ჩუბჩიკა და ჩემი ,,პრიჩისონი”
ნინო დარბაისელი ჩუბჩიკა და ჩემი ,,პრიჩისონი” ერთხელ სუფრაზე ვართ. ჩუბჩიკა დიდად არც ჭამდა და სმითაც, მარტო ცხელ წყალს სვამდა, მეც დამაჩვია დღემდე. ვსაუბრობთ გალაკტიონის ლექსზე ,,შინდისის ჭადრებს”. ხომ გახსოვთ: შინდისის ჭადრებს ორო ჭადარო, წყვილო ჭადარო, შემოხვეულნო შუქთა ბადრებით, - ო, მე არ ვიცი, რას შეგადაროთ, ან უცხოეთში რად მენატრებით? კვლავ გახვევიათ ოქროს ზეწარი და შემოდგომის მკრთალი ბლონდები? მე, უთვისტომო და გარეწარი, თქვენ გაგიხსენებთ და დავღონდები. თქვენთან რბიოდენ ნათელნი დღენი, ლოცვა ბავშური, ფერი გედური, ეხლა რად მესმის შრიალი თქვენი, როგორც ტირილი და საყვედური? [1925] მე ვამბობ, რომ “შუქთა ბადრები” - ბადრი მთვარის შუქია, რომ ეს პოეტური სახე სიმბოლისტური ესთეტიკის პრინციპზეა აგებული და მეტონიმიაა გამოყენებული. საერთოდაც, ამ ლექსში ,, “რბიოდა” - ქართველი რომანტიკოსებიდან პირდაპირ დევს, აი ბარათაშვილი: “სადაცა წრფელი რბიოდა ნათლად დრო ყმაწვილობის “ ამაზე მპასუხობს: - იქნებ გალაკტიონი განგებ ამბობს მაგ სიტყვას, რომ მიგვანიშნოს ლექსის იდუმალებაზე. აბა გაიხსენე, ბარათაშვილის მაგ ლექსს ხომ “ხმა იდუმალი” ჰქვია?” მე ხუმრობის ხასიათზე ვდგები, რატომ მაინცა და მაინც ბარათაშვილის “ხმა იდუმალი”, უფრო ადრე ორბელიანმა არ თქვა “სადღეგრძელოში”? - ვინ არ შევსტრფით მას ადგილს, სად აგვეხილნეს პირველ თვალნი, სად ჰრბიოდა მხიარული სიყმაწვილე ნათლად ჩვენი”. იქნებ იდუმალებისკენ კი არა და გალაკტიონი ლხინისკენ მიგვანიშნებს? მოკლედ, კლიშეა ეგ, კლიშე! ეს “ოქროს ზეწარი “ - ხომ მთლად უბედურებაა! მანდ - ილიას გვახსენებს? სამშობლოს ცასა ბნელად გაშლილსაო, ხოლო ტექსტის ფინალისკენ ესენინისგან - უხვად ალუზიებია. გალაკტიონის ხმა დასაწყისში ისმის და მერე იკარგება. მისეული სიახლე - ნაკლებია. ჩუბჩიკა იმეორებს და იმეორებს ფრაგმენტებს თავისი დაბალი, რაღაცნაირი, ცრემლშერეული ხმით, თითქოს ლოცულობს და ამბობს, რომ ეს ლექსი - მთელი მისტიკაა, დიდი საიდუმლო და “შუქთა ბადრები “ - სრულყოფილებას, სისავსეს ნიშნავს, მიღმიერის ემანაციაა, მაგრამ ამას გრძნობა, შინაგანი თვალით დანახვა უნდა და მე - ამისთანა ლექსს ვკლავ… მიხსნის, მიხსნის მთელი გატაცებით და ჰგონია, ვერ მაგებინებს. ფურცელიც მოითხოვა, მთელი დასტა წინ დაუდეს, ფანქარი თუ კალამიც მოუტანეს, ჰგონია, თუ დამიხაზავს, უცებ ყველაფერს მივხვდები, ვუყურებ ერთმანეთის მიყოლებით ავსებულ ფურცლებს და ზედ მარტო ზიგზაგებს ავლებს. მიდი და გაიგე, რაო! ამ დროს გადასარევადაც გავიგე, მაგრამ ვერ დავრწმუნდი, ჭკუაში არ მიჯდება მისი ნათქვამი და მომკალი! მოკლედ, ჩიხში ვართ. ეს ის დროა, წინა საუკუნე, დედიკოს დამჯერი შვილი რომ ვარ და მისი ბრძანების თანახმად, გარეთ საპარიკმახეროში წაუსვლელად რომ არ გავდივარ. ვეღარც საუბრის თემას ვცვლით, რადგან სულ გალაკტიონოლოგები არიან და იმათაც აინტერესებთ უკვე, რა დასკვნამდე მივალთ. უცებ ჩუბჩიკა თავისი ადგილიდან დგება, ჩემთან მოდის და მეუბნება, შეიძლება კეფა გაგისინჯოო. ჩემი “დაპრიჩისონებული” თმა, ტონა ლაქი რომ მასხია, უკნიდან სულ დამიტკეპნა და იძახის: - ეგრეც ვიცოდი! კაცო, რატო ადრევე არ ვნახე, ისეთი სიბრტყელე გაქვს თმისქვეშ დამალული, ვისაც ასეთი ფორმის თავი აქვს, ერთხელ ნათქვამს აღარ გადათქვამსო. ჩემი რეაქცია?! ვარიანტების მთელმა სპექტრმა გამიელვა და კახურმა გენმა აჯობა: - ჰოდა ძალიან კარგი, ამის მერე გეცოდინებათ, რომ ჩემთან კამათი არ ღირს- მეთქი. ეჰ, ნეტა იმ დროს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი