მილიონერი


ნინო დარბაისელი

მილიონერი

გამოგიცდიათ ასეთი გრძნობა?
-  შენ - ადამიანს ღიმილით  იხსენებ, გიყვარს მასზე  სასეირო ამბის მოყოლა და უცებ გაიგებ, რომ  ის - თურმე დიდი ხანია,  უკეთეს ქვეყნად  იმყოფება.
  ამ ბოლო დროს ბევრი ასეთი შემთხვევა დამიგროვდა. ეს - ერთი იმათთაგანია.
    ერთ ახლობელ, სტუმრიან ოჯახში  ოდესღაც ერთი კაცი გავიცანი. ძალიან სიმპათიური, ძალზე ცნობილი, ერთ-ერთი
უმდიდრესი  ბიზნესმენი იმდროინდელ საქართველოში... ოფიციალური მილიონერი.
    ხელი ჩამომართვა თუ არა, ვიგრძენი, რომ მღელვარება დაეტყო, - თითქოს თითები ოდნავ შესამჩნევად უცახცახებდა.
    მერეც სუფრაზეც უცნაურად, თითქოს შემფასებლურად მიცქერდა, რამდენჯერმე მზერა დავიჭირე.
    ოჯახი - საერთო ახლობლის, უწესიერესი და დიდად პატივსაცემი ხალხისა იყო. 
    გავიდა ცოტა ხანი და იმ ოჯახის დიასახლისმა საუბარში მითხრა, იმ კაცმა მოგიკითხა და იმედია, ახლა რომ პატარა (ანუ დიდი)  სუფრა გვექნება, აუცილებლად მოხვალო.
    მოხდა ისე, რომ დავპირდი და ვერ მივედი. მერე რაღაც ხნით გავემგზავრე. მას შემდეგ შორიდან, თბილად ვკითხულობდით ერთმანეთს.
    ერთი წელიც იქნებოდა გასული, რომ ისევ იმ ოჯახში შევხვდით.
  მიყურებს წამდაუწუმ სუფრის გაღმიდან, მიყურებს და ჩემი სადღეგრძელოს დრო რომ მოვიდა, ყველას გასაგონად მეუბნება, ქალბატონო ნინო, თქვენთან ძალიან პირადი, საიდუმლო საქმე მაქვს და აუცილებლად ორი საათით მარტო დარჩენა დაგვჭირდებაო.
      გვერდით  - თვითონ  ანგელოზივით მეუღლე უზის, მე კი არა, ათი ჩემნაირი ქალი იმის ფეხის ფრჩხილად არ ეღირება, არც მე ვარ უპატრონო, რამე ზედმეტი რომ მაკადროს!
    ... მაგრამ  ქეიფია და ღვინო  კიდევ, ისეთი ოხერია, ისეთს ათქმევინებს ადამიანს, ფხიზელს რომ აზრად არ მოუვა!
    არ შევიმჩნიე, რომ არ მეამა,  მსუბუქ ხუმრობაში გადავუტანე.
    იმ დღემ ჩაიარა, განვაგრძეთ ურთიერთმოკითხვები კიდევ კარგა ხანს.
    ჰო, არ დამავიწყდეს,  ქველმოქმედება - ძალიან უყვარდა და მთელი ირგვლივეთი და გაფართოებული ირგვლივეთიც სარგებლობდა მისი გულკეთილობით.
      მდიდრის გულკეთილობა კი ზოგჯერ  შეიძლება, საკუთარი ძალმოსილებით ტკბობითა  და გაჭირვებულ ან დამცირებულ წარსულთან ანგარიშსწორებითაც იყოს მოტივირებული.
      ერთ-ერთ შემდეგ ქეიფზეც ანალოგიური სიტუაციაა და იმავეს  მეუბნება...
    მერე ცოტა რომ ავიშალეთ, ახლოს მოდის და მეკითხება, ხელფასი რამდენი გაქვთო .
ვუპასუხე.
ეგ - ალბათ ერთ თვეში და წელიწადში რა გამოდისო.
ეგეც მოვახერხე გონებაში,  თორმეტზე გადავამრალე  და ვუთხარი. 
ესე იგი,  ათ წელიწადში ათჯერ მეტი ანუ ... ამდენი და ამდენი გამოგივათ, არაო?!
ჰო, ისე გამოდიოდა მრგვლად. დაბეჯითებით გამიმეორა, აუცილებლად მარტო უნდა შევხვდეთ ერთმანეთსო.
  ვიგრძენი, როგორ გამეხსნა  უცებ გონება, ასე იცის ფულზე ლაპარაკმა - იდიოტიც ბრძენდება! რა არ ვიფიქრე აქამდე!
რა გამოცნობა უნდა, კაცი ქველმოქმედებას ეწევა მთელ სანაცნობოში  და ეტყობა, ჩემი სფეროც უნდა მოიცვას. რაკი საიდუმლოდ უნდა მელაპარაკოს, ეტყობა, არ უნდა, სხვებმა გაიგონ, რომ რაღაც ლიტერატურული კონკურსის მეცენატობა გადაუწყვეტია ან რაღაც ღონისძიებისა, ან უბრალოდ უნდა, ერთი მილიონი დაახარჯოს ჩემს სფეროში დასაქმებულების დახმარებას, ანონიმად ურჩევნია დარჩენა და უნდა, სია მე შევუდგინო.
არა, ერთი მილიონი არ მეყოფა, თუმცა რატომ! ყველას კი არ ჩავწერ სიაში, ჯერ ძალიან გაჭირვებულებით დავიწყებ....
ეგრეა, მილიონერთან საქმეს რომ დაიჭერ, შენც მილიონობით იწყებ ანგარიშს, ჯიბეში ძლივს შეკოწიწებული ტაქსის ფულის მეტიც რომ არაფერი გედოს და რომ იტყვიან, ,,სხვის ბიჩოკებზე იყო გაზრდილი”.
    ის ღამე შინ ეიფორიაში გავატარე, ის თვეც,  დავდიოდი და სულ გეგმებს ვადგენდი, რაც  იყო  აუცილებლად გამოსაცემი, ისიც მივუმატე. აქა-იქ ფრთხილად ნიადაგებიც მოვსინჯე, რომ მცოდნოდა, რა საქმე რამდენი ჯდებოდა. კალკულატორი ხელიდან არ გამიგდია.
    დადგა ჩვენი შეხვედრის დღეც. როგორც შევთანხმდით შუამავალთა მეშვეობით, იმავე ოჯახში პურმარილის  დაწყებამდე ორივენი ორი საათით ადრე მივედით. სახლი -  ნამდვილად დიდი იყო და დიასახლისებს ამ ნაადრევი სტუმრობით ხელი არ შეეშლებოდა. ერთი  ოთახი დაგვითმეს და კარი მივიხურეთ თუ არა, ვიგრძენი, ეს ომახიანი კაცი ჩემ თვალწინ სულ გაფითრდა და ლამის შემადგენელ ნაწილებად დაიშალა და ხელში ჩამაკვდა. ენა ძლივს დაძრა, პირი მიშრება,  შეიძლება,  ჭიქა წყალი სთხოვოთო? გავედი, შემოვუტანე დიდი კათხით, ახლა შევნიშნე რომ ჯიბეები ზემოთ-ქვემოთ  გამოტენილი აქვს. ფილმებში როგორ არ მინახავს ჩემოდნით მილიონი დოლარი, მაგრამ უცებ ტვინში ვატრიალებ, სულ ასდოლარიან კუპიურებად რომ იყოს, რამხელა ადგილი დასჭირდება ჯიბეებში.
  ამასობაში ცოტა ფერზე მოვიდა, დაწყნარდა და უცებ მეკითხება:
- აბა, ვინა ვარ მე?
ვუთხარი,  ოფიციალურად ესა და ესა ხართ, შინაურობაში კი ასე გეძახიან-მეთქი.
არა, სახელი კი არა, რა კაცი ვარო!
წარმატებული ბიზნესმენი და მოღვაწე,    კარგი, ვაჟკაცური ადამიანი, ქველმოქმედი,  სხვა უამრავი ღირსებით შემკული პიროვნება - ნეკროლოგის სტილში ჩამოვყარე კლიშეები.
- აბა,  კარგად შემომხედეთ! - და სათვალე მოიხსნა.
ჩვეულებრივი თვალები ჰქონდა, წაბლისფერი, ცოტა დაღლილი.
- მაპატიეთ, გამომრჩა,  რომ ხართ უაღრესად წარმოსადეგი პიროვნება!
- აი, ამაშია სწორედ საქმე!
თქვენც კი ისე მხედავთ, როგორც დანარჩენები! თქვენც კი ვერ  მიცანით, თქვენც კი ვერ გამოიცანით საიდუმლო, სინამდვილეში ვინ ვარ მე.
მეტის გაძლება შეუძლებელია, ბოლოს და ბოლოს ვიღაცამ მაინც ხომ უნდა იცოდეს!
..-  მე ...ვარ ....არა ბიზნესმენი ან მდიდარი ...ქველმოქმედი, რომელსაც ყველა ეპადხალიმება, არამედ ....ერთი .... ერთი.....საწყალი...... პატარა...... პოეტი!
აი - ჩემი ყველაფერი....
ამ სიტყვებზე დაიწყო პირდაპირ იატაკზე ჯიბეებიდან  ამოღებული ათასნაირი სიძველის და ნაკეცობის ქაღალდების ყრა. .
ჯერ ერთი, პირველი გამოქვეყნებული ლექსი წამიკითხა გაზეთის ამონაჭრიდან.  ვუთხარი, შეიძლება, ჩემი თვალით წავიკითხო- მეთქი, ამონაჭერს ბოლოში ეწერა გაზეთის დასახელება ,,ლენინის გზა” (ან გზით, სიზუსტეზე თავს ვერ დავდებ) და თარიღი .
აი, ამ დღეს დავიღუპე- თქვა,
  მერე დავსხედით ორივენი  მოლაქულ იატაკზე და დაკეცილებს ვხსნიდით და მორიგეობით ერთმანეთის გასაგონად ვკითხულობდით ლექსებს, დროდადრო ყელი რომ გვიშრებოდა, საერთო ჭიქიდან ვსვამდით წყალს. ამასობაში გარედან სტუმრების ხმებმაც შემოაღწია ანუ ჩვენი აუდიენციის დროც ამოიწურა
მეკითხება, რას იტყვი საბოლოოდ, როგორიაო.
ვაი ჩემს თავს, რა ვთქვა ახლა, - ტყუილს - ვერ ვიტყვი, მართალს - არ ეღალატება.  ვფიქრობ- მოვიკრიბე ბოლო ჭკუა და ვეუბნები:
- რა ნიჭიერი ყოფილხართ და რა  მართლაც გულდასაწყვეტია, რომ თქვენი სახით ერთი კარგი პოეტი დაკარგა საქართველომ.  ეს არის ძალიან კარგი მასალა,  ცხოვრებაში პოეზიისთვის მეტი რომ მოგეცალათ,  ამ ყველაფერზე რომ გემუშავათ, ერთი კარგი კრებული გამოგივიდოდათ.
- არა, კრებული არ მინდა, ფული კი არ მენანება, მაგრამ რომ გამოვიდეს, არა მაქვს  ამ ხალხის პადხალიმაჟის თავი. იცი, რა მინდა? დავტოვო ეს ყველა და ყველაფერი, წავიდე, პატარა ქოხი მე თვითონ ავიშენო სადმე, ტყეში, შეშის ფეჩზე ჩაინიკით წყალი მედგას, ჩაიში  გამხმარი პური ჩავილბო,  ვწერო და ვწერო...
თან ამას ამბობდა, თან მეც ვეხმარებოდი, ყველაფერს ისევ ისე ვკეცავდით და რაღაც, მხოლოდ მისთვის გასაგები წესის მიხედვით იწყობდა ჯიბეებში.
მერე ერთმანეთს გადავეხვიეთ. შავი სათვალე ისევ გაიკეთა და ცრემლიანი თვალებიც დაეფარა.
ოთახიდან სტუმრებთან  გავედით და
ყველა მიეგება ისევ იმას,  იმპოზანტურს, ვისი ახლობლობაც აწმყოსა და მომავლის პრობლემათა დაძლევის იმედს უნერგავდა ირგვლივმყოფებს.
  მას მერე საქართველოში აღარ დავბრუნებულვარ, ამბავი კი ბევრჯერაც გამხსენებია და სხვებისთვისაც მიამბია შექცევის ჟამს. ცოცხლად მეგულებოდა.
ახლა შემთხვევით გავიგე, რომ იმ ამბიდან ცოტა ხანში გარდაცვლილა,
მაშინ უკვე სცოდნია თავისი ვერაგი სენის დიაგნოზი.
ნეტა ერთი ფურცელი მაინც მეთხოვა და დამეტოვებინა ჩემთვის ან ერთი ლექსი დამემახსოვრებინა!
თუ პოეზია ისაა, რასაც  გაიხსენებ და  გულს ადგილიდან დაგიძრავს, სევდიან ღიმილს მაინც მოგგვრის,  მქონოდა ჩემთვის, გულში!
ორი სტრიქონი მაგონდება ბუნდოვნად:

“ და შენც, დედამიწავ, ფრთხილად,
აღარ გააღვიძო იგი!”

ოღონდ, ვისზე და რაზეა, აღარ ვიცი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი