ასეთი დალილა! (პოეტ დალილა ბედიანიძეზე)


ასეთი დალილა 

      '' სიყვარული თვითონ გვირჩევს,მეგობრობას ჩვენ ვირჩევთ.''- ეს რომაული სიბრძნე დიდი ხანია მაფიქრებს.
        პოეტებს რომ ჩვენში მეგობრობა ძალზე უჭირთ, ეს ხომ ყველამ იცის, ახლა წარმოიდგინეთ, რა ძნელია პოეტ ქალთა მეგობრობა!
        ამ ათიოდე წლის წინ ერთმა ჟურნალმა ინტერვიუ მთხოვა. რაკი ჩემს ლექსებში დედაშვილობისადმი მიძღვნილი მცირე ციკლიც არის, ერთი კითხვა ამასაც შეეხებოდა.
პასუხის გაცემისას გამახსენდა, რომ რამდენიმე ახალგაზრდა პოეტი ქალი ბიოლოგიურად დედა ჯერ არ გამხდარიყო, მაგრამ მათ ლექსებში გარემოსადმი, სამყაროსადმი დედობრივი სიყვარული იმგვარი სიძლიერით იყო გამოვლენილი, რომ ეს მათ ყველა დედაზე უფრო დედად აქცევდა.
        ჩვეულებისამებრ, როცა რამეს დავწერ, ვიდრე დავბეჭდავდე, ჯერ ახლობლებს ვუკითხავ, მაშინაც ასე მოვიქეცი. ერთ არაჩვეულებრივ პოეტს, (რომელსაც, სხვათა შორის, სწორედ ამგვარ დედათა შორის ვგულისხმობდი), ტექსტი ტელეფონით წავუკითხე. შემიქო და მეც არხეინად წავიღე რედაქციაში.
        ნომრის დაბეჭდვის წინა დღეს კი ჩვენმა საერთო ახლობელმა  დამირეკა და მითხრა, რომ თურმე ეს დღეები ტირილში გაუტარებია, რადგან სწორედ იმავე ჟურნალის მომდევნო ნომერში უნდა დაბეჭდილიყო მისი ახალი ლექსი და ამ ლექსში ცენტრალური სათქმელი ზუსტად ეს იყო : ''ყველა დედაზე უფრო დედა'' და რაც მთავარია, სიტყვებიც ზუსტად ემთხვეოდა.
          ვაი, შენს ნინოს! როგორია დღის ბოლოს ქალაქის ბოლოდან რუსთაველზე გავარდნა ,''ტუდა-აბრატნი'' ტაქსის ფული! მაგრამ რას ვიზამდი.
   იმ რედაქციაში პოეზიის განყოფილებას აწ გარდაცვლილი პოეტი ბორენა ჯაჭვლიანი ხელმძღვანელობდა.
        -არიქა, ბორენა, მიშველე რამე, დაუყოვნებლივ უნდა შევცვალო ეგ ერთი წინადადება- მეთქი.
        ბორენამ აუღელვებლად დამიდო წინ ლექსი. წავიკითხეთ ერთად, კონტექსტი სრულიად სხვა იყო, მაგრამ მე მაინც დაბეჯითებით მოვითხოვე ამ სიტყვების ამოღება.
        მეორე თუ მესამე დღეს ნომერიც გამოვიდა.
        დალილა  ბედიანიძე  და მე ლიტერატურის ინსტიტუტში გვერდი-გვერდ ოთახებში ვმუშაობდით და    ნომერი ვუჩვენე თუ არა, ეს ამბავიც მოვუყევი.
        ყურადღებით მომისმინა,(სხვანაირად მოსმენა არც სჩვევია.)
        არ ვიცი, რას ველოდი მისგან. იქნებ მინდოდა ეთქვა, რომ ის ძალიან კარგი პოეტი ამ შემთხვევაში მართალი არ იყო? ან რომ მე კარგი, სულგრძელი ადამიანი ვარ, რაკი ყველაფრის მიუხედავად, არ დავიზარე ჩემი ინტერვიუს შეცვლა?
        დალილამ თავი ჩახარა და ერთადერთი სიტყვა ჩაიჩურჩულა ისე ჩუმად,რომ ძლივს გავარჩიე: ''ძნელია!''.
   ცოტა ხანს კიდევ იჯდა ჩემს ოთახში. მერე წყნარად დაგვემშვიდობა და გავიდა.

    ახლა დალილას ძველ ლექსებს ვათვალიერებდი, ხუთ აპრილს, კვირას, ორ საათზე ''ამირანის''  ლიტერატურულ კაფეში მისი ახალი წიგნის განხილვა და პოეზიის საღამოა , ორიოდე სიტყვა მეც ხომ უნდა ვთქვა და ...აი!
  .... ჯერ კიდევ გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში გამოქვეყნებული მისი ლექსი, სადაც სიტყვა-სიტყვით იგივე წერია: '' ყველა დედაზე უფრო დედა''. როგორც ჩანს,  სწორედ იქიდან წაკითხული ამომიგდო ქვეცნობიერმა, როცა ინტერვიუში   ჩემს სათქმელს დასჭირდა.
   მე ვიცი, დალილას ლამის ყველაფერი თავისი მრავალრიცხოვანი ლექსებიდან - ზეპირად ახსოვს.
      ახლა უკვე ისიც ვიცი,რას ნიშნავდა მაშინ მისი ერთადერთი სიტყვა: ''ძნელია!''
      აი, ასეთია დალილა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი