შუაშია ეს დიდი ფიზიკოსიო) ვახუშტი განაგრძობს: ნიუტონი ხომ იყო ინგლისში ლორდთა პალატის წევრი! მისი ბიოგრაფები ირწმუნებიან, იქ ერთადერთხელ ამოუღია ხმა, თუ შეიძლება, ფანჯარა რომ ცოტათი მივხუროთ, ორპირიაო. აი, შენ, ჩემო ჯემალ, ამდენი მოწვევის პარლამენტის წევრი ხარ და მთელი ცხოვრება ისე მოახერხე, ეგეც არ გითქვამს, ხმა ერთხელაც არ ამოგიღიაო. აბა, ჩემს მონაყოლში იმ მუღამს როგორ გადმოვცემდი, ვახუშტის განუმეორებელ, არტისტიზმით სავსე, ხმაჩახლეჩილ საუბარს, სიცილს რომ ჰქონდა ან თანამეინახენი როგორ შეჰხაროდნენ. ეს გამახსენდა, მაგრამ რამდენი რამ დამავიწყდა …. ნეტა მაშინვე რაღაცეები ჩამეწერა, თუმცა იმდენს რა აუვიდოდა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი