მარკი ჩამოსული, მარკი წასული


ნინო დარბაისელი

მარკი ჩამოსული, მარკი წასული

    რა ენერგოუსაფრთხოება  და რა საფრთხე!
  სიტყვა ენერგეტიკაზე -  პირდაპირ მეტირება.
    მე მაია მქვია,  მაია მაისურაძე და მთელი ჩემი ახალგაზრდობა,  ყველა ჩემი ხნის ადამიანივით,  ოთხმოცდაათიან წლებში გაიფლანგა ნავთისა და ლამფის შუშების, სანთლისა და იაფიანი გენერატორის ძებნაში.
    ამასობაში კი  დავრჩი გაუთხოვარი.
      უცხო ენებს ვამთავრებდი,  ჩემი  მოხუცი პროფესორი - ბატონი რეზო კარგი თვალით მიყურებდა და ერთ დღეს მეუბნება,  საელჩოდან გვაცნობეს,  ინგლისურად მოლაპარაკე ქართველებს ეძებენ თარჯიმნებად და გეცადა, რა გეკარგებაო!
    ვცადე და შემარჩიეს.
,,ბექგრაუნდი”  საჩემქვეყნოდ და გასათხოვრად  არ მივარგოდა, თორემ საიმათოდ კარგი მქონდა: დედა - მასწავლებელი, მამა - ინჟინერი, ანუ როგორც ნახევარი საქართველოა.
    პატარა ჯგუფი ვიყავით,  ათნი, ძირითადად ბიჭები და ერთი გოგო - მე.     
    ტრენინგები  -  ვერაზე რაღაც პრესტიჟული, ინგლისური სკოლის  შენობაში გვიტარდებოდა, ისე იყო გამთბარი იქაურობა, ტაკოიანად ჩავღუღუნდებოდი ხოლმე, თან ცხელი ყავა და  ზედ პატარა, ლუკმიანი ნამცხვრები,  რამდენიც გაგიხარდებოდა, გამოულევად იყო.         
    კარგად რომ ჩავთბებოდი, ვფიქრობდი, ნეტა  ეს ორი საათი მალე არ გავიდეს, სამუდამოდ  გაგრძელდეს-მეთქი.
  სამი ტრენინგის კურსი  გაგვატარეს, სერტიფიკატებიც მოგვცეს,  ტელეფონები ახლიდან ჩაგვაწერინეთო და გამოგიძახებთო.
    მე სად მქონდა ტელეფონი! მობილურები ხსენებაშიც არ იყო ჩვენში და ბატონი რეზოსი ჩავაწერინე, ნათელში იყოს!
    ამ ბოლო დროს დამერღვა პროპორციები, თორემ არ ვიყავი ცუდი შესახედი გოგო,  მაღალი, თხელკანჭებიანი, ჩემი წელი მუჭში ჩაეტეოდა კაცს.  გასუქებით - რა გამასუქებდა,  საქმეებს რომ მოვილევდი,  მთელი დღის მშიერი, დილის ჩაიზე გადავლილი, შებინდებულზე სამი საათი უნდა ვმდგარიყავი, გისოსებიან პურის მაღაზიაში,  უფრო სწორად, მაღაზიის გარე, რაღაც რიგის მაგვარის ბოლოში .
ერთი პური  მეც  რომ შემხვედროდა.  ყველა პირველი იყო და მეორე - არავინ, სულ წინიდან ემატებოდნენ.
      და კიდევ კარგი, მარტო ვცხოვრობდი, ნაქირავებში და სახლში მშიერი არავინ მელოდებოდა, თორემ  რა მეშველებოდა!
ჩაბნელებულ ქუჩაში ვიდრე ფეხების ცახცახით ჩემს გაყინულ სორომდე მივაღწევდი, ჯერ    იმ მრგვალი პურის გვერდიდან, კრაწუნა ქერქით ციცქნით ვიწყებდი და  ისე უცებ შემომეჭმებოდა მთლიანად , გასაღების ჩანთიდან ამოღებამდე ხელებიც თავისუფალი მქონდა და პალტოდან ნაფხვენებიც ჩაფერთხილი.
    ვერ მოვიტყუები, კარგად მეცვა-მეთქი, ერთი შავი,  სწორი  ქვედაბოლო მქონდა, რომ არ ისრისებოდა,  ისეთი და ორი კოფთა, თუ ერთი კოფთა და ერთი ჯემპრი, ორივე შავი.
    შავი ისეთი რამეა, ათასნაირ რაღაცას შეუხამებ, ხან შარფს, ხან მძივს, სან სხვაფერიან ჟაკეტივით რამეს და სულ ჩაცმულად გამოიყურები. ის თბილი პალტო კი… ისიც შავი… იკომ, ჩემმა ბიძაშვილმა მაჩუქა, კარადაში აღარ  მეტევაო.
    საერთოდ, იმათით მედგა სული.  ერთხელ იკომ ისიც მითხრა, ნეტა ცოტა დიდი ბინა მაინც  გვქონდეს, ჩვენ თვითონ ძლივს ვეტევით, თორემ შენ ნაქირავებში როგორ გაგაჩერებდითო.
    სახლში  სულ ბნელში კი არ ვიჯექი, კახამ, ჩემმა მეორე ბიძაშვილმა,  იმისმა ძმამ მანქანის აკუმულატორზე რაღაცნაირად მავთულები მიაბ- მოაბა  რკინის ,,შპილკებით”, ზედაც  მეორე ბოლოში  - მაცივრის პატარა ნათურა მიამაგრა, ჩამრთველ-ამომრთველიანად, ერთი ხაზი -  პატარა ტელევიზორი მქონდა, იმაშიც შეუშვა და  კი ვიყავი გაჩახჩახებული, ჩემგან იმ აკუმულატორს კვირაში ერთხელ წყლის ან ბოთლიდან ცოტა მჟავის ჩამატება სჭირდებოდა და სულ  ეგ იყო,  დენში იყო მუდმივად შეერთებული და  როცა ერთსაათიან შუქს გვაღირსებდნენ,  სახლშიც რომ არ ვყოფილიყავი, თავისით იტენებოდა!
ათი წელი უშუქოდ რომ ხარ,  თუ  ამასობაში არ გაგიჟდი და ჭკუაზე დარჩი, რას არ მოიგონებ ადამიანი!

***
    იმ დღეს ლექციებზე რომ მივედი, ბატონი რეზო მეუბნება,  ლექციების მერე ჩემთან შემოდიო. რომ შევედი, კონვერტით ასდოლარიანი გამომიწოდა.  სესხად გაძლევ, რომ გამდიდრდები, დამიბრუნებო. გაიქეცი ახლავე ბაზრობაზე, ადამიანურად ჩაიცვი, უცხოელის თარჯიმანს რომ შეშვენის ისე და  დილით ადრე აეროპორტში წაგიყვან, შენი ამერიკელი ჩამოდისო.
    ვინ ამერიკელი-მეთქი და მარკი ჰქვია. ჩვენი ქვეყნის ენერგოსისტემის დიდი  ნაწილი ბიძამისმა შეიძინა, მილიარდერია  და  ეს ახალგაზრდა, უცოლშვილო  კაცი წარმომადგენლად გამოუშვაო.
  გადავირიე.  სწორედ წინა ღამეს ვუყურე ტელევიზორში მასთან ამერიკიდან გამოფრენამდე ჩაწერილ ინტერვიუს, ჩვენს ქართველ მეგობრებს ენერგეტიკის პრობლემები უნდა მოვუგვაროთო, კეფაზე ბღუჯად ედგა თმა, კისერთან -  აპარსულივით უჩანდა, დიდი ლურჯი თვალები ჰქონდა და  ელვის პრესლის ჰგავდა,  ოდნავ გვერდულად რომ იღიმებოდა.
    დავხვდით  აეროპორტში, მოდიოდა, მაგრამ რა მოდიოდა,  წითელი  საწვიმარი კურტკა ეცვა, ერთი ხელით ბორბლებიან ჩემოდანს მოაგორებდა, მეორეთი მხარზე მოგრძო, ნახევრადცარიელი ჩანთა მოეგდო უდარდელად, დანარჩენი ბარგი დამეკარგა, ვაცნობე,  მისამართი ჩავაწერინე და მისამართზე მომიტანენო.
   
    აღმოჩნდა რომ  თბილისში საქმე და სამუშაო  ბევრი არაფერი ჰქონდა. თხილამურებით სრიალის გიჟი იყო.  გუდაურში ავიდეთო. გუდაურს ჩაცმა უნდა, ჩემს თხელ ჩექმებს ხომ არ ჩავიცმევდი! ისევ ბიძაშვილებს მივაკითხე და იმათ საახლობლოში ვისაც რა ჰქონდა საგუდაურე, მომიგროვეს.
ყველაფერი მომერგო.
  წავედით.
    თბილისიდან, სამსახურიდან რამდენიმეს ნაცნობის მისამართი მიუცია, ჩემი სახელით მიაკითხე და თუ რამეა, დაგეხმარებიანო.
    სასტუმროში გვქონდა ორი ნომერი, იმას ლუქსი და მე - გვერდით - ნახევარლუქსი.  ცხელი წყალი მთელი დღე მოთქრიალებდა, დილას საუზმე - ბუფეტი- კარგი და უფასო,  ცხელი ყავა - მთელი დღე, ისიც უფასო, კაკაოც.
პირსახოცებს და თეთრეულს ყოველდღე გვიცვლიდნენ. პირველ სართულზე ბარი გვქონდა.
    ჩავედით თუ არა, ადგილობრივებმა თვითონ მოგვაკითხეს,  თბილისიდან გაგვაგებინეს, კარგი კაცი ჩამოდისო და ჩვენი გაცნობა აღვნიშნოთო.
    მარკმა უთხრა, მე არც ვსვამ, არც ვეწევი და  ფორთოხლის წვენს დავლევო. არაა პრობლემაო. ჩავედით, დავინახე ფორთოხლის წვენის ჭიქაში არაყი როგორ ჩაუსხეს.
    ხმა არ ამომიღია, რა ჩემი საქმე იყო!
    დალია.
    ეტყობა,  ფორთოხლის წვენში ჩარეული ის არაყი  თანდათან ამუშავდა . მარკი ჯერ ისე ლაპარაკობდა, გეგონება კონფერენციაზე გამოდიოდა, ცდილობდა არყით კარგად ჩაბუჟბუჟებულებისთვის გაეგებინებინა:
  - საქართველო პატარა ქვეყანაა, პატარა მარგალიტი,  გესმით? 
    მყიფე  გეოლოგიური სისტემა აქვს, მის  ეკოლოგიურ ბალანსს  დაცვა და გაფრთხილება სჭირდება. ჰესები არ გამოგადგებათ  და  ან ალტერნატიულ დენის  წყაროებზე გირჩევნიათ ორიენტაციის აღება,  ან სულ დიდი ქვეყნების  იმედად უნდა იყოს, სხვა რამეში ჩადოთ ფული და მოგებას რომ მიიღებთ, იმით  სხვისგან შეიძინოთ ელექტროენერგია.  აი აქ,  გუდაურში, მაგალითად მზე  - ძლიერია, ქარიც სულ არის, მზის ენერგია  მშვენივრად გამოგადგებათ ელექტროობის მისაღებად,  ცოტა ინვესტიცია რომ ჩაიდოს,  მზის პანელები  სასტუმროს  სახურავზე რომ დამონტაჟდეს, ამ  სასტუმროებსაც ეყოფოდა, კერძო სახლებსაც,  იმდენი იქნებოდა,  გაყიდიდით  კიდეც . ქარიც კარგი გაქვთ, შეიძლება ენერგიის გამომუშავება. სხვა ეკოლოგიურად სრულიად უსაფრთხო გზებიცაა  დენის მისაღებად…”
  მეც თავიდან სიტყვა სიტყვით ვთარგმნიდი,
ქართული მხრიდან  საპასუხოდ გაისმოდა:
- გაიგე, ბიჭო?!
ხვალ გარეთ გამოსული არ დაგინახო, ირიჟრაჟებს თუ არა, დაიწყე ფიქრი დენის ალტერნატიულ წყაროებზე და საღამოთი ჩამაბარე! 
  - ჰო,  მე ალტერნატიულზე ვიფიქრებ, თქვენ -  უალტერნატივო ამბებს მიმიხედეთ, ძმურად, რა!
- ვერა რა,  ძმის გულო, ეკოლოგიური ბალანსი მაქვს მისახედი!
  - დაასხი!  მაგასაც დაუსხი, ყველაფერს გაუმარჯოს, ალტერნატიულსაც, უალტერნატივოსაც, ყველანი  ერთად ვიყოთ, მაგრად ვიყოთ!
  დენის დედაც!
  აბა,  თქვი,  მარკ  ,,დენის დედაც”!
  - ვაჰ, ჩემი კაი, რა მაგრა გამოსდის,
  კიდე თქვი, რა!
- შენ ამერიკელი დაუძახე  და რა
მაგარია!
- დენის დედაც!, დენის დედაც!- იმეორებდა ქებით გახარებული მარკი.
- ჰო, მაგარი ბიჭია, რა , ჩვენიანია! -  ასე უთარგმნეო,  ზემოთ აშვერილ ცერს უჩვენებდნენ ბარელები.
    მერე  მარკს  ჯერ სიტყვა აერია,
მერე ის  არეული კიდევ უფრო აერია და  ბოლოსკენ აქეთ-იქიდან “აი ლავ იუს ” მეტი აღარაფერი ისმოდა  მოკლედ, რომ წავიდნენ, ნომერში  მე ავიტანე.

***
 
  მთელი სეზონი, წელი  გუდაურში დავრჩით,    დილით თუ ამინდი ვარგოდა,  სრიალით და პარაპლანით  ერთობოდა.

ზაფხულში ჯერ ძალიან დარბოდა ყოველ დილაადრიან, ვიდრე ნაბახუსევი იქაურობა გაიღვიძებდა.  მთაზე აირბენდა- ჩამოირბენდა, ქარი და წვიმაც რომ ყოფილიყო, თავიდან  არ ჰქონდა მნიშვნელობა. მერე მიეცა,  ჯერ უკლო სირბილს , მერე სულ შეწყვიტა
    ზამთარში ლექციები მაინც არ მიტარდებოდა, აუდიტორიაში ისე ციოდა, ვინ გაჩერდებოდა და გუდაურში თბილად მაინც ვიყავი.  თან გზებიც ჩაიკეტა. მარკმა სცადა თხილამურებზე ჩემი დაყენება, მაგრამ  ბევრი არაფერი გამოვიდა.  სწორზე არა
მიშავდა და დაშვებას  - მაგარი ცოდნა უნდა.
ზაფხულში ხომ ისედაც არდადეგები მქონდა. თბილისში ერთ ჩამოსვლაზე ჩამოვუარე ლექტორებს და ნიშნები ჩავაწერინე.
      ძალიან ნიჭიერი გამოდგა ქართულის  წერა-კითხვის და ლაპარაკის სწავლაში,
მარკი . მთელი გუდაური დაუძმაკაცდა, ბარში საღამოთი მის გარეშე არ სხდებოდნენ. ჯერ ხომ ფორთოხლის წვენში უსხამდნენ  ცოტა  სმირნოვის არაყს,  მერე სმირნოვში - ფორთოხლის  წვენს ურევდნენ ფერისთვის  და ბოლოს  - მთლად სუფთაზე სმირნოვზე გადავიდა, სადღეგრძელოებს  სულ ქართულად ამბობდა, დაცლაზე.
    მერე თანდათან  სიგარეტიც დაიწყო.
ჯერ  ღერობით აწევინებდნენ, დააჩვიეს, მერე  მარკის სიგარეტზე დასხდნენ ყველანი, დღეში ექვსი პაჩკა არ ყოფნიდა. 
ისე საყვარლად ამბობდა ,,საკათველო ჩენი მეორე საშობლოა!”
    ერთხელ ვიღაცას ქართულად ეჩხუბებოდა მთვრალი,  ბიჭებს უსწავლებიათ და სიცილით იხეოდნენ ,, ბიჩო,  შენ  მაარდლა შემს ბიჩოკსე გასდილოო”  , თან მიმიკასაც ისე სასაცილოდ აყოლებდა,  ჩვენებურებს ბაძავდა, მალ-მალე ამეორებინებდნენ.
  ჩემი მოვალეობა იყო,  ბარიდან რომ ამოიყვანდნენ და ნომრის კარზე მიაყუდებდნენ, გამეღო კარი, ბავშვივით დამეწვინა, მომევლო.
      ეს გრძელდებოდა ყოველდღიურად.   
    სმისას მე იქ არ ვუჩერდებოდი, ისედაც აგებინებდნენ  ერთმანეთს და ნერვები მეშლებოდა,  მე ზედ არავინ მიყურებდა და სასტუმროს ტელეფონით ხან ვისთან  არეკინებდნენ მთვრალს თბილისში, ხან ვისთან,  ქართულად ათქმევინებდნენ, მე მარკ სტოუ ვარ, ახლავე შუქი გაუშვითო.
    დაბადების დღეზე ვიღაცამ სასრიალო ჯოხები აჩუქა, ხელის მოსაკიდებლების თავები ეხსნებოდა და შიგ  სითხე ისხმებოდა.  დაშვებისას შეგეძლო, პირდაპირ ვადაგეკრა ვისკი  და
მერე ჩამოსრიალებულიყავი.
    მეც  კი მქონდა საჩუქარი წინასწარ ნაყიდი, კარგი ალბომი ,,საქართველო” და ხევსურული შალის წინდები, მაგრამ იმ ჯოხებმა ისე გადარია, წიგნის ჩუქება რაღაცნაირად მომერიდა, წინდები კი  მეორე დღესვე ამოიცვა და დამანახვა.
  გოგოებიო?!
    წარმოიდგინეთ, იმდროინდელ ჩაბნელებულ  საქართველოში ბიჭი, უცოლო, ამერიკელი, მილიარდერი ბიძა, თვითონ  - ამხელა თანამდებობაზე და ამდენფულიანი, თან როგორი შესახედავი!
    ყველას მიმართ თბილი და თავაზიანი იყო, მაგრამ ვერ მოვიტყუები, არცერთით  სერიოზულად არ დაინტერესებულა.
    გეი ხომ არ იყო?!
    არა, ნამდვილად არა.
    სამუშაომდე  - აქაურმა არავინ მიუშვა,  თავისი ხლართები ჰქონდათ გაბმული და არაფერში არ  ჩაახედეს.  სრიალისა და სმის მეტი უკვე  არაფერი აინტერესებდა.
  გვიან იმასაც მოვკარი ყური, ენერგეტიკოსების მაფია ადგილობრივებს კარგად უხდიდა, რომ
ეგ  გუდაურში  მძევალივით ჰყოლოდათ, გაელოთებინათ, მოკლედ, ყველა ღონე ეხმარათ  და თბილისში არას დიდებით არ ჩამოეშვათო. ენა უძვლოა.
      გუდაურელების ბაძვით,  წვერიც მოუშვა მარკმა  და სულ შონ კონორის დაემსგავსა, თმაც კისრის ბოლომდე ჩამოეზარდა.  გრძელი თითების ფრჩხილებზე ,,ტრაურის ლენტები” შემოევლო. მოკლედ, ამ  ჩვენს მარკს ადგილობრივისაგან ვერც გაარჩევდი,  ხმას თუ არ ამოიღებდა.  მიხვრა- მოხვრითაც კი დაემსგავსა.
    მე  - ძალიან კარგად მიხდიდა,  ამის ზემოთ ფულის ჩუქებაც იცოდა.  უკვე  ცოტა ცენტრისკენ ერთოთახიანის შეთვალიერება ვთხოვე იკოს.
  იმ დღეს, არ ვიცი, რა მოხდა, ჩვეულებრივ დალიეს,  შენი ჩამოსვლის წლისთავი დავასველოთო. რომ ამოიტანეს და საწოლზე დადეს, რაღაც ენას ვეღარ ატრიალებდა.
    არა, ენას რომ ვერ ატრიალებდა პირში,  ეგეთი მთვრალი ხშირად ყოფილა, მაგრამ რაღაც, სხვანაირად იყო. დავრეკე დაბლა რისეფშენში, მგონი ცუდადაა, მიშველეთ-მეთქი. ამოიყვანეს ექიმი და გონებაში რომ ვერ ჩააგდო, ხან ხელზე უკაკუნა, ხან ფეხზე, ხან ენაზე უშვრებოდა რაღაცეებს და ეს ნამდვილად გაჟონვააო.  არ გაანძრიოთო. გამოიძახეს  სასწრაფო,
რომელიც  დიდთოვლობის გამო ძლივს ამოვიდა მეორე დღეს. საკაცით ჩაიყვანეს, ჩაბარგებაც ვერ მოვასწარი ვერაფრის და  პირდაპირ თბილისის რესპუბლიკურში გაგვაქანეს. 
    გაგვაქანეს - რა?!
    გზაში ორჯერ ჩავვარდით თოვლის ორმოში და  გაჭირვებით ამოგვათრიეს ტრაქტორებით.
    ჯგუფური ბიზნესი ჰქონიათ  ასეთი.    შეამხანაგდებოდა  რამდენიმე კაცი. დაიქირავებდნენ  ტრაქტორს, ამოთხრიდნენ  გუდაურის ზედ  ტრასაზე ორმოს,  წააყრიდნენ ზემოდან თოვლს, ცოტა მიმოასწორებდნენ, რომ მანქანა ჩავარდნილიყო.
    ჩავარდები,  ხარ უმწეოდ,  ბინდდება და სადღაც,  შორს ხედავ,  ჩაივლის ვიღაც, მისდევ, ეძახი,  ვერ აგონებ, ბოლოს  დავარდნაზე რომ ხარ ამდენი დევნისა და ყვირილისაგან, მოტრიალდება და ეხვეწები, შენი ჭირიმე,  მიშველე,  მანქანაში ხალხი გამეყინება, ავადმყოფი მიმყავს. რაც ღირს გადავუხდი, ვინც იქნება, იქნებ ტრაქტორიანი კაცი მიპოვო.     
    ისიც  - თითქოს უიმედოდ წავა ვინმეს საძებნელად. რაც მეტს გალოდინებდნენ,  იმათ გამოჩენას უფრო ფასი ედებოდა.
ამ დროს კი ისხდნენ თავისთვის  სამალავში,  მოშორებიდან გიყურებდნენ და ერთად ხითხითებდნენ.
    ბოლო-ბოლო გამოჩნდებოდნენ და ამოგათრევდნენ და ისეთი ბედნიერი იყავი, რაც გქონდა  და არ გქონდა, ყველაფერს უხდიდი.

***
    რესპუბლიკურში  მიგვიყვანეს, ჯერ ინტენსიურიო, კარს არ მოვშორებივარ, მერე პალატაში გაგვიყვანეს.  ერთი თვე გვერდითა საწოლზე ვიწექი და თავზე ვედექი.  ექთნობასაც მე ვუწევდი.
    საავადმყოფოს ექთანს შენი ამერიკელ-მამერიკელი სულ  ცალ ფეხზე  ეკიდა, ადგილი ნაყიდი ჰქონდა,  ყოველთვიური გადასახდელიც აწვა  უფროსისთვის  და სულ ხელებში გიყურებდა. 
    ვინმე, ფულიანი პაციენტი თუ გამოჩნდებოდა, იმის გულისთვის ექთნები ერთმანეთს თმებით ითრევდნენ, არა მე და არა მეო.
    ან ეს მარკისთვის როგორ ამეხსნა, ან  ჩემი წვალებით  მთელი წელი ნაგროვები ბინის ფული იმის მოვლაში როგორ მეხადა!
    ისე კი, ვინ აღარ ინახულა.
ჩემს თავს ყველას ასე აცნობდა,  “ში იზ მაი, მაი მაიაო!”.
    თანდათან გაახილა თვალი და მარტივი ლუღლუღი, მერე  ლაპარაკიც დაიწყო.  საავადმყოფოს მერე კიდევ ოთხი თვე  თავის სახლში ვუვლიდი,    ფიზიკური თერაპიის ექიმი ბიძამისმა ამერიკიდან გამოუგზავნა. დადგა თუ არა ფეხზე და მეტყველებაც მოუწესრიგდა, ამერიკაში დაბრუნებაზე დაიწყო ლაპარაკი.
  გამგზავრების წინა საღამოს ქართველმა ჟურნალისტმა გოგოებმა მოაკითხეს, გუდაურიდან იცნობდნენ, ინტერვიუ უნდა ჩავწეროთო. მე  სამზარეულოში ვიყავი.
  ღამით  გავაცილეთ. გუდაურელებიც წამოვიდნენ აეროპორტში. იყო ერთი ჩვენებური, “ძმაო, იცოდე, გაის ამ დროს აქ რომ არ იყო, იქ ჩამოგადგებით ყველანი ამერიკაში და ძალით ჩამოგიყვანთო”.
  გადავიღალე.
  რომ შევიდა საბაჟო შემოწმებაზე და ხელი დაგვიქნია, აღარც დამიცდია.
გავაჩერე რომელიღაც  ტაქსი და ჩემს  ნაქირავებ  სოროში დავბრუნდი.     
    კერასინკაზე ჩაი ავიდუღე,  ჩემი პატარა ტელევიზორი ჩავრთე და  მარკი  არ გამოჩნდა?!
    იჯდა ერთი გასაცოდავებული, ცალ მხარეს, სახის ნახევარზე დამბლადამჩნეული, ახლად წვერგაპარსული, თმაშეთხელებული კაცი, საკუთარი სახის სიშიშვლე რომ ეუხერხულება და მალ-მალე სახესთან ხელი მიაქვს ასაფარებლად.  ქართულ- ინგლისურად რაღაცას ლაპარაკობდა შეყოვნებებით, თან შევარდნილ,  ლურჯ თვალებს შეშინებულად აცეცებდა და  დრო და დრო  შესაკავებლად გადაჯვარედინებულ,  გრძელთითება ხელებზე  უხერხულად  იხედებოდა.
      გამახსენდა წითელსაწვიმრიანი, ახალგაზრდა კაცი, ნახევრადცარიელი, მოგრძო  ჩანთა უდარდელად რომ ჰქონდა შემოგდებული მხარზე,  ელვის პრესლივით  ოდნავ ცალყბად მოღიმარი ჩვენკენ  რომ მოდიოდა
და ამეტირა.
    ისე, ის ბავშვი  კი უნდა გამეჩინა, დღეს უკვე ოცდახუთი წლის შვილი მეყოლებოდა. იქნებ ბებიაც გავმხდარიყავი.  სულ არ გავაგებინებდი მამამისს, ისე გავზრდიდი, რამეს ვიზამდი!
      რა ვიცი, მაინც ვერ გავრისკე, ჯერ ქრონიკული ალკოჰოლიზმიო, მერე იმდენი და იმდენნირი,  ძლიერი,  სულ ამერიკული წამლები….       
    თან ჩაბნელებული,  ქალაქური ცხოვრება;  დღევანდელი დღის  პრობლემები და ხვალინდელის -  შიში; თანაც  მაშინ უმამოდ ბავშვის გაჩენა ძალიან დიდი სირცხვილი იყო.  რა უნდა მეთქვა ჩემი  მშობლებისთვის, ან ნათესავები რას იტყოდნენ?!
    თქვენ კიდევ, ენერგეტიკის  ამბავი გეცოდინება რამეო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი