თარხანას ბრინჯი


ნინო დარბაისელი სტრონი

თარხანას ბრინჯი

-  ხედავ?! მოსვლაც არ იკადრა,  ცუდად ვარო. ეს მაგისი  - ნუცას ხელით გამოგზავნილი  ასი დოლარი  რას გასწვდება! ვითომ არ იცის, რომ არავის არაფერი არ გაგვაჩნია! -
    გამოსული არ ვიყავი  ხრუშოვკის ოთხი კვადრატული, გაბოლილი სამზარეულოდან რომ ზურგში მომაყოლეს ეს სიტყვები.
  შემოსასვლელში დავდექი ისე,  ფეხებში რომ არ მოვდებოდი ყველა მომსვლელს და ყელი ჩამეკეტა.
  ჰო, თარხანა გარდაგვეცვალა,  ჩვენი ... როგორ უწოდებენ ახლა? უნარშეზღუდული, არა?  ჰო, დაბადებით უნარშეზღუდული კურსელი  გარდაგვეცვალა  და  პირველი პანაშვიდი იყო.     
    ბოლო პანაშვიდზე თლიფინა  თანოს, რომელიც  ეკონომიკის ფაკულტეტზე თავიდანვე უფროსობას იყო დაჩვეული და  დამთავრებიდან თითქმის თხუთმეტი წელი, აქამდე გამოჰყვა,  დაუწებებელი კონვერტი მივეცი, შიგ  კომპზე ნაბეჭდი  ფურცელი იდო:
      „ბოდიში,  გოგოებო,  ვერც გასვენებაში მოვდივარ, არა ვარ კარგად.  ჩემი რესტორანი რემონტშია,  თორემ  ჩვენი თარხანას ქელეხს, ნათელი დაადგეს და,  სხვაგან როგორ გადავიხდიდი.  სასაფლაოდან წისქვილში ოცი კაცი წახვალთ, მაგიდა  მზად დაგხვდებათ, ფული გადახდილია.  რომ მიხვალთ, შესასვლელში  ვალერა იკითხეთ,  გაფრთხილებულია და მოგხედავთ.“ -
    დაამთავრა კითხვა და კარგი, მაშინ ჩვენ ორმოცისთვის ავაგროვოთო.
    დაიწყეს ოცკაციანი სიის შედგენა ჯერ ზეპირად,  აუცილებელი ხალხი ჩამოთვალეს, მეტი გამოუვიდათ, მერე აერიათ და  წერილობითზე გადავიდნენ.   
      მე არც გავხსენებივარ და აღარც  თავი შემიხსენებია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ,  საერთოდ ვერ ვიტან ქელეხებს, მით უმეტეს, ახლობლისა.
    - სიკვდილმა თქვა, კაცი ვერ წავიყვანე, ვინმეს რომ არ დაბრალდესო,- დაიწყო  ერთმა - და იცით, რა? ანკას ბრინჯის რჩევამ მოუღო ბოლო. ეხუმრებით? ამდენი წელი,  ყოველკვირა მაგისი რესტორნისთვის  ათი კილო  ბრინჯი არჩიო. გამოღამებული ჰქონდა  საწყალს თვალები. თან რისი გულისთვის, რაღაც ოცდახუთ ლარს აძლევდა.  დღეში პაჩკა პაპიროსი ძლივს მოსდიოდა და პაპიროსი ეყოფა ადამიანს? ან პური არ უნდა?  ან პაკეტი? ან  კბილის პასტა? ან...  ან, რა ვთქვა!
  - ყველაფერი ფული ღირს დღეს და, რა ვიცი, ხუთკილოიანი ბრინჯი სულ ათი ლარი ჯდება. ალბათ იმიტომ, რომ ბევრი ნაგავი მოჰყვება და ძნელი გასარჩევია.  ისე, უნდა იცოდე, კარგი რომელია, გამოდგომაზეა. ჩვენ მაგალითად  ორი ხუთკილოიანი მთელი წელი გვყოფნის. ნუ ოჯახი  მაინც სხვა ამბავია.
  - მართლა, გადახვედით დედამთილის სახლიდან?- ერთს  ჰგონია, ხმადაბლა ეკითხება აწოწილ მოლაპარაკეს, მაგრამ მჟღერი პასუხი  ერთი მსახიობის რადიოდადგმასავით მოსდევს:
-  არა, ჯერ ისევ იქ ვართ. აღარ დააყენეს საშველი ჩვენი სახლის დამთავრებას,  პრარაბიც ვერ  გამოვიცვალეთ. რას აკეთებენ,  იცი? შენ რომ გიშენებენ, შენისთანა კერძო სახლი ერთი ხუთი აქვთ ერთდროულად აღებული, ჩამოუვლიან, აქა-იქ  ცოტა რაღაცას ვითომ გააკეთებენ და დაიკარგებიან. სხვა კიდევ სხვის დაწყებულს ხელს არ ჰკიდებს.  ბანკის ვალი გვაქვს აღებული ამდენი ხანია.  გავტყავდით.

***
    დღეს,  გასვენებაში ცალკე ვიდექი დანარჩენებისაგან.  თუმცა რა! მუდამ ასე არ  ვიდექი?!  მიჩვეული ვარ. 
    წამსვლელები უკვე წავიდნენ წისქვილში. მე -  თავდაღმართში ფეხით ჩავალ და იქიდან რამეს გავყვები.
-  ეჰ, თარხან, თარხან, მართლა არაფერი ყოფილა ჩვენი სიცოცხლე.
    აღარც მე ვიქნები მოსასვლელი შენთან ყოველ პარასკევს ბრინჯის საქმეზე.
რამდენი წელია დავდივარ?  ანკას  ვატოს ასაკს ასე, ცხრა თვეც რომ მივუმატოთ, იქნება  ხუთი წელი, არა?
სტუდენტობისას,  შენც გეხსომება,  მე და ანკა არ ვიყავით ახლოს. მერე  გაჭირვება რომ დაიწყო,  ეკონომისტის სამსახური ვერ ვიშოვე და მაგისი სადარბაზოს ქვეშ, მაღაზიაში მოვეწყე გამყიდვლად.  ტელეფონით მირეკავდა,  გეხვეწები, ნუ ჩამომიყვან, ფულს შპილკით გადმოგიგდებ, ესა და ეს ჩამიწყე, ლიფტს ჩამოვუშვებ,  დაბლა ერთი ცელოფანიც დაუფინე პარკს და ამოუშვიო,  მაგ ფულიდან ხურდა არ მინდაო.
          მერე ერთი-ორჯერ მთხოვა, სახლს ვალაგებ და დამეხმარეო,  ერთხელაც ტანსაცმლის კარადა გაცალა და ჯერ აბა,  ეს მოიზომე,  აბა, ეს თუ მოგერგებაო და მერე ყველაფერი  დიდ  პარკებში  ჩამიყარა. ძლივს  მივათრიე გვერდზე სადარბაზოში  ჩემს კარამდე.  ფულიც კარგად მომცა და მაცივარში რაც ზედმეტი ჰქონდა, სულ გამომილაგა და გამომატანა. მერე და მერე უფრო მენდო, ხან რომ მიდიოდა დასასვენებლად, სახლ-კარს მე მაბარებდა და დაწკრიალებულს ვახვედრებდი, გაზზე  კომშის კამპოტით.
    მერე მითხრა, იმ მაღაზიაში ისეთს რას გიხდიან, რომ იყინები კარღიაში, მე დამხმარე სულ მჭირდება,  მომხედე, სახლი დამილაგე,  დამირეცხე, აქა-იქ ადვილ  წასასვლელებზე გამეგზავნე, რაღაცეებით მომამარაგე, ხუთ იმდენს გადაგიხდიო.
    ტუზი დამეცა.
    ჰო, თარხან, ეს ამბავი არც შენთვის მომიყოლია და  ამათ იციან თუ არა, აზრზე არა ვარ.
    რა უნდა მომეყოლა, კურსელებიდან  ყველა გულს გიშლიდა  ან ვითომ მართლა გიშლიდა და  ამდენი სმენით გაბეზრებული იყავი. 
    პარასკეობით, ბრინჯზე რომ მოვიდოდი,  შინ კი შემიწვევდი, დაჯექი, დაისვენეო, მაგრამ სულ ჩუმად იყავი.  ყოფილა, რომ  ფული უხმოდ დამიდია, ბრინჯის ხუთკილოიანებისათვის ხელი წამომივლია,  მადლობა-ნახვამდის გაგვიცვლია, ავმდგარვარ და წამოვსულვარ.
    რას ვამბობდი?! ჰო, მაღაზიაში ერთი ბიჭი შემოდიოდა,  ჩვენს კორპუსში მდგმურად ცხოვრობდა. პაპიროსი და ფანტა მიჰქონდა ნისიად,  მაგრამ ყოველთვის იხდიდა.
    რა ლამაზი ცისფერი თვალები გაქვსო, თმას იღებავ თუ ბუნებრივად ხარ ასე ქერაო,  მეუბნებოდა. ეგ ერთადერთი ადამიანი მამჩნევდა, როგორ ხასიათზე ვიყავი ხოლმე. ბექა  მქვიაო. დასავლეთ საქართველოდან იყო. 
    ბმშობლები რომ  თითქმის ერთდროულად დამეხოცა, მოხუცი დედის  გასვენებიდან ერთი კვირაც არ იქნებოდა გასული,  მაღაზიაში  მოვარდნილმა მამიდაჩემმა  სულ შე  აყვანილო, ლოთის დაგდებულო, პრიბალტიკიდან  ჩამოთრეულო მეძახა და მაგ ბინიდან იცოდე,  ერთი  ოთახი კანონით  მე მეკუთვნის, დროზე გამიცალე, უნდა გავაქირაო, თორემ სულ გამოგასახლებო,  ყვიროდა.
        ამ დროს ბექა შემოესწრო და  უცებ ეუბნება, ქალბატონო, ჩემს საცოლეს რეებს ჰკადრებთ, მიბრძანდით აქედან, თორემ მერე არ გეწყინოთო. მე მომიტრიალდა, ნუცი,  სამსახურში კალიცოს რატომ არ იკეთებ,  კიდევ გეშინია, შაქრის მეშოკში არ ჩაგივარდეს აწონვისას და ვინმეს არ გააყოლო? გეყოფა მუშაობა! დაკეტე  ეხლა ეს მაღაზია და სახლში ამოდიო.
      მამიდაჩემის სიფათი უნდა გენახა! ენაგადაყლაპული გაიძურწა.
      ერთ საღამოსაც  ჩემი ბინის კარზე ზარია. გავიხედე, ბექა დგას დიდი ბარგით.     
        პატრონმა  ბინა დამაცლევინა, უცებ ვალებში დასჭირდა და გეხვეწები, ეს ჩემი რაღაცეები დროებით შენთან იყოსო. უარს როგორ ვეტყოდი, დატოვა ყველაფერი,  წავიდა და წავიდა.
    უკვე ვფიქრობდი, დასავლეთ საქართველოდან როა ვიცი, მაგრამ სად ვიპოვო ეს ადამიანი, გვარი მაინც მეკითხა-მეთქი. ბინის  ძველ მეპატრონეს სადღა მივაგნებდი  და  აზრზე არ ვიყავი, რა უნდა მექნა.

***
      იმ დღეს რა დამავიწყებს, ამ  რვა წლის წინ  ბარბალობა იყო, ახალი წელი ახლოვდებოდა, დილაადრიან მომადგა წვერგასაპარსი,  გაყინული,  გასაცოდავებული, სიცხიანი. 
    ჩაი დავუსხი, სული მოითქვა და ალაპარაკდა:
    ბინიდან ხომ გამიშვეს, სამსახურიც დამეკარგა, ამდენი ხანია,  ხან სად მძინავს, ხან სადო, ქუჩაშიც, ცივ ქვაზეც  გამითენებია ღამეო.  ფული რომ მაშოვნინა,  ერთი ასე,  ორას დოლარამდე,  გზის ხარჯადაც მეყოფოდა და თან ამ საახალწლოდ ოჯახს თბილისიდან ხელცარიელი ხომ ვერ მივადგები, აქ წარმატებული ბიზნესმენი ვგონივარ და დედაჩემს წნევები აქვს, გული გაუსკდებაო.  ვინმე ხომ არ იცი, გასასესხებელი რომ ჰქონდეს. ერთი თვისას პროცენტს ეგრევე გადავუხდიო.
        ორასი დოლარიც მქონდა მოგროვილი და მეტიც, ფული პრაქტიკულად არაფერში მეხარჯებოდა კომუნალურების გარდა, საჭმელი - უფასო, ჩასაცმელი -  უფასო, თან ანკას მალ-მალე,  გარდა  სამუშაოსთვის შეპირებულისა,  ფულის ჩუქება ისედაც უყვარდა, კარგ ხასიათზე  როცა იყო,  მაგრამ  ფული რომ ედოს ამ საახალწლოდ გასასესხებელი  არც სხვა ვიცი და არც მე არა მაქვს, ესეთს არსად არ გაგიშვებ-მეთქი, ჩავაწვინე, მოვუარე, ფეხზე დავაყენე. ერთ კვირაში, შობა რომ მოახლოვდა,  ისევ ისეთი ბექა დადგა. ის -  იქითა ოთახში იყო, მე- აქეთაში. ძალიან ხელმარჯვე გამოდგა. რასაც ხელი მოჰკიდა, ყველაფერი გააკეთა.  საახალწლოდ ანკასთან რაღაცეებში დახმარება მჭირდებოდა, იქაც გადმოვიდა და ყველაფერში მიშველა.
      იცი, მერე როგორ ხდება?  ჯერ ტელევიზორთან ჩაგეძინებათ ერთად,  ტახტზე  დამსხდრებს და მერე მიწოლილებს, მერე და მერე, მერე და მერე ეჩვევით, რა!
  ერთჭერქვეშ, მარტო დატოვებული ქალისა და ახალგაზრდა კაცის ცალკე ოთახებში და ცალკე ლოგინებში წოლა დიდხანს გაგრძელდება?
    ისე,  ან მე რა მქონდა დასაკარგი, ან იმას!     
    ფეხმძიმედ არ ვრჩებოდი. ისედაც ვიცოდი, რომ განუვითარებელი საკვერცხეები მქონდა თავიდანვე,  მაგრამ  რომ მეუბნებოდა, ერთი შვილი გავაჩინოთო, ვპასუხობდი, რასაც დათესავ, იმას მოიმკი-მეთქი.
  ოჯახი ვიყავით, აბა, რა!
  საქმეებში ერთმანეთს ხელს ვუწყობდით, ანკას ორივე ერთად ვუვლიდით. ისიც პატივისცემას არ გვაკლებდა.  ერთი ფიქრი ისიც ვიფიქრე, ჩაჩავაში უშვილობაზე ხომ არ გავესინჯო, მედიცინა ისე განვითარდა, რამე ახალი ეცოდინებათ-მეთქი და  ვერ მოვაბი თავი.
        ამასობაში წელიც გავიდა. ერთ დღეს ანკა მეუბნება, მარტო ამოდი, სალაპარაკო მაქვსო. შენს ბექას, შენ რომ გგონია,  ყოველდღე მორთულ-დაადეკალონებული სამსახურის საძებნელად დადის, შეყვარებული გაუჩენია,  კარგი, ლამაზი, ახალგაზრდა, თბილისელი, დედისერთა გოგო და დღე-დღეზე  დანიშვნას და ცოლად მოყვანასაც უპირებსო. 
      აი, ეს ისეთი დაუჯერებელი ამბავი იყო ჩემთვის, როგორ გითხრა, აი,  ისეთი დაუჯერებელი, როგორც  ... როგორც...,  როგორც ლიმონი რომ ადგეს და გაფრინდეს.
    თუ გინდა, გაჩვენებ, იმ გოგოს სავსე აქვს ინსტაგრამი ერთად გადაღებული სელფებითო.
      არ მინდა-მეთქი.
      მოკლედ,  რა!
    თან  სწორედ იმ ბოლო დღეებში ისეთი ყურადღებიანი  და ალერსიანი იყო, ადრე  იის კონაც რომ არ მოუტანია ჩემთვის, ყვავილები  ზედიზედ, ორჯერ მომართვა, ერთხელ თითქმის ჩემსიმაღლე, შავი ხავერდის ვარდები, ისეთი, გადაჭრა და ვაზაში ჩაწყობა დაგენანებოდა; მერე,  ვაზა გავცალე თუ არა - იასამნები, იმდენი, იმდენი, რომ სუნი მთელი კვირა სადარბაზოში და ლიფტშიც კი იდგა.
      მანამდე  ბექას გვარიც რომ ძლივს გავიგე, არცერთ მის მეგობარს და  ნათესავს რომ არ მაცნობდა, იმ დღეებში მითხრა, ჩემო სიცოცხლე,  ვანაში  ვენტილებია მოსაწესრიგებელი, გასდით და ერთ ოთახში გასალესები გავლესოთ,  შპალიერი გამოვცვალოთ, იატაკიც მოვაწესრიგოთ, ყველაფერს ჩემი ხელით გავაკეთებ,  შენ ხომ იცი,  ერთი - სვარკის გარდა, ყველაფერი გამომდისო. შენ მარტო მასალები მიყიდე, ჩემი დედ-მამა და უფროსი ძმა  სტუმრად აპირებენ ჩამოსვლას და  მაისის ბოლომდე  დარჩენას.  შენი გაცნობა უნდათო.
    კბილის ექიმთანაც დავიწყე სიარული, მანამდე რომ ფული მენანებოდა,  ვიფიქრე,  სტუმრებს  რომ გავუცინებ, რაღაცას ხომ უნდა ვგავდე-მეთქი.
      ანკა მეუბნება, გოგო,  მაგათ მხარეში  წესივით მიღებულია, თბილისში რომ ჩამოდიან, ვიდრე ფეხზე დადგებიან, ჯერ  ვინმე, ასაკით უფროს, ან განათხოვარ, ბინიან ქალს შეეკედლებიან, იმის ხარჯზე იცხოვრებენ, ჭამენ-სვამენ,  თავს კარგად  მოავლევინებენ, ერთ  ბავშვსაც გააჩენინებენ, რომ ყველაფრით გარანტირებულები იყვნენ,  ცოლსაც დაუძახებენ, მანამ იქ არიან  და როგორც კი მოღონიერდებიან, ახალგაზრდა, კარგ, პატრონიან საცოლეს მოძებნიან, ერთ დღესაც, ვითომ არაფერი, კარს გაიხურავენ  და ახალ  ოჯახს შექმნიან.
თან არ გეგონოს, ძველთან ბოლომდე ურთიერთობა გაწყვიტონ, იქნებ კიდევ რამეში გამომადგესო.   
    აგერ,  ამდენი ხანია, თქვენს ურთიერთობას ვუყურებ,  მაგას ევროპულად გელფრენდ-ბოიფრენდობა ჰქვია და ქართულად - ქართულად... ისევ არაფერი!
        შე შტერო, სოფლიდან თავისი ოჯახი შენი კი არა, იმის გასაცნობად ჩამოჰყავს და შენთან უნდა დააბინაოს კომფორტულად, მანამ ყველაფერს აიწყობს,  რემონტსაც  იმიტომ აკეთებსო.
    იცი, რა ვქნათო?  … ჩემს ნაცნობს  რამე  ცნობას გავაკეთებინებ, ვითომ შიდსზე ვმკურნალობ, მერე იმ გოგოს დაქალს ვიცნობ,  ჩემს ახლობელთან მუშაობს ოფისში მდივნად. იმის მხრიდან გოგოს შევხვდები  სადმე, ახლობლურ სიტუაციაში…
    არ არის მეთქი საჭირო-მეთქი, ერთი წამოვიკნავლე.
    ვაჰ, რა მართალი ხარ! როცა გინდა, რა ჭკვიანური აზრები მოგდისო.
    პირადად იმ გოგოსთან შეხვედრა  და გართულება  მართლა რა საჭიროა! 
    ჯობია, ვითომ ვინ ვისი რა არის, არაფრის აზრზე არა ვარ,  იმ დაქალს ბექაზე ვეტყვი, ჩემი სქესობრივი პარტნიორია და ორივენი  შიდსზე ვმკურნალობთ-მეთქი, საბუთსაც ვაჩვენებ და დავაფიცებ, საიდუმლო შემინახოს…
    ან იმ ცნობის გარეშე არ მიუტანს ამბავს თუ რა!
      პრინციპში, დაქალთან დალაპარაკებაც ზედმეტია.
    ოფისში რომ შეხვალ, ადამიანურად ხმას ვერ ამოიღებ, სულ ყური აქვს მოდებული. ჰოდა, ამ ყველაფერს მე ჩემს ახლობელს ვეტყვი.   
    არ არსებობს, არ მოგვისმინოს, ეგრევე არ გავარდეს, ამბავი არ მიუტანოს და ყველაფერი არ ჩაიშალოს!
    მოკლედ, მე მივხედავ მაგ ამბავსო.

***
      თარხან, შენ ეხლა ისეთ ადგილზე ხარ, ტყუილსა და მართალს ეგრევე გებულობ. რა მოხდა, როგორ,  მართლა აზრზე არა ვარ. ერთი შემიძლია ვთქვა, რომ  ამის მერე იმ მოზიდული მასალებისთვის  ბექას ხელიც აღარ უხლია და არც იმისი ოჯახი ჩამოსულა. სულ ბოღმა ხასიათზე იყო, ისევ არ მუშაობდა, ტელევიზორთან იწვა  ხელში პულტით მთელი დღე, ან ამოდიოდა და როცა მჭირდებოდა,  ანკასთან მეხმარებოდა. მერე თანდათან  რაღაც ხასიათი გამოუსწორდა.  საღამოობით გადიოდა კვირაში ასე, ორჯერ, მერე ღამე მოუსვლელობას მოუმატა და იცი, რა?! თანდათან ბიოლოგიური ზიზღივით დამეწყო. გადავიღალე. ერთხელ გადასატანი ხომ უკვე გადავიტანე და ეხლა რაც უნდა, ის ქნას-მეთქი. რა მოგატყუო, მიფიქრია, ნეტავი გზა იპოვოს,  წავიდეს, მეც დავისვენო-მეთქი.

      ***
      რატომ არის, რომ ცხოვრებაში თუ რამე ხდება, ყოველთვის რაიმე მნიშვნელოვან დღეს ემთხვევა. ან არადა ყველა დღე მნიშვნელოვანია კალენდარში და მაშინ-ღა ვამჩნევთ.
      მარიამობა გადასული იყო, პირველი სექტემბერი დგებოდა. ანკამ დამიძახა, მარტო ამოდიო. მეუბნება, საშვილოსნოს ფიბრომა აღმომაჩნდა,  აქ კი არიან კარგი ონკოლოგები, მაგრამ არ მინდა გამიხმაურდეს და ვაპირებ  თურქეთში, კლინიკაში  წყნარად გავიკეთო. მარტოც არ მინდა წავიდე, შენ გაგიყოლებდი, მაგრამ მაინც უცხოეთია,  მგზავრობისას და ჰოსპიტალში ყოფნისას  გარედან კაცური მიდგომ -მოდგომა  და პატრონობა - მაინც სხვა არის. რა იცი, უცებ რა დამჭირდება. ბექა მაინც არაფერს გიკეთებს აქ და შესახედავად კაცს ჰგავს, მაგას გავიყოლებ, რა თქმა უნდა, ჩემი ხარჯით,  დაველაპარაკოთო.
    დაველაპარაკე, ყველაფერი ვუთხარი.
    ჯერ შეწუხდა, მერე შეყოყმანდა,  დაფიქრება  მჭირდებაო, მაგრამ ბოლოს კიო, ახლობელ ადამიანს ასეთ დროს თუ არ დავეხმარეთ,  არ გამოვაო.
    მეორე დღესვე ძვირფას შოფებში საყიდლებზე წაიყვანა ანკამ. სულ ძვირფასები უყიდა.
        აეროპორტში რომ ვაცილებდი,  იმისთანა იყო ეს ჩვენი ბექა, მაღალი, წარმოსადეგი, მაგარი საათიც ეკეთა, იფიქრებდი, მონაკოს პრინციაო. ბარგის ჩაბარების მერე  დრო მთელი საათი გვქონდა და იქვე, კაფეში დავსხედით. ცოტა ხნით დაგვტოვეო, ანკამ ბექას უთხრა და  ისიც მორჩილად რომ გაგვეცალა, მე მომიტრიალდა:
-  ნუცი, ეს ამბავი არვისთვის მითქვია აქამდე. ერთხელ სულ ადრე, პირველად რომ შოვნა დავიწყე, თარხანას ცოტა ფული მივუტანე. ვიფიქრე, დავეხმარები, მადლია-მეთქი და ცივად მომიგდო, მომკლა მაგისმა თავადიშვილობამ.
      გავიგე ბატონო, ეგ  თარხნიშვილია და  მე  -  ნაბუშარიძე, მაგრამ  ხომ გადავარდა ეს ბატონყმობა საუკუნეა. დღეს - მაგას უჭირს და მე ვარ კარგად. არა, სხვები ალბათ,  ჩემზე კარგადაც არიან, მეტსაც შოულობენ, მაგრამ იმათ შესანახებიც ჰყავთ, შემოსავალი ერთი აქვთ და გასავალი -  ათასი და  და მე რასაც ვშოულობ  -  ჩემი თავის მეტი,  აბა, სად გამდის,  გადასახადების გარდა! ნახლებნიკი ნათესავები დიდი ხანია, მოვიწყვიტე,  ერთხელ , ათჯერ, ასჯერ რომ ვნახე და დავრწმუნდი, მაგათგან  ხარჯისა და შარის მეტი არაფერი იყო.
        მაგ საცოდავ თარხანას  მართლა არავინ არა ჰყავს ქვეყნაზე  და გოგოებიც  რომ მიადგებიან  მალ-მალე და ვითომ რამეს მიუყოლებენ, ბოლო ნამცეცამდე თვითონვე შეუჭამენ, იქაურობას  აურევენ, გაუბოლავენ და მიდიან. ფეხის მოსანაცვლებელ კლუბად აქციეს მაგისი ერთოთახიანი.
        ვიფიქრე, რა ვქნა, რა ვქნა-მეთქი და ეგეთი რამე მოვიფიქრე.  ვიყიდე ოთხი მეშოკი დასარჩევი ბრინჯი, ვითომ რესტორანში  მჭირდებოდა, კვირაში ერთხელ, პარასკევ საღამოს მივდიოდი ეს წლები და  ორი მეშოკი დარჩეული მომქონდა, ცალკე  - პატარა პარკში ჩაყრილი თავისი ნაგვიანად, ესეც გვჭირდება დასარწმუნებლად, რომ დარჩეულია-მეთქი და ორ დასარჩევს ვუტოვებდი ფულიანად. სახლში იმ ნაგავს ისევ იმ ბრინჯში ვურევდი  შემდეგ პარასკევს წასაღებად და ასე. 
  დასასვენებლად  - ყოველთვის შაბათიდან ხუთშაბათამდე მივდიოდი, რომ თარხანას პარასკევი არ ჩამეგდო. ეხლა რომ მივდივარ გაურკვეველი დროით, მაგისი დარდი მიმყვება. იქნებ დიდხანს დამაწვინონ და რა ეშველება!
    აბა, შენ იცი, ნუცი, სახლ-კარი შენ გაბარია, სახარჯო ფულიც, იცი, სად დევს და არ ჩააგდო არცერთი  პარასკევი!
    ჩემი ბიზნესებისა არ მეშინია, აწყობილი მაქვს კარგად და პარტნიორებიც  კარგი მყავს, სანდო და იმათ ჩავაბარეო.
          ჩემს ამბებს  როგორც მოგვიხერხდება, გაგაგებინებთ, თუ ვერ დაგირეკეთ, მესიჯად მოგწერთ ფეისბუქზე.

        ***
    თითქმის თვე იწურებოდა,  ცალკე ბექა და ცალკე ანკა  სულ თბილ წერილებს მწერდნენ,  ერთი-ორჯერ დამელაპარაკნენ კიდეც, ცუდად ისმოდა, მაგრამ გამაგებინეს, რომ ქიმო დაიწყო და პროცედურები იყო მძიმე, მაგრამ პროგნოზი  - არც ისე ცუდი.     
      მოწყენილობისგან ერთხელაც,
ფეისბუქს ვსკროლავდი და რას ვხედავ,  საერთო კედელზე ჩემი ფეის-მეგობრის სურათია ისტამბულის  პლიაჟიდან და  იქვე, უკანა პლანზე, დიდად,  ანკა და ბექა დგანან  კუპალნიკებში.  ანკას  - გამხდარ ტანზე გამოპუსკული მუცელი ეტყობა და თითზეც  ქორწინების ბეჭედი კარგად  უჩანს.
    თარხან,  აქამდე არ მომიტყუებიხარ და ახლა გითხრა, რომ გადავირიე-მეთქი? 
      არა, პირველი აღელვება მართლა  ავღელდი, ზუმით  გავადიდე სურათი,  ყველაფერში კარგად დავრწმუნდი.
უფრო ის განვიცადე, რომ  ორმა უახლოესმა ადამიანმა,  ერთად  ასე მომატყუა, თან რამდენ ხანს მატყუებდნენ!          და კიდევ, იცი, რა?!
      იქამდე რომ მეგონა, ეს შიდსის ამბები ანკამ სულ ჩემი გულისთვის  მოიგონა,  ეს ძალიან მაწუხებდა და რაღაცნაირად, უცებ მომეშვა. სიმსუბუქე ვიგრძენი.
      ისიც ვიფიქრე, მე რაღას მეუბნებოდა, ხომ შეეძლო უჩემოდაც ექნა იგივე, რას გავიგებდი-მეთქი, მაგრამ საჭიროდ რომ არ ჩაეთვალა, ხომ არც მეტყოდა.
    იმწუთას არც არავინ გვერდით ისეთი არ მყავდა, რომ დავლაპარაკებოდი, გარეთ გავედი, მომინდა სადმე, ეკლესიაში შევსულიყავი, ჩვენკენ ხომ ყველა ფეხის ნაბიჯზეა, მაგრამ ისეთი დრო იყო, სადაც მივედი, ყველა კარი დაკეტილი დამხვდა.
    მერე ჭკუას მოვუხმე და თავს ვუთხარი: შვილი მე არ მიჩნდება, ბექას შენახვა - მომწყინდა, ანკა -  თან მყვება, მაგისით მიდგას სული და ძალიანაც კარგი, თუ ერთმანეთი შეირთეს.
    უჩემოდ მაინც ვერ გაძლებენ, ერთი მოსამსახურე სულ დასჭირდებათ-მეთქი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩამოსულები უხერხულად იყვნენ ჩემთან. არ იცოდნენ, საიდან რა დაეწყოთ. მე - ვერთობოდი მაგათი გაჭირვების შემყურე. ხომ უკვე ყველაფერი ისედაც ვიცოდი. 
    ბოლოს ანკამ უამრავი შეხვეული საჩუქარი მაგიდაზე დამიწყო, ეს სულ შენ გიყიდეთო და  თან თითზე ბეჭედს აწვალებს,  მეუბნება,  კარგი ექოსკოპია გავიკეთე და აქ ფიბრომა რომ ეგონათ, ფეხმძიმობა ყოფილა,  ჯერ ბოლომდე თქმა ძნელია, მაგრამ თურქებმა,  ბიჭი ჩანსო.  ორ კვირაში სამ დის  აქ გავიკეთებ  და  უკეთესად გამოჩნდებაო.
      რა საჭირო იყო ზედმეტი ჰაი-ჰუი!   
      ყველაფერი ვიცი-მეთქი, ეგრევე ვუთხარი და ყველამ ამოვისუნთქეთ.
          ჯერ  ბექასი ყველაფერი ანკასთან ავაბარგე და  მერე ის ხარახურა იქიდან გადავყარეთ. 
        ანკას საშინელი ფეხმძიმობა გამოადგა, ტოქსიკური, სულ ჩაკიდებული იყო თავით უნიტაზში, სამშობიაროდან გამოყვანის მერე ბავშვი ხელიდან არ გამიშვია,  ჩემი შვილია, აბა, რა!   
    ბექას ბიზნესის ნიჭი აღმოაჩნდა, ანკას საქმეებში ჩაერთო. მანამდე იმდენი იძახა, ბიზნესმენი ვარ, ბიზნესმენი ვარო, რომ მართლა გახდა.  რას განვიცდი მის მიმართ?!
    უბრალოდ, პატივს ვცემ და ეგაა.
    თვითონ?
  ძალიან კარგად, ზრდილობიანად მექცევა. მაგისიანები რომ ჩამოდიან, ჩემთან რჩებიან. ანკასთან ყველაფერი ისეა მოწყობილი, დიდი ბინა კია, მაგრამ მარტო ცოლ-ქმარი და ბავშვი ეტევა.
      არ გეწყინოს, რა, თარხან, თურქეთიდან ჩამოსვლის მერე ანკას, ეს წლებია,  აღარც  გახსენებია შენი ბრინჯი, არც  შენზე გვილაპარაკია.
        თითქოს აღარ არსებობდი.
        მე როგორც მომქონდა, გავაგრძელე ბრინჯის ამბები.
      ისე, ბევრს მოგზაურობენ, მაგრამ ყოველთვის მაფრთხილებენ, რომ არავისთან ვთქვა, აქ რომ არ არიან,  ალბათ რაღაც უსაფრთხოების გამო.
        არ მაკლებენ არაფერს,  რა არ ჩამოაქვთ ჩემთვის, ან რად მინდა!
        ამწუთასაც  ნიცაში არიან ორი კვირით, ბავშვიც წაყვანილი ჰყავთ.
          გუშინწინისწინ  წავიდნენ და  უკვე  ისე მენატრება ჩემი ვატო, ვატუნა, რომ მეუბნება  ხოლმე, ნუცი,  ნუცი, ძუძუებში ხელი ჩამაყოფინე რა, ისე არ მეძინებაო.  ძალიან გონებაგახსნილი  და მგრძნობიარე ბავშვია.  ერთი უგულისყურო შეხედვა უფროსისგან და ეგრევე სიცხეს აძლევს.  ჯერ ხუთისა არ არის და კომპიუტერზე რამე რომ მჭირდება, ყველაფერი იცის.    ყველაფერში დიდი კაცივით მეხმარება.
      შეიძლება,  დედა დაგიძახოო? ამას წინათ მკითხა.
      ანკას - პირდაპირ ანკას ეძახის, მამამისსაც - ბექას.
      ანკას  ტელეფონით ვუთხარი, რომ გარდაიცვალე და უი,  საწყალი, ნათელი დაადგესო.
    ფული კი... ფული,  აბა, რაში მჭირდება,  შენს პანაშვიდზე რომ მოვიტანე, ის წერილიც მე დავწერე, ანკას მაგივრად; წინასწარ  დასადებიც და ქელეხისაც  - მე  გადავიხადე, ჩემი ფულით.
      ალალი გულით გაგიკეთა ეს ყველაფერი ნუცამ.
      რატომ? რა ვიცი, მაგაზე არ მიფიქრია.
      ან იქნებ ვიფიქრე კიდეც.
      მანდაურობისა ბევრი არაფერი გამეგება,  ალბათ    ჩემს დედ-მამას ნახავ, ეტყვი, რა  კარგი შვილი გაგიზრდიათო  და გაუხარდებათ ან  ერთხელაც იქნება,  ბოლოს  ხომ მანდ მოვალ და  კეთილი თვალით გადმომხედავად მეყოლები...
      თუ არა და რაც არის, არის!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი