“ერეკლეს ცხენი და ვახუშტი” ,, ავხედოთ მთვარეს!”
ნინო დარბაისელი ერეკლეს ცხენი და ვახუშტი ეს ქართულ- ხალხური ანეკდოტი ვახუშტი კოტეტიშვილის მოყოლით წარმოიდგინეთ, სუფრაზე თამადობისას და ირგვლივ სიცილით მიყრილ- მოყრილი თანამეინახენი! ცოტათი შევამსუბუქებ, ოღონდ. მეფე ერეკლეზე ამტყდარმა ამბებმა გამახსენა: ერთხელაც პატარა კახს ბატონის სასახლეში ერთი გლეხი მიადგა: - მეფეო, ცხენი უნდა მამცეო! - რათ უნდა მოგცეო? - მე მოედი? მოედი! ცხენი გთხოე? გთხოე! მამცემ? - მამცემ! არა და - ამ ჩემ ფეხებსაო! პატარა კახმა ბრძანა: - მოურაო, ერთი ამასა ჩემი მოოქროილი ულაყი მოჰგვარეო! გამოუყვანეს ეზოში ცხენი, დარახტული, ბზინამს, იგეთია, სუ ნაპერწკლებსა ჰყრის. ერეკლე სასახლის წინ დგას და უყურებს. მივიდა გლეხი, მოჰკიდა აღვირსა და უნაგირს ხელი მარჯვნიდან, სცადა და ვერ აახტა, მოუარა მარცხნიდან, მაინც ვერ აახტა. - მეფეო, ვერა ვჯდებიო! - კაცო, მოხვედი? - მოხვედი! ცხენი მთხოვე? - მთხოვე! მოგეცი? - მოგეცი! დაჯდები? - დაჯდები! არადა ამ ჩემ ფეხებსაო! *** რაკი დავიწყე, ცოტას კიდევ მოვყვები იმ ქეიფის ამბავს. ერთი ჩვენი მეზობელი, ძალიან კარგი კაცი, სმას რომ არ არის მიჩვეული და ერთი ჭიქას რომ თავში უვარდება, აუხირდა ვახუშტის, ეგ თქვენი ერეკლე მარტო ქართლ- კახეთის მეფე იყო და იმ ტრაქტატზე მარტო თქვენებურებმა მიაწერეს ხელი, დასავლეთ საქართველოს და ჩემებურებს ხელი არ მოუწერიათო. კარგი, თქვი?! - გასაგებია! მაგრამ არა და არ გაჩერდა ის კაცი და ერთი თავისიანიც აიყოლია: -ჩვენ ტრაქტატი არ მიგვიღია და ჩვენ ტრაქტატი არ მიგვიღიაო. პაპა ლექსო ეუბნება: - გავიგეთ, ვიცით, თქვენ საერთოდ, უტრაქტატო ხალხი ხართო! ავხედოთ მთვარეს ჩვენი ცხოვრება ისეა გადატვირთული ყოფითი საზრუნავით, რომ ხანდახან ისიც კი გვავიწყდება, რომ საღამოთი ან ღამით ცას ავხედოთ და მთვარე დავინახოთ. რამდენ ჩვენგანს ახსოვს, როგორი მთვარე იყო წუხელ? მე - არა! დღისით კი დამინახავს გადახსნილ ცაზე ერთ მხარეს - მზე და საპირისპირო მხარეს- მთვარე! არ მითხრათ ახლა, ბარემ დაამატე ,,და შუქურ - ვარსკვლავი ხელ-პირს მაბანინებდაო”, და “სიზმარას ზღაპარი” გამოგივაო😄 ამ სურათის პოვნის მერე, ახლა საშინლად მომინდა, დაღამებას დაველოდო და ვნახო, “ჩემი” მთვარე რანაირი იქნება, მოიყოლებს თუ არა ვარსკვლავების ამალას, ღრუბლის რიდეს დროდადრო თავს შეაფარებს თუ არა, იქნებ სულაც ნამგალა ამოვიდეს. მახსოვს, ერთხელ, ახალგაზრდობაში ვახუშტი კოტეტიშვილმა მეორე დღის ამინდის გამოცნობის ძველი, ხალხური წესი გვასწავლა: - ნამგალა მთვარეს თუ ახედავ და ზედ კაუჭივით, წყლით სავსე ვედროს დაიკიდებს, ესე იგი, ხვალ კარგი ამინდი იქნება, თუ არა და იწვიმებსო. მას შემდეგ, მთელი ცხოვრება, არ იქნება, ნამგალა მთვარეს ავხედო და ვახუშტი არ გამახსენდეს, მჯერა, ნათელი ადგას!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი