ტაჯმაჰალის ქვა
ნინო დარბაისელი ტაჯმაჰალის ქვა რა სისულელეა ეს ყველაფერი! ერთ კვირაში ყველაფერი დალაგდება, ან ასე, ან ისე. ჯერ აეროპორტიდან აგრამდე ამ მტვრიან, შორ გზებზე ნაჯაყჯაყევებმა ბარგი ნომრებში დავყარეთ თუ არა, ისევ იმ შატლში ჩავსხედით და პირდაპირ აქ გამოვეშურეთ. ვიცოდით, რომ გზა ძირითადად მდინარე იუამინას მიუყვებოდა, მაგრამ ისეთი ბუღი იდგა, ძალიან უნდა მოგენდომებინა, რომ მდინარე დაგენახა. ხვალ დრო არ გვექნებაო. თოთხმეტივეს ერთნაირი მაისურები გვაცვია, ვარდისფერი, გრძელმკლავიანი კოტონი (მზემ რომ არ დაგვწვას) და თეთრად ინგლისურად გვაწერია ,,მისშენ”, - მისია. რომ გამოვედით ლოკალური აეროპორტის ბარგის მხარეს, ვინ გვაცალა რამის აღება. უცებ რომ გვეცნენ დამხვედრები, კისერზე გირლიანდები ჩამოგვკიდეს, ჩვენს ბარგს ხელი დაავლეს და შატლში აგვიზიდეს. აქ როგორააო, იცი, ამერიკელმა მეგობრებმა იქვე ეგვასწავლეს, თან გადაგყვებიან, მაგრამ ხურდას რომ ჩაუდებ ხელში მომსახურებისთვის, ძალიან უხარიათო. ასეც მოვიქეცით. ახლა ვზივარ ამ დაბალ კედელზე და ვფიქრობ, - აქ რა მინდა? აქ - ტაჯმაჰალის ტაძარია. ამბობენ, შენობა დღეში რამდენჯერმე იცვლის ფერს ცაზე მზის მოძრაობის შესაბამისადო. რომ მოვედით ბაცი ვარდისფერი იყო, ახლა უკვე მოვარდისფრო- მონაცრისფროა. ისე ვატყობ, ლოდინი იმდენხნიანი მიწევს, კიდევ რამდენიმე ფერისცვალებას შევესწრები. აუტანელი სიცხეა. მზე აჭერს და თან ცხელი ნესტი ტრიალებს. თუმცა უარესიც შეიძლება იყოსო, გვითხრეს. ირგვლივ ტურისტული ჯგუფები ირევიან, მთელი მსოფლიოს ენებზე ლაპარაკობენ, ისე, კერძო ადამიანიც ბევრია. ჩინელები ხომ - სავსე, როგორც ყველგან. აი, ინდოელები - რატომღაც ნაკლებად … და მაინც, - აქ რა მინდა! როგორ მოვხვდი? ერთმა ეკლესიამ შემთხვევით გაარკვია, რომ მისი ერთი მისია-სამსახური ინდოეთის რომელიღაც ლოკაციას წლების მანძილზე არაფერს რომ არ აკლებდა - ფულად დონაციას, საჩუქრებს და ასე შემდეგ და ყველაფერს რეგულარულად უგზავნიდა, თურმე ოცდახუთი წელია, გაჭირვებული, ბავშვებით, ქალებითა და მოხუცებით სავსე სოფელი კი არა, სინამდვილეში სამხედრო ბაზა ყოფილა. ხოლო ბაზიდან სურათებს რომ უგზავნიდნენ, მადლობის წერილებთან ერთად, იმ სურათებს პოლკოვნიკის დავალებით სადღაც, ახლომდებარე სოფელში იღებდნენ. ეს ამბავი რომ გახმაურდა ტენესიში, მოტყუებული ეკლესია სხვაც ბევრი აღმოჩნდა. გაუჩნდათ იდეა, რომ მონიტორინგის ხარჯები გაეღოთ და საკითხი ადგილზე კარგად გაერკვიათ. ორმა ეკლესიამ საერთო ჯგუფი შეადგინა და გამოგზავნა. მე ამ ჯგუფში რა მინდა?! შეიძლება ითქვას, შემთხვევითი ადამიანი ვარ ან იქნებ - ყველაზე არაშემთხვევითი. *** ჯასტინი ჩემი ბოი ფრენდი იყო მთელი ხუთი წელი. ჩემს სახლში იყო გადმობარგებული, ბოულინგ-ბარში მუშაობდა ფეხსაცმელების სექციაში, ანტიბაქტერიულ შესასხურებლებს ასხამდა დაბრუნებულებს და ზომების მიხედვით ადგილებზე აწყობდა. საინჟინრო კოლეჯისთვის თავი ჰქონდა დანებებული, ჯერ სწავლის ფული უნდა მოვაგროვოვო. მეც, საჩუქარს თუ მიყიდდა საშობაოდ ან დაბადების დღეზე, რამე პატარას, მეტზე არაფერზე ვახარჯინებდი. ჩემი მანქანით დადიოდა, თავისი მგონი, არც არასოდეს ჰყოლია. ჩემთვის კარგი ის იყო, რომ ოფისში მივყავდი დილას და სამსახურის მერე მხვდებოდა. ბოლო დროს სმას უმატა, ხარჯები გაეზარდა ბარათზე, სახლშიც არ ჩერდებოდა. ერთ საღამოს სხვა მანქანით მომაკითხა, შენი - ხელოსანთან დავტოვე “მუდიში” რუტინული შემოწმება აქვს გასავლელი და ეს იმათი მანქანააო. სახლში რომ შევედით, იქაურობა რაღაც წამით ფართოდ კი მეჩვენა. მაგრამ დიდი ყურადღება იმწუთას არ მიმიქცევია. ჩვევისამებრ, მაღალქუსლიანებჯ მივყარე, ჩანთა მოვისროლე, მაცივრიდან დიეტური კოკა დავისხი და სავარძელში მივეგდე. ჯასტინი არც დამჯდარა. დაღლილიც რა ლამაზი ხარ, მუქი მწვანე ბლუზა თვალებზე როგორ გიხდებაო, დაიხარა, შუბლზე მაკოცა, გასაღები სამზარეულოს მაგიდაზე დადო, შენი მანქანა შენს გარაჟშია, არაფერი სჭირსო და წავიდაააა. გაკვირვება კი არა, შოკი რასაც ჰქვია, ის დამემართა. სახლი დავიარე და ტრენაჟორებიც და ყველაფერიც წაუღია. ახალი ნაყიდები რაც მქონდა, ისეთი, ქვითრები რომ ჯერ ხელში მეჭირა და უკან დაბრუნება შემეძლო მოლში, გაუხსნელი ჩასაცმელები, ფეხსაცმელები კოლოფებით და ასე შემდევ - არაფერი დაუტოვებია. მაცივარში ერთი ახალი ,,ჯეკ დენიელსი” მედგა, ვალენტინობას რომ მაჩუქა, ვარდისფერლენტიანი, თითქოს დიდი მსმელი ვიყავი, ისიც კი წაუღია. ჩემი შემდგომი რეაქცია?! ისტერიკა - მეორე დღეს დამეწყო, რომ გავიგე, ბოულინგ-კლუბის ბარტენდერთან, ჯიმისთან გადასულა, რენტით აღებულ სახლში და უკვე სამი წელი ერთად ყოფილან. თან ყველას ყველაფერი სცოდნია და მართლა არაფერი შემიმჩნევია. შევხედე ჩემს თავს სარკეში და რაღაც ამორფული არსება შემომცქეროდა. და თითქოს მეუბნებოდა, ამორფულობა ამის მერე ნახეო. სხეულის ნაწილები ერთმანეთს დაშორდნენ, თვალი ცხვირთან ჩამომივიდა, ტუჩის კუთხეებში ულვაშები ამომეწვერა. უაზრო ჭამაზე გადავედი. ცნობილ ფსიქოანალიტიკოსთან ლოდინის ცხრილში ჩავჯექი. *** ცოტა, დეპრესიიდან რომ გამოვედი, ჩემმა ასისტენტმა მითხრა, მე რომ ეკლესიაში დავდივარ, მარტოხელების ჯგუფი გვაქვს, ვისაც ოჯახის შექმნა უნდა, ან უბრალოდ, წესიერ ბოიფრენდს ან გელფრენდს ეძებს, ჯგუფში დადის. მარტოხელები ერთმანეთს უკავშირდებიანო და ჩამწერა. პირველ შეხვედრაზევე თვალში შედარებით მომივიდა მაიკლი. ისიც გელფრენდთან ახალი დაშორებული იყო, თან ფსიქო- სარეაბილიტაციო კლასები ჰქონდა ჩემსავით აღებული და თან ზუსტად ჩემსავით ახალი მოსული იყო ჯგუფში. მაღალი, ოდნავ თმაშეთხელებული, დანარჩენებისაგან განსხვავებით, უსათვალო, შავთვალა, თხელცხვირა, წელამდე რომ აქვთ ქამრით შარვალი აწეული და ზედა რაც აცვიათ, შიგ რომ აქვთ ჩატანიებული. ,, მემ”- ის გარეშე ქალს რომ არ დაელაპარაკებიან… მოკლედ, ქცევასა და გარეგნობაზე ვერ ვიტყოდი რომანტიკულიაო, კონსერვატიული უფრო ეთქმოდა, მაგრამ რაღა დროს რომანტიკაა! ჩემზე ცოტა პატარა, ოცდაათს გადაცილებული იყო, წესიერ კომპანიაში მენეჯერად მუშაობდა. ალკოჰოლს არ ეკარებოდა, არ ეწეოდა. ანუ ყველა დადებითი ნიშანი ერთად ჰქონდა - მისატოვებლად. ორი-სამი ივენთის მერე უკვე ცალკე წავედით ლანჩზე. ჩემთვის - ოჯახის შესაქმნელად - კარგი ვარიანტი იყო, საბოიფრენდოდ … საბოიფრენდოდ?! - ვერა, რა! მეც ხომ აღარ ვიყავი დიდად დაინტერესებული ახალი არამყარი ურთიერთობით. ორივე ისეთ ასაკში ვიყავით, წამმზომი რომ ჩართულია. სიყვარულიო?! სიყვარულით შექმნილი მყარი ოჯახების არსებობისა მაინც არ მჯერა. ჩემი სკოლელებიდან ვინც სიყვარულით გათხოვდა, ყველას ოჯახი დაენგრა. ალბათ მეც დამენგრეოდა, მათთვის რომ მიმებაძა და კარიერული წინსვლა არ დამესახა პრიორიტეტად. იმან, ყოფილმა მერე ჩემი საუკეთესო მეგობარი შეირთო და ისევ იქ, არსაითის შუაგულში ცხოვრობენ სამი შვილით და დიდი, უზარმაზარი გაჭირვებით. *** თავიდანვე საქმროდ შევხედე მაიკლს, მაგრამ ბოიფრენ-გელფრენდობის ფაზას მაინც ვერ ავცდებოდით. ჭკუა ვისწავლე და ჩემს ადგილას არ მომიყვანია, ორჯერვე მის სახლში ვიყავით. არა უშავს, ყველაფერი ნორმალურად იყო. სახლი საკუთარი ჰქონდა წესიერ ადგილას, როგორც ყველას, ბანკის ფულით ნაყიდი. პროცენტს იხდიდა. ბევრი არ ჰქონდა დარჩენილი, რვა წელიწადში დაფარავდა. ყველაფერზე ეტყობოდა აკურატულობა, რითაც მე თავს დიდად ვერ მოვიწონებ. მე ამდენი დრო ნამდვილად არა მაქვს, ურთიერთობა გაურკვეველ ფაზაში დიდხანს რომ დავტოვო. უნდა? - უნდა, არადა სხვებიც არიან ჯგუფში დასაოჯახებლები და სხვაგანაცაა ასეთი ჯგუფები. მაიკლი თუ ცოტათი მეტად არ მოინდომებს… მაგრამ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. ეს ტური გაარკვევს ყველაფერს. აქ წამოსასვლელადაც მან დამაინტერესა. ჯგუფში ადგილიაო, ჩემი შვებულებაც ემთხვეოდა და მარტო წასვლა არ მიყვარს. ბოიფრენდი რომ გყავს ადამიანს, მეგობარი გოგოები გშორდებიან, თავისი საქმეები უჩნდებათ და შეიძლება, დაკარგო კიდეც. მე დაკარგვით არ დამიკარგავს, მაგრამ თავისი გეგმები რომ აქვთ, ვიცი. აქ რატომ ვზივარ?! აი ასე! დამსვა, შენობიდან ჯგუფთან ერთად გამოსული. ერთ ადამიანთან საქმიანი შეხვედრა მაქვს, მალე მოვალ, აქ დამელოდეო და ვზივარ და ვზივარ! ჩვენები შატლით სადღაც წავიდნენ, მოგაკითხავთო დამიბარეს. *** თანდათან თავისიანების გაცნობა დამიწყო მაიკლმა. დედ- მამა გაშორებული ჰყოლია ადრიდანვე, ორივეს ცალ- ცალკე ოჯახი შეუქმნია, ეს დედის მშობლებს გაუზრდიათ. წამოსვლამდე მთხოვა, ჩემს ბაბო-პაპას ინდოეთი მოვლილი აქვთ, უნდათ, გამოცდილება გაგვიზიარონ და შინ პიცაზე გვეპატიჟებიანო. საერთოდ, ასეთ შემთხვევებში, რესტორნებში ვხვდებით და ყველა თავისას იხდის, მაგრამ პიცა რომ თქვა, მაინც დავეთანხმე. დარეკავენ, გამოიწერენ და ოც წუთში მოიტანენ - ქაღალდის თეფშებიანად, მერე ხელს მოვუსვამთ ყველაფერს და გადავყრით, არ შეწუხდებიან-მეთქი, ვიფიქრე. რომ ვემზადებოდი, მაიკლმა დამირეკა, სამსახურში სასწრაფი საქმე გამომიჩნდა, იქნებ მარტო მიხვიდე ამ მისამართზე, კომპანიას მოულოდნელი სტუმრები ჰყავს და მთავარმა მენეჯერმა მე ჩამაბარა, გაართეო, ბოუკინგის მერე დაუნთაუნი უნდა დავათვალიერებინოო და მარტო მისული მარტოდვე შევრჩი მისიანებს. პაპას რენდოლი ერქვა, ბაბოს - მეიგენი, ორივე - ძალიან გამხდარი. ხმადაბლა მოლაპარაკე. ქალი ერთსა და იმავეს იმეორებდა და იმეორებდა. კაცი - უფრო კარგ ფორმაში იყო. სამოცი წლის ცოლ-ქმარი ვართო, რჩევები ჩამაწერინეს. რომ გაიგეს, რომ ყველაზე მეტად ტაჯმაჰალის ნახვა მაინტერესებდა, ქმარი გვერდითა ოთახში გავიდა და კანაჭრელებულ, დაძარღვულ ხელში მომუჭული რაღაცით დაბრუნდა.მეუბნება: - ტაჯმაჰალის სასახლე ისაა, ყველა შეყვარებული რომ ჰპირდება ქალს და ყველა გასათხოვარი ქალი რომ ელის კაცისგან მის აგებას. მაგრამ ყველა შაჰი ჯაჰანი ხომ არაა, რომ მუმთაზ მაჰალის - საყვარელი ცოლის სიყვარულმა ეს მარმარილოს საოცრება - მავზოლეუმი ააგებინოს! მე მეიგანს რომ ხელი ვთხოვე, სწორედ ტაჯმაჰალის სასახლის ეზოში იყო, აუზის წინ. მას მერე თითქმის ყოველ წელს ჩავდიოდით ვიდრე შეგვეძლო. ახლა მე თქვენ გაჩვენებთ საოცრებას. ეს ქვა - ტაჯმახალის კედლიდანაა. არა, მე არ მომიმტვრევია. მეიგანს უკვე ოთხი წელი ვხვდებოდი, მისიის ჯგუფთან ერთად ინდოეთში რამდენჯერმე ვიყავით ერთად ნამყოფი. გარეთ ველოდი, ჯგუფს შეჰყვა შიგნით, რაც ორი საათის ლოდინს მაინც ნიშნავდა. თან დასანიშნი ბეჭედიც თან მქონდა, მინდოდა, სწორედ ტაჯმაჰალის წინ მეთხოვა ხელი. ვღელავდი, არ ვიცოდი როგორ გამეკეთებინა. ერთი ინდოელი კაცი მომიახლოვდა და მითხრა. მე აქ ვმუშაობ, შორიდან გაკვირდებით და გხედავთ, შეყვარებულის თვალები გაქვთ, ღირსი ხართ ისეთი რაღაც გქონდეთ, თქვენ გარდა დედამიწაზე თერთმეტ ადამიანს რომ აქვსო. გამომყევითო. ეზოდან გამიყვანა, ფეხით კარგა მანძილი გამატარა, დიდჩრდილიან ხესთან მივედით, იქ სამჯერ დაუსტვინა და ერთი კაცი გამოჩნდა. ესო - ჩემი ბიძაშვილიაო, ამ ხუთი წლის წინ ტაძარს თავისით პატარა ნაწილი ჩამოტყდა, დაუძახეს, ფილა შეაცვლევინეს და უფროსებმა უთხრეს, ნატეხები უკლებლად ჩაგვაბარეო. თორმეტი ნატეხი იყო, თერთმეტი გაუგზავნა და ერთი გაჭირვებისთვის შეინახა. ახლა ცოლს კიბო აღმოაჩნდა, ამერიკაში უნდა წაიყვანოს და ყიდისო. იმდენი ფული თან ხომ არ მექნებოდა. მეორე დღისთვის შევხვდი, გადავუხადე, რაც მითხრა და მეიგანს დავუჩოქე, ხელი ვთხოვე და ამ ქვის წვერზე წამოცმული ბრილიანტის ბეჭედი გავუწოდეო. მეიგანმა გალეული ხელიდან ბეჭედი წაიძრო, მაგიდაზე დადებულ ქვის ნატეხს ჩამოაცვა - აი, ზუსტად ასე მთხოვა ხელიო. როცა კაცის მხარე ოჯახის შექმნაზე იწყებს ლაპარაკს, საკუთარი ნიშნობის, ქორწილის ამბებს უყვება ქალს, ბავშვიც მიხვდება, რომ რაღაც ახლოვდება. თან ამბობენ, ეს ისეთი რამეაო, ქალს ქიმია უძლიერდება და წელში ჟრუანტელი უვლისო. ქიმია ჯასტინზე კი უფრო ძლიერი მქონდა, წელს რაც შეეხება, რამდენჯერმე მეც მომიარა, მაგრამ უშედეგოდ. არ ჩქარობს ეს მაიკლი და რა ვქნა! ამასობაში მზეც გადაიხარა. საცაა ტაჯმაჰალი ნაცრისფერი გახდება. მაიკლი კი არ ჩანს. მობილურიც რომ გათიშული აქვს! ხალხიც გაიკრიფა…. არა, საკმარისია! ან ინდოეთის მოგზაურობიდან ან დანიშნული ვბრუნდები, ან მაიკლთან დაშორებული! აი, მაიკლი, გაბრწყინებული მოფრინავს, ჩემს წინ იჩოქებს, ხელში მარმარილოს ნატეხზე წამოცმული კარგი ბრილიანტის ბეჭედი უჭირავს და პათეტიკურად მეუბნება: - მინდა ჩემი ხელი და გული სამუდამოდ შემოგთავაზო, დაე, ჩვენი სიყვარული იყოს ისევე მარადიული და წმინდა, როგორც ტაჯმაჰალი, დაე, ტაჯმაჰალის ეს წმინდა ნატეხი იყოს ჩვენი ხანგრძლივი ოჯახური ბედნიერების მოწმე და სიმბოლო! მისი ტექსტის დასასრული. საპასუხოდ. მე რა თქმა უნდა, ვკივი და ვტირი, ნუ მოკლედ, როგორც ფილმებშია, ერთმანეთს ვეხვევით და გვერდით მიჯდება. ვწყნარდებით. შატლის მოსვლამდე კიდევ დრო გვაქვს და მე ვეკითხები: - ეს ქვა რენდოლმა გათხოვა თუ გაჩუქა? - არც მათხოვა, არც მაჩუქა, ეს ჩვენი ქვაა. ღმერთს უნდოდა, რომ ჩვენ გვქონოდა. აქ რომ ვიდექი და გელოდი, ვღელავდი, არ ვიცოდი, რა როგორ გამეკეთებინა. ერთი ინდოელი კაცი მომიახლოვდა და მითხრა. მე აქ ვმუშაობ, შორიდან გაკვირდებით და გხედავთ, შეყვარებულის თვალები გაქვთ, ღირსი ხართ, ისეთი რაღაც გქონდეთ, თქვენ გარდა დედამიწაზე თერთმეტ ადამიანს რომ აქვსო. გამომყევითო. ეზოდან გამიყვანა, ფეხით კარგა მანძილი გამატარა, დიდჩრდილიან ხესთან მივედით, იქ სამჯერ დაუსტვინა და ერთი კაცი გამოჩნდა. ესო - ჩემი ბიძაშვილიაო, ამ ხუთი წლის წინ ტაძარს თავისით პატარა ნაწილი ჩამოტყდა, დაუძახეს, ფილა შეაცვლევინეს და უფროსებმა უთხრეს, ნატეხები უკლებლად ჩაგვაბარეო. თორმეტი ნატეხი იყო, თერთმეტი გაუგზავნა და ერთი გაჭირვებისთვის შეინახა. ახლა ცოლს კიბო აღმოაჩნდა, ამერიკაში უნდა წაიყვანოს და ყიდისო. - რა საოცრებაა, ქვაც და ამბავიც! - აღტაცებით წამოვიძახე მე, გულში კი გავიფიქრე, - ნეტა ეს ახალგაზრდა რედნორის კეთილმყოფელების ბიოლოგიური შვილიშვილია თუ აქაური ტურისტული ინდუსტრია მუშაობს ამდენი წელი, ასე, ერთი ტექსტით და ბევრი ქვით? უცებ კიდევ ერთხელ ჩავეხუტე და მივხვდი, რომ ჩვენი მომავალი ოჯახი მტკიცედ აშენდებოდა, რადგან საძირკველში ტაჯმაჰალის ქვა ედებოდა. ამბის დასასრული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი