ძვირფასი ქვა (მცირე მოგონება თამაზ ჩხენკელზე)


ძვირფასი ქვა ( მცირე მოგონება თამაზ ჩხენკელზე) 


გარდაიცვალა  მთარგმნელი და ლიტერატურათმცოდნე თამაზ ჩხენკელი
გუშინ ეს სამწუხარო ამბავი რომ გავიგე, გავიხსენე:

    ახალგაზრდობაში ძალზე კადნიერი ვიყავი. (ეს თვისება იქნებ არც ახლა მაკლდეს). მიმაჩნდა, რომ რაკი ჩემი თანატოლებისათვის და არა მხოლოდ მათთვის მითოსური საბურველით შემოსილ თამაზ ჩხენკელს პირადად მე ისე ახლო ვიცნობდი, რომ სალამზე ღიმილით მპასუხობდა, იმის უფლებაც მქონდა, სადმე, რედაქციაში თუ შევხვდებოდი, თამამად წამეკითხებინა ჩემი ლექსი და ისიც მოვალე იყო, აზრი დაუყოვნებლივ გამოეთქვა, თანაც - აღტაცებული!
    არადა, ის ლექსი მართლა უმწეო გამომივიდა. ჩანაფიქრი თავისთავად ცუდი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჯერ კიდევ საკმაოდ სუსტი ვიყავი იმისათვის, რომ თემა და ფორმა დამეძლია.
      წაიკითხა.
      დუმს.
      მე ლოდინით გული ყელში მირტყამს.
        აი, მაგიდაზე მისი ზამთარ-ზაფხულ დაკაპიწებული მკლავი შეირხა, მორკალული საჩვენებელი თითი ნიკაპს შეეხო, მერე ჰაერში არტისტულად ატრიალდა...
      და როგორი საუბარიც იცოდა, მშვიდად, დაგემოვნებით დაიწყო:
        - რობერტ ფროსტი...კარგია რობერტ ფროსტი! ხომ იცი...
      ნინო თავს უქნევს, უხარია: ბატონ თამაზს მისმა ლექსმა ვინ მოაგონა? ვინ და - რობერტ ფროსტი!
      ის კი განაგრძობს:
      - რას ამბობს, თუ გახსოვს? ...ლექსი უნდა იყოს მკვრივი და მძიმე, როგორც ქვა  და კარგია , ეს ქვა ძვირფასიც თუ იქნება. კარგია ფროსტი!    შენ გაქვს რობერტ ფროსტი?
      ცხადია, ის ლექსი დაუყოვნებლივ დავივიწყე.
        ბატონი თამაზის გაკვეთილს კი რა დამავიწყებს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი