მაგის ღირსია (მოგონება ზურაბ ქაფიანიძეზე)
ნინო დარბაისელი მაგის ღირსია! (მოგონება ზურაბ ქაფიანიძეზე) ბატონი ზურა ქაფიანიძე ბოლოს ჩემი კარის მეზობელი იყო, მანამდე - თითქმის ყოველდღე შვილიშვილს ასეირნებდა ჩვენ წინ, (მისი ქალიშვილი გვერდზე სადარბაზოში ცხოვრობდა) ნამდვილად დიდი ამბავი იყო დიდ დიღომში, ქალაქის მთლად ბოლო კორპუსში ჩვენი სამეზობლოსთვის მისი შემომატება. ყველა უდიდესი მოკრძალებით ეპყრობოდა.. თუმცა ეს რა შუაშია! ქართულ- სნობურმა ამბავმა გამიტაცა ახლა მე! სხვა რაღაც მინდოდა მომეყოლა. ეს ჩემი ძველი, ტკბილი მეგობრის - მხატვარ გივი კასრაძის ნაამბობია მასზე. ჩვენ სამივენი ძველი დიღმის მასიველები ვართ, კინოსტუდიის წინ იყო მათი რვასართულიანი, ბატონ გივის ბოლო სართულზე ჰქონდა ბინა- სახელოსნო. ვინც არ იცის, მათთვის ორიოდე სიტყვით აღვნიშნავ, რომ გივი კასრაძეს იმდროინდელი ცნობილი ადამიანების (ახლა სვეწკათ ,,სელებრითებს” რომ ეძახიან) უამრავი პორტრეტი ჰქონდა შესრულებული. მისი სტილი გამოირჩევა უტრირებამდე მისული დეფორმირებული სახეებით ... აღარ მოვრჩი გლახა ჭრიაშვილივით. მოკლედ, ოთხმოცდაათიანი წლებია, რუსთაველი - გაუბედურებული, ხელისუფლების დასაცავად მომიტინგე ხალხი - უკვე ჩახოცილი, მხედრიონი - იარაღის ჟღარუნით დაიარება და დაშინებულთაგან, ვისაც შეუძლია, შესაძრომს ეძებს, თვითგადარჩენისთვის.... შუაღამეა და გივის კარზე მაგარი ბრახუნია. მუდამ მშვიდი და გაწონასწორებული გივი შეშინებული იხედება ,, გლაზოკში” ბნელა, არაფერი ჩანს... იქიდან - მთვრალი ზურა: - გივი, გააღე, ვიცი, სახლში ხარ! ეხლა შენი ნახატები რომ არ ვნახო, იცოდე, ხვალ მკვდარს მნახავ! გივი საუკუნეა, პირადად იცნობს ზურას, გარდა მეზობლობისა, აკადემიასთან ერთად, კინოსტუდიაშიც აქვს ცხოვრება გატარებული, მაგრამ აქამდე არ შეუნიშნავს ზურასგან განსაკუთრებული ინტერესი თავისი ნახატებისადმი.. და უცებ, რომ არ ვნახო, მოვკვდებიო... აი, ამაზე კი შემოქმედებითმა ამბიციამ თუ რაღაც მაგდაგვარმაც მოიფშვნიტა თვალები. გივიმ კარი გააღო და უშუქობაში, ნამუშევრებს ნავთის ლამფით ხელში ათვალიერებინებს სტუმარს. გაჩერდება ზურა სათითაოდ, ყოველ პორტრეტთან და: -ეს ვინ არის? შენ გენაცვალე, გივი, დაილოცოს შენი მარჯვენა! და ასე, ვიდრე სათითაოდ, ყბამონგრეული, თვალებგადმოქაჩული და ა. შ. პორტრეტები არ მოილია. - გივი, შენ ყოფილხარ საქართველოში ყველაზე მაგარი მხატვარი... არა, მარტო მხატვარი კი არა- გულთამხილველი! ეგ ხალხი - აი, ზუსტად მაგის ღირსია, როგორც შენ დახატე! ჩამოართვა ხელი, შეტრიალდა და ცოტა დაწყნარებული ჩაჰყვა ბნელ კიბეებს. - - ბოლოს დართულია გივი კასრაძის ნამუშევრები: 2.ზურაბ ქაფიანიძის პორტრეტი და 3. ავტოპორტრეტი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი