ჟორა ძიას წითელი ლანჟერეი


ნინო დარბაისელი

ჟორა ძიას  წითელი  ლანჟერეი

      სამნი იყვნენ.  შუათანა  ძმა  -  თხუთმეტი წლისა,  ცოტათი ელამი, დიდშავთვალება, თვინიერი ბავშვი - ბექა  და ორი  დაიკო -  ია და ლია.  ლია, თმაშეჭრილი,  სკოლას ამთავრებდა,  ძმაზე  ერთი ან ორი წლით  უფროსი  იქნებოდა - და მეორე  -  ია  -  ნაწნავებიანი - ჯერ დაწყებითში დადიოდა.
    დედ-მამა,  აეროპორტის გზაზე რომ ავარია იყო, იკარუსი  ოპელ ვექტრას  რომ  დაეჯახა ამ სამი წლის წინ  და ყველა ადგილზე რომ  გარდაიცვალა, ეგენი იყვნენ. კაცი - ხელოსნობდა,  ხან რას და ხან რას აკეთებდა,  თავი გაჰქონდათ, რა!
    სამოთახიან ბინაში ცხოვრობდნენ, იტალიური ეზოს კვალობაზე,  ვიწროდ არიანიო,  ვერ იტყოდი. უფრო სწორედ,  ერთი შუშაბანდიანი სამზარეულო იყო და მერე  ორი ოთახი -ტრამვაი. ტრამვაი რა არის? ეგრე ჰქვიათ ოთახებს, ერთმანეთში რომ გადიან და სხვა შესასვლელ-გასაცვლელი არა აქვთ.  პატარა  ვანა-ტუალეტი  შიგნით ჰქონდათ, შუშაბანდის  ერთ კუთხეში.  მეორე მხარეს - წყალი, გაზი  და მაცივარი ედგათ.  არავისთან საზიარო რომ არ არის სველი წერტილები,  ეს იტალიურ ეზოში დიდი ამბავია.
    ბინა - ქალისა იყო.  ასაკით კაცზე ცოტა დიდს წყალი გაფუჭებია, ხელოსნად მოუყვანია და წყალს რომ ელექტროობაც მიუყოლა, მერე- აყრილი პარკეტიც ჩაუსვა ადგილზე, დაუტოვებია და დაუტოვებია ქმრად.  ერთი,  ოქროს ხელებიანი, ყოველდღიური  ლუკმა-პურის შემომტანი კაცი გამოდგა, უხმო და უთქმელი. რასაც წინ დაუდებდი, შეჭამდა, ცოტა ტელევიზორს შეხედავდა და დაიძინებდაო.
      სამეზობლოში ითქვა,  ქალი ორი თვის ფეხმძიმე იყო  მეოთხე ბავშვზეო.  ორი თვე -  ეს ისეთი ვადაა, ქალმა თვითონ თუ არ გამოაცხადა,  ჩვენში  ქმარმაც არ იცის. ექსპერტიზისას კი ვინ რას გაიგებდა! თავის ზევით  პატრონი იმათ არა ჰყავდათ,  და.
        გასათხოვარი მამიდა  ქუთაისის ახლო, სოფლიდან  რომ ჩამოვიდა, გასვენების მერე  აღარც წასულა, კარგად უვლიდა ბავშვებს.  სუფთად დაჰყავდა. თვითონაც ხომ მუშაობდა, მარჩენალის დაკარგვის გამო პატარა პენსია დაუნიშნეს ობლებს და იმასაც  სულ იმათ ახმარდა.  კი, მეზობლებსაც ცალი ხელი იმათკენ ჰქონდათ, იტალიურ ეზოში როგორც წესია, ცხელი კერძის პირველი  თავი,  პირველი ამოღება მათთან შეჰქონდათ, ვის ბავშვსაც ცოტა ტუფლი მოუჭერდა, ან კაბა დაუმოკლდებოდა, ან ახალ კურტკას უყიდიდნენ,  ჩაყრიდნენ  ნახმარებს,  ყველაფერს ცელოფანის პარკში და დაუკაკუნებლად, დაკეტილ  კართან დაუდებდნენ, მოკლედ,  ვისაც რა შეეძლო, ყველაფერს  ამათთან ეზიდებოდა.
    არ იყვნენ ცუდად, რა!
      რა დაემართათ, რა მოხდა კაციშვილმა ვერ გაიგო. სისხლით იყო მორწყული იქაურობა, დილიდან ხან ფორმიანი,  ხან სამოქალაქოში ჩაცმული პოლიციელები შედი-გამოდიოდნენ. მერე ჟურნალისტებიც გამოჩნდნენ, მიკროფონიანი გოგოები, ძალით რომ მაროჟნი ჩაგთხარონ  პირში,  ეგრე გტენიდნენ  მიკროფონს და სულელურ კითხვებს სვამდნენ.    გამოაცხადეს, საღამოთი ტელევიზორში უნდა გამოგიყვანოთო.  პირველსართულელი ანჟიკა საპარიკმახეროში გავარდა დილიდანვე, თმა  შეაღებინა, შეაჭრევინა და ახალი ბლუზკა ჩაიცვა, წითელი პამადაც წაისვა, ჩემი შვილები მნახავენ,  ინტერნეტით უყურებენ ტელევიზორს საბერძნეთიდან და  წესიერად უნდა გამოვჩნდეო. მეორე სართულის კიბეებთან უხვდებოდა ყველა კამერ-მიკროფონიანს.   
      ახლა, ცოდნით კი იმანაც სხვებივით არაფერი იცოდა, რა მოხდა და როგორ,  მაგრამ ეგეც კი საჭირო ყოფილა, რომ იტყვი, არაფერი ვიცი, არ გამიგია, წესიერი ბავშვები იყვნენ, მამიდა ზრდიდათ და მაგათი სახლიდან ხმამაღალი სიტყვა არ გამოსულაო. ჟურნალისტებმა ერთი მკითხეს, რა შეგიძლიათ თქვათ ან დაზარალებულზე ან ეჭვმიტანილზეო და ძველი სიბრძნე გამახსენდა ‘’ არ ვიცის დედა იცინოდა და ვიცი დედა  - ტიროდაო’. ხმა არ ამომიღია. მოკლედ მოვუჭერი, რაც სხვამ,  ისიც მე  ვიცი-მეთქი.
      იქაურობას ყვითელი ლენტები ჰქონდა შემოხვეული,  მიცვალებულიც  ადრევე წაუღიათ და ბექაც ბორკილებდადებული წაუყვანიათ, ვიდრე სამეზობლო  წესიერად რამეს გაიგებდა…

***
  მამიდას  ოფიციალურად თამარი რქმევია, მაგრამ  შინაურობაში მაცაცოს ეძახდნენ,  ყველა ასე იცნობდა. მუსიკალური ჰქონდა დამთავრებული, მაგრამ დღეს  ვის რაში სჭირდება პიანინოს მასწავლებელი,  ეზოს გარეთ,  თავდაღმართში რომ სურსათის მაღაზიაა, იქ მოეწყო გამყიდვლად, სახლის  კართან ახლოს, რომ თან ბავშვებზე
მუდმივად  თვალი სჭეროდა, ერთი-ორი კაპიკი -  ისეც რჩებოდა,  მეშოკებიდან  საცალოში შაქრის დაფასოებისას ორმოცდაათი გრამი ხომ კანონიერად  მაღაზიის პატრონისაა და ისიც, თავის მხრით,  ორმოცდაათს კიდევ  აკლებდა, კილო -  ცხრაასი გრამისგან რით განსხვავდება კლიენტის ხელში! შაქარი კი ისეთი რამეა,  პური და ეგ კარგად გადის ზამთარ-ზაფხულ. ზაფხულში -  კიდევ უფრო კარგად, ყველაფერს, რასაც იაფად შეხვდებიან საღამოს  ბაზარში,  ხომ სულ  ამურაბებენ და აკამპოტებენ აქაური  ოჯახის ქალები.
      შესახედავად  მაცაცო იყო, რა! დიდი არაფერი,  მაგრამ  თავიდან არც პატრონი ჰყავდა, ვინმე, არც მთხოვნელების რიგი ედგა.    მაღაზიის გამგეს, ჟორას იქვე, უბანში,  ფეხის მოსანაცვლებელი რომ სჭირდებოდა, ნელ-ნელა შეეჩვია მაგათ სახლს. მოხვეტავდა,  რაც კარგი იყო თავის ნარევი პროდუქტების მაღაზიაში  - კამფეტი, შოკოლადი  თუ ჩიფსი. ბავშვებს მოუტანდა,  გაუნაწილებდა, ხელცარიელი  არ დაგვინახია. ამბობდნენ,  ვერაზე ცხოვრობს,  დიდი შვილები ჰყავს, გოგო-ბიჭი საზღვარგარეთ დაოჯახებულები და  სახლში - ავადმყოფი ცოლიო.

***
    მე მაინც მგონია, მაცაცოს მაღაზიაში რომ მიდიოდა და ყინულზე ფეხი დაუცურდა, იმისი ბრალი იყო, რაც მოხდა. მოტეხით არ მოსტეხია, გადაბრუნებულიაო, ტრამვატოლოგმა. მაგრამ მაღაზიაში სამუშაოდ ვეღარ გადიოდა. ჟორამ დიდი ყურადღება გამოიჩინა, სულ მზა საჭმელები მოჰქონდა,  სულ დატვირთული მოდიოდა.
ჰო, ბექაზე დამავიწყდა მეთქვა,  სამშენებლო საქმეს სწავლობდა, პატარა კი იყო ასაკით, მაგრამ თხუთმეტი წელი რაღა პატარაა, ხელფასსაც იღებდა, რამდენჯერმე რომ ჩავუარე, არყის სუნიც ასდიოდა, მაგრამ ეს ვის უკვირს საქართველოში, სადაც მამები ინტერნეტში ამაყად აქვეყნებენ სურათებს, იმათი ორი წლის ბიჭი უკვე ყანწიდან ღვინოს რომ სვამს, ან არყიანი ნათალი ჭიქა უჭირავს და უფროსებს უჭახუნებს. კარგი,  გეყო! ნუ გააწყალე გული მაგ შენი ამერიკით, მაგის გულისთვის აქ უფროსს დაიჭერდნენ და  მშძობლობის უფლებასაც  ჩამოართმევდნენო. ყველა ქვეყანას თავისი ტრადიციები აქვს.  საქართველო ღვინის და არყის ქვეყანაა.  აქ - მშრალი კანონი - საფლავშია!
        იმ უბედურების მერე სამუშაოდ რომ გავიდა მაცაცო,  ცოტას ისევ კოჭლობდა, მაგრამ  რამდენი ხანი უნდა მჯდარიყო სახლში! ერთ დღეს მთხოვა, კი შემოვირბენ, მაგრამ მაღაზიაში რომ არ ვიყო დღეს, არაფრით არ შეიძლება, იმერეთიდან ყველი უნდა შემოიტანონ, დრო არ ვიცი და ადგილზე უნდა დავხვდე, ია კი სიცხიანია,  ისეთი არაფერი სჭირს, მარტო ვერ დავტოვებ.  სკოლის მერე ლიაც მოვა, სულ ერთი საათი გვიჭირს.  არც შია და არც წყურია, წამლებიც დალეული აქვს, უბრალოდ, მარტო რომ არ იყოს, დაუჯექიო. უარს როგორ ვეტყოდი, სხვა რა საქმე მქონდა გადაუდებელი!
    ვუზივარ იქვე, თან ჟურნალ ‘გზას’ ვათვალიერებ, სიჩუმეა და უცებ სიცხიანმა  თვალგაუხელავად დაიწყო ჯერ  ხმადაბალი კვნესა-კრუსუნივით და მერე ხმამაღლა  ტირილი:
      - სახლის გასაღები შენ ხომ არ გქონდა, ბექა, ვინ მოგცა? … ბექა, დადე  ეგ სამზარეულოს დანა!  პურისთვისაა.. ვის ურტყამ, არ დაარტყა  დანა! ლია  გაიქცა, ვანაში შევარდა... თვითონ გამოვიდა შუშაბანდში ლია, ბექა... ბოლო დროს  ყოველ საღამო გამოდის, ჟორა ძიას ხმას რომ გაიგებს, ...  ბექა, ჟორა ძია კარგი კაცია,  კეთილი კაცია, ბევრი კანფეტი მოაქვს...  სულ მოაქვს,  ბექა!... ეგ წითელი ბიკინი და ლიფი ლიას გუშინწინ, დაბადების დღისთვის მოუტანა. ‘ლანჟერეი ჰქვია, მაცაცოს არ უთხრა, ერთის მეტი არ იყო,  ისიც შენი ზომა, იმას არ მოეგებოდაო, ,... ლიას უნდოდა,  ეჩვენებინა, როგორ მიხდებაო... უხდებოდა, ბექა,  სისხლი,  ბექა,  ასხამს კედელზე ...მეტი არა. მკვდარია უკვე...  ლია ვანაშია ჩაკეტილი და ტირის,  ბექა! მე ისევ ლოგინში ჩავწვები და ვითომ მძინავს და არაფერი არ ვიცი, ბექა!  …  პოლიციაში მე დავრეკე ლიას  ტელეფონით, ….ბექაააააა!
      ვეღარაფერი ვაწამე. უცებ თავისივე ხმაზე გამოეღვიძა, ჯერ თითქოს შეკრთა, სულ რაღაც წამით და მერე ვითომ არაფერი!  გამიღიმა ხათრიანად, მანო დეიდა, რა კარგია, აქ რომ ხართ, პირი მიშრება, საწრუპაოთი  რომ სპრაიტია მანდ,  მომაწოდეთო.  მივაწოდე. მოსვა, გადაბრუნდა და ისევ დაიძინა. ამასობაში ლიაც მოვიდა და გამოვედი.
    რაღაც მსგავსს სამეზობლოს ქალების ნაჩურჩულებშიც  მოვკარი ყური, დამტკიცებით კი არაფერს ამბობდნენ, არც წითელი და მწვანეო, მაგრამ შეიძლება რამე ასეთი მომხდარიყო და ბიჭი ხმას მაგიტომაც  არ იღებსო.
    რა უნდა მეთქვა, სად უნდა მეთქვა, სიცხიანი ბავშვი ძილში  ბოდავდა-მეთქი?
იქნებ  სულაც მე ჩამთვლიმა და მომეჩვენა!

      ***   
    გინდ დაიჯერეთ,  გინდ  არა,  სასამართლოების ამდენ  გადადება- გადმოდებაში თითქმის ორი წელი  გავიდა.  ლია - თავის შეყვარებულს გაჰყვა და  მუცელდატყობილი, ქმართან ერთად არცერთ სხდომას არ ტოვებდა.  განაჩენის დროსაც იქ იყო,  მერე საფრანგეთში მიდიოდნენ,  იქ უნდოდათ ლტოლვილად ჩაბარება და ბავშვის გაჩენა. რა ქნეს, აღარ ვიცი.
  სასამართლოზე მთელი სამეზობლო დადიოდა  ზოგი მოწმედ და ზოგი - ისე. შავებში ჩაცმული ჟორას ქვრივიც სულ იქ იყო. ბოლოში, მარტო  იჯდა,  ხმას არ იღებდა. უბანში ვიცოდით, კიბო აქვს, კვდებაო და  სასიკვდილო იმას არაფერი ეტყობოდა, რა ვიცი!
        იქ ვიღაცამ თქვა,  მუხათგვერდში ვიყავი,  ჟორას საფლავი გავიარეთ და  გრანიტზე, სურათქვეშ  ასე ეწერაო:
        ჟორა    დახლიდარი -
        სიკეთისთვის მკვდარი.
      ბექა ბოლომდე დუმილის უფლებას იყენებდა, ასე დუმილ-დუმილში მიუსაჯეს შვიდი წელი.  განაჩენში ეწერა, რომ ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა  უმოტივოდ,  ცივი იარაღით  რამდენიმე სასიკვდილო  ჭრილობა მიაყენა  სტუმრად მყოფ,  ოჯახის წევრის თანამშრომელს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. 
    ამბობენ, თუ ციხეში ჭკვიანად მოიქცევა, ჯერ ხომ  ეს დრო ეთვლება, მერე  მისჯილი ისედაც უნახევრდება და  თან  რამე ამნისტიაც გამოჩნდებაო.
პატიმრის იმედი ამნისტიაა.
იქიდან რომ გამოვა, ისე არ დარჩება,  ალბათ იპოვის რამე საქმეს,  რასაც ხელს მოჰკიდებს,  მამამისივით ყველაფერი გამოსდის, მშრომელი, წყნარი  ბიჭია.
პატარა და,  ია -  არასამთავრობოებმა  გერმანიაში გაგზავნეს,  მოზარდების ფსიქოლოგიური  რეაბილიტაციის კარგი პროგრამააო. თან სკოლაში ისწავლის, თან  წესიერ ოჯახში იცხოვრებსო. 
    მაცაცო  - დარჩა მაგათ ბინაში.  ტრამვაის მხარეს მდგმურები  დააყენა,  სტუდენტები; მაღაზიის ფართის ქირას  სულ დროზე იხდის და ამუშავებს, ისევ ისე,  რასაც აიღებს ფულად,  საქონელში დებს და ატრიალებს.  ბევრი რა დარჩება, მაგრამ ერთ ადამიანს  თავს გაატანინებს,  პატიმარსაც უნდა რაღაცის შეწვდა, თან სოფელში მარტოხელა დედასაც  უგზავნის ცოტას, წამლისა და  ლუკმის ფულს, კიდევ  დედის კარის  მეზობლისთვისაც - ცალკე იხდის,  რომ  ხანდახან მიუგავ-მოუგავოს იქაურობა, ბალახი გაუკრიჭოს და ცხელი სადილი  გაუკეთოს ან თავისი შეაწოდოს, მიხედოს. 
    გამყიდველად  -  ერთი კარგი გოგო აიყვანა, თავისი სოფლიდან და  შუშაბანდში თავისთანვე აცხოვრებს. 
    ცხოვრებაა, რა!  თითო ჭირი და თითო სიხარული  ვის დალევია! ბოლოს ან ისე იქნება, ან ასე....
გეყოფა!
წავედი!
კარგად!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი