მე და ელვის პრესლი თუ ელვის პრესლი და მე
ნინო დარბაისელი სტრონი მე და ელვის პრესლი თუ ელვის პრესლი და მე ჩემი საქმრო დამწყები მოგზაური დენტისტია. ეს იმას ნიშნავს, რომ მობილურ კლინიკაში მუშაობს და მოხუცებულთა სახლებში პაციენტებს ადგილზე უტარებს მკურნალობას. როცა დისერტაციას დაიცავს და დოქტორი გახდება, მერე, იმედი მაქვს, საკუთარ კლინიკასაც გახსნის. დედაჩემი მეუბნება. შესახედავად უკეთესი გეკუთვნის, ტანად დაბალია და თმები ადრევე გასცვენია, ეგ გენეტიკურია, შვილიც თუ ბიჭი ეყოლა, ეგეთი იქნება, მაგრამ სხვა მხრივ მშვენიერი, შემოსავლიანი პერსპექტივა აქვს. კარგი ოჯახი გამოგივათ. თან წყნარი ადამიანია, მზრუნველი და ყურადღებიანიო. ჰო, წარმოშობით ინდოეთიდანაა ჩამოყვანილი, მაგრამ მშობლები აქაურები ჰყავს, ოთხი წლისა აიყვანეს მესამე შვილად, მას მერე ინდოეთში ნამყოფი არ არის და მისიაში გვინდა ერთად ჯაჰნაბაში წასვლა მომავალ წელს, უკვე ჩავეწერეთ. ორი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს. ნიშნობა - იანვრის ბოლოს გვქონდა, სრულიად მოუმზადებლად, ახლა მარტის ბოლოა. ქორწილამდე - ივნისის ოცდაერთამდე ათასი სარბენი აქვს ქალის მხარეს, მაგრამ ხანდახან მეც ხომ მინდა რაღაც განსხვავებული, თან სულ მაინტერესებდა, რატომ იყო საღამოობით ჩვენს დეითებზე ტონი ისეთი დაღლილი, რომ კი მიღიმოდა და არც ეტიკეტი ეშლებოდა, მაგრამ ეტყობოდა, რომ დაძინება ერჩია ყველაფერს. ჩვენ ეკლესიური ხალხი ვართ, ჯექსონ ტენესელები, „ბიბლიურ სარტყელში”მოქცეულები. ეს ნიშნავს, რომ ქორწილამდე გელფრენდ-ბოიფრენდობა რომ იციან სხვაგან, ასეთი რაღაცეები ჩვენს წრეში გამორიცხულია. ქალწულად უნდა ჩაბარდე ქმარს, როგორც ბიბლია გვასწავლის. საბავშვო ბაღში ვმუშაობ ასისტენტად დღეგამოშვებით. დღეს ვისვენებდი და წუხელ რომ შემომთავაზა, ხომ არ გინდა, ჩრდილოეთ ტენესიში, მოხუცებულთა სახლებში გამომყვეო, დავეთანხმე. დილით ადრე, ნილსბოროში ჯერ შემოსასვლელში ვიჯექი და ვიცდიდი. ლეპტოპი მქონდა თან და იმით ვერთობოდი. დღის ბოლოს მენეჯმენტის ხალხი რომ წავიდა, მითხრა ახლა ის პაციენტები უკვე მოვილიე, ვისი მოყვანაც შეეძლოთ სავარძლით და ისეთები დამრჩნენ, მარტო დასათვალიერებლები რომ არიან, საწოლიდან სავარძელში რომ ვერ გადმოჰყავთ და თუ გაინტერესებს, გამომყევიო. მანამდე რამდენჯერმე გამომხედა, ხომ არ მოიწყინეო და მომიბოდიშა, რაღაც ძალიან დატვირთული დღეა, ასეთს არ მოველოდი, თორემ ამხელა გზაზე არ წამოგიყვანდიო. მართლაც, უკვე ძალიან მოწყენილი ვიყავი და გავყევი. *** მოხუცებულთა სახლი წარმოსადგენად ადვილია, თავში ნერსების მრგვალი სტაციონარია, მერე ჰოსპიტალებისთვის დამახასიათებელი გრძელი დერეფანი, აქეთ-იქიდან დანომრილი ოთახებით. აქ ქალები და კაცები განცალკევებულნი არ არიან. თუმცა ცალკე, კეთილმოწყობილი, სველწერტილებიანი პატარა ოთახი კი აქვს ყველას. პირველსავე ოთახში, კედელზე ჩარჩოში ლამაზი, მაგრამ ასაკოვანი ქალის ფერადი ფოტო იყო ელვის პრესლისთან ერთად. იდგნენ. ელვისს თავისი ცნობილი, თეთრი, მაღალყელიანი, ბრჭყვიალებიანი კოსტიუმი ეცვა, ქალი წელამდე წვდებოდა, თაფლისფერი თმები ლამაზად, დიდ კულულებად ჰქონდა დაყენებული, ნახევრად პერმანენტს რომ ეძახოდნენ, სამოცდაათიანი წლების სტილზე, კაცს ქალის ხელი ნაზად ეჭირა და გულზე იხუტებდა მის წითელმანიკურიან მტევანს, თან გვერდულად იღიმოდა ჩვეულებისამებრ. უცებ მომეჩვენა, რომ ქალი ელვისის მკერდზე საკუთარ ხელით იყო ჩამოკიდებული, ძველებური, ბამბით გამოტენილი ნაჭრის თოჯინასავით. (რაღაც, ქალური შური?!) - ოო, თქვენ პირადად იცნობდით ელვისს? - ვეკითხები. - დიახ, ახლო მეგობრები ვიყავით, ძალიან კარგი ადამიანი იყო, ხშირად მაკითხავდა, მიმღეროდა, ყველა მაგისი სიმღერა ხომ ჩემთაობელებმა ზეპირად ვიცით. ერთხელ ხმა მეც ავაყოლე, ჯერ წყნარად შევაპარე და მერე ავუწიე და ავუწიე. თან მე ახალგაზრდობაში აკაპელაში ვმღეროდი, დამუშავებული ხმა მაქვს, არ მოელოდა. გაუკვირდა კი არა, გაოცდა, რა კარგი ხმა გქონიათო, ჩვენ ერთად უნდა ვიმეცადინოთ და მერე დუეტები უნდა ვიმღეროთო, მერე მთხოვა, შეიძლება თქვენთან ერთად სურათი გადავიღოო. საერთოდ, არ მიყვარს სურათის გადაღება, მაგრამ ელვისი ისე მიყვარს, სიხარულით დავეთანხმე. ეს სურათიც ჩარჩოში თვითონ ჩაასმევინა, მომიტანა და თვითონვე დამიკიდა კედელზე. მერე, უკვე ოთახიდან რომ ვეღარ გავდიოდი საერთო დარბაზში, სადაც კონცერტს მართავდა ხოლმე, თვითონ აქ მაკითხავდა, ცოტა ვივარჯიშოთ სიმღერაშიო. ბოლო დროს, რაღაც, აღარ გამოჩენილა. ხომ არ იცით, როგორ არის, სად არის? ტონის გავხედე და მზერა ამაცილა. უცებ ვიგრძენი, რაც უნდა მეპასუხა: - იცით, მგონი, ტურნეთი სამოგზაუროდ წავიდა და იმაზე დიდხანს გაუგრძელდა, ვიდრე დაგეგმილი ჰქონდა. ალბათ ერთი სული აქვს ჩამოვიდეს და გინახულოთ... საბედნიეროდ, ამის მერე პაციენტს პირი დაღებული ჰქონდა ექიმისათვის. მაინც კარგია საქმროდ დენტისტის არჩევა.... ან იქნებ ცუდიც, სულ პირდაღებულ, მაგრამ დროებით მაინც დამუნჯებულ ხალხთან უნდა გაატაროს ცხოვრება. ალბათ ვერც ჩემს ზედმეტ ლაპარაკს აიტანს სახლში. *** რამდენიმე პალატაში საყურადღებო არაფერი მომხდარა, მოსაყოლად რომ ღირდეს, თითქმის ბოლოში ვიყავით გასული, რომ ოთახში შესვლისთანავე ძვირფასი სუნამოს სუნი გვეცა, კარზე სახელი ეწერა - ალეგზანდრა. ლოგინში პაციენტი იყო, მკვეთრად თვალებდახატული, მაღალყვრიმალებიანი, პომადიანი მამაკაცი, რამდენიმე ბალიშზე, წამოჯდომამდე შემაღლებულზე ედო თავი. გაძვალტყავებულ ხელის მტევნებზე სულ ბეჭდები ეკეთა და იმდენი კრემი ესვა, რომ აბრეშუმივით კანის ქვეშ ძარღვები ლურჯი ნაქარგებივით მოუჩანდა. კედელზე ყველგან ლამაზი კაცების სურათები ეკიდა, მსახიობებისა, კერკ დუგლასისა - სპარტაკიდან, ტომ კრუზისა, ტრენტინიანისა, მათ შუაში ელვის პრესლისთან ლოყა-ლოყაზე მიდებული მისი სურათიც იყო. - ელვისს თქვენც იცნობდით? - ვეკითხები. - ელვისს აქაც და ყველგანაც ყველა იცნობს, მაგრამ მე და ელვისი ახალგაზრდობიდან ახლობლები ვართ. ბევრი სურათი გვაქვს ერთად. არ მინდა, ყველა ერთიანად მეკიდოს კედელზე და ვცვლი ხოლმე, ცქერა რომ არ მომწყინდეს. სხვათა შორის ეს ხელის კრემი ნამდვილი ფრანგულია, ორიგინალი, მან მომიტანა, შენ გიყვარსო, „შათ ინი“ როცა გავხდი - გვაჩვენებს თითქმის ცარიელ, დიდ ტუბს, რომელიც იქვე ტუმბოზე უდევს .- სულ ცოტ -ცოტას ვისვამ. სხვა კრემს ვიყენებ ყოველდღიურად. მენატრება ჩემი ელვისი. ჩემი მხიარული მეგობარი. მისი სიმღერა და სიცილი. ასე არასოდეს დაუგვიანია... მერე ისევ პირის დაღება და დრო და დრო ზმუილი. *** - ერთი-ღა დაგვრჩა, ზუსტად ამის შემდეგ ოთახში და წავედით, - ამბობს ტონი- კარგია, რომ დასაბურღი და მოსაზომებელი არაფერია, გეგმიური ჩახედვა და მორჩა. - ტონი, მე მეგონა, ელვისი დედაჩემის ახალგაზრდობაში გარდაიცვალა, მიყვებოდა, კოლეჯს ვამთავრებდი, უცებ ყველაფერი გაჩერდა და გამოაცხადეს, მთელი დორმი ტიროდაო, ნარკოტიკის დიდმა დოზამ მოკლაო და ცოცხალია? - როგორ გითხრა! ზოგი ამბობს გარდაიცვალაო, ზოგი ამბობს - არაო. ევენსვილში ცხოვრობს და ორეული გამოიყენა, ვითომ მოკვდა, დაიღალა სცენაზე ამდენი დგომით, პრესილას ღალატით, იმპრესარიოს თაღლითობით და და იქ, სიმშვიდეში პამიდვრებს ზრდისო. ხალხია, ირწმუნებიან, როგორც შენ გიყურებ ახლა, ასე შემხვედრია, დამლაპარაკებია, ცოტა უკვე პროვინციულად უქცევს, მაგრამ უხდებოდა კიდეცო.... - შენ?! შენ რას ფიქრობ? - მეე? ვისაც სჯერა რომ მკვდარია, იმისთვის მკვდარია, ვინც ფიქრობს, რომ ცოცხალია, იმისთვის - ცოცხალი. საერთოდ, არა აქვს მნიშვნელობა, ადამიანი ფიზიკურად ცოცხალია თუ მკვდარი. მთავარია, ირგვლივ ადამიანები რას გრძნობენ და როგორ ფიქრობენ. ისე კი, არც სიკვდილი არსებობს და არც სიცოცხლე. როცა ჩვენ ვართ, სიკვდილი - არ არის და როცა სიკვდილია- ჩვენ აღარა ვართ. ესეც შენი ინდოელი. ზუსტ პასუხს არასოდეს გაღირსებს, რა! ხელიც ასე მთხოვა. ჯერ დაბადების დღეზე, ნიუ-იორკში დამპატიჟა, შუა იანვრის ყინვებში, ორნი წავიდეთო, მერე იმპერიალ სტეით ბილდინგის სულ თავში ამიყვანა. მთელი ჩემოდანი ზედ მეცვა, ცხვირის წვერი ძლივს მიჩანდა კაშნესა და ქუდში და იმდენ ხალხში უცებ მეუბნება, ბეჭედი მიდევს ჯიბეში, მგონი მოგერგება და მინდა, ხელი გთხოვო, ოღონდ დარწმუნებული არა ვარ, სწორად ვიქცევი თუ არა. ამბობენ, ცოლის მოყვანა ისეთი რამეა, ხელს რომ სთხოვ, თუ დაგთანხმდება - ბედნიერი იქნები, რომ ცოლობაზე დაგთანხმდა, უარს გეტყვის და - ბედნიერი იქნები, რომ ცოლად არ გამოგყვაო. იმდენი ფილოსოფიები დაიწყო, მე თვითონ ვუთხარი, კარგი, მაჩვენე, რა ბეჭედი გაქვს, იქნებ ან არ მომწონს, ან სულაც არ მერგება და უკან უნდა დაგიბრუნო-მეთქი. ქურთუკის ჯიბიდან ამოიღო კოლოფი. მომცა და რომ გავიძრე უცებ კბილებით ხელთათმანი, თითზე ხომ ზუსტად მომერგო და ბრდღვიალებდა, ატყდა ტურისტების ტაშისცემა. სურათებს გვიღებდნენ. კოლოფს უკან ვაძლევდი, რაღად მინდა-მეთქი და გქონდეს, ხანდახან მოხსნა და შენახვა რომ დაგჭირდესო. მოკლედ, ამის იქით მისი რომანტიკა არ მიდის. ქორწილს ეს რომ გეგმავდეს, სტუმრებს გამოუცხადებდა, ჩვენ გადავწყვიტეთ, ოჯახი შევქმნათ და რისეფშენი მოვამზადეთ თქვენთვის. ისიამოვნეთ და აქ ნურაფერს დატოვებთ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ სტუმარი ორჯერ ახარებს მასპინძლის გულს, როცა დროულად მოდის და მეორედ - როცა დროულად მიდისო! არა, ეს მახვილგონივრულად იქნებ კიდეც გამოსვლოდა, მაგრამ აღზრდის გამო არაფრით არ იზამდა. მეტისმეტად მოზომილია. ვიდრე რამეს იტყვის, ათასჯერ დაფიქრდება. ხომ უნდა ვაღიარო, არა?! - რაკი სხვებს ეს ვამჯობინე. ნიშნავს, რომ რაღაც უნდა მიზიდავდეს მის ხასიათში, გარდა წესიერებისა და პერსპექტიულობისა. …სიყვარული? სიყვარული თუ მართლა არის, თინეიჯერობის ასაკში, ჰაისქულში, კარგი, ბაკალავრიატის წლებში, მერე ადამიანი უკვე არკვევ, რა გაინტერესებს, რა უნდა გაინტერესებდეს და ურთიერთობას ამის მიხედვით აწყობ. *** დღის ბოლო იყო, ალეგზანდრას მომდევნო, უკანასკნელ პაციენტთან როცა შევედით. მისი ოთახი დერეფნის სულ-სულ დასასრულს იყო. მერე კიდევ კი იყო ერთი ოთახი, ფანჯარასთან, მაგრამ იქ პაციენტი არ ჰყავდათ, მტვერსასრუტებს და ეგეთ რაღაცეებს რომ ინახავენ და ცვლის დამთავრების მერე გასაღებს რომ ერთმანეთს აბარებენ, ის იყო, როგორ მივხვდი? კარი კი ისეთივე ება, მაგრამ ოთახის მფლობელის სახელის ნაცვლად ეწერა ‘’მხოლოდ მომსახურეებისთვის”. პაციენტის ოთახს კი ეწერა „გენერალ ვონ“ . მძიმე სუნი გამოდიოდა, აი, შარდის სუნის გასაქრობად ათასნაირი მისასხურებელ გასაწმენდი რომ არის ნახმარი, მაგრამ მაინც ვერ ფარავს. უფრო გულისამრევად აქცევს. ნერსმა გვითხრა, რაღაც ზარს უნდა ვუპასუხო, შედით და მეც მალე მოვალ. ჩემი წარდგენა არ გჭირდებათ, მაინც არაფერი ესმისო. საწოლის მხარეს, ჭერში რაღაცნაირად, რელსებზე დამაგრებული ფარდა იყო ჩამოფარებული. ტონი რომ ფარდის შიგნით შედიოდა, გარედან თვალი შევასწარი პაციენტს, ემჩნეოდა, რომ ამ ქვეყნისა არ იყო, აი, სასიცოცხლო მონაცემები კი რომ თითქოს აქვს, მაგრამ თავი ვერტიკალურად ვერ უჭირავს. აღარც მეხსიერება აქვს, აღარც კბილები, აღარც პროტეზებს იყენებს. მილით აჭმევენ, უბრალოდ, ღრუს შეუმოწმებ, რაიმე სიმსივნური ხომ არა აქვს და ეგაა. აი, სიმსივნეც რომ აღარ ეკარება! ფარდის გარეთ, საწოლის წინ, კედელზე ამასაც ელვის პრესლის დიდი სურათი ეკიდა. ოღონდ ელვისი მარტო იყო. სურათი კი არა, ძალიან ცნობილი პლაკატი, თმები რომ აქვს ზემოთ ავარცხნილი, ჩამოზრდილი ბაკებიდან და შუბლიდან გამომდინარე ოფლის წვეთები რომ ეტყობა, თეთრი კოსტიუმი რომ აცვია, მკერდზე გადაღეღილი, ბრჭყვიალა, მაღალი საყელოთი, მაგრამ პლაკატი - ფოტოზე გადაღებული. პატარა ოთახში, კარის გაყოლებაზე, კედელზე ორი კოსტიუმი ბრტყლად ეკიდა, ერთი - უმაღლესი სამხედრო ჩინის ფორმა ჩანდა და მეორე - სურათზე რაც ეცვა ელვისს, ის კოსტიუმი იყო. მე პლაკატს ვუყურებ, ან რა ღიმილი აქვს, ან რა დგომი გიტარიანს, გეგონება, ცოტაც და, მუხლებში ჩაიკეცებაო. ნეტა სცენაზე წონასწორობას როგორ იცავდა! მაინც რა იყო, ვინ იყო, მეფე იყო, რა! ტონი ავადმყოფს სინჯავს ნერსის მოსვლამდე, რომ ხელმოწერით დაგვიდასტუროს ვიზიტი და ჰაი-დაააა, თავისუფლებაზე, საუკეთესო, არა, ვინ გაუძლებს საუკეთესო რესტორნამდე მუცლის ღრუტუნს... უახლოეს რესტორნამდე, ფასტფუდამდე, ჰამბურგერებამდე, დიდ, არადიეტურ, კარბო-ჰიდრატებით სავსე კოკა- კოლამდე, ნაყინიც უნდა დავაყოლო. ნერსი შემოდის: აცდის ფარდის იქიდან ექიმის გამოსვლას, რომ ხელი მოგვიწეროს და სხვა საქმეებს მიხედოს. - ელვისს უყურებთ, არა? რა ლამაზია... მაგრამ არაა ეგ ნამდვილი ელვისი. ეს ჩვენი გენერალი ვონია ახალგაზრდობაში. ელვისის დიდ ფანი იყო, პირადად მართლა იცნობდა, რაღაც დროით გერმანიაში, ჯარში ერთადაც უმსახურიათ. გადადგომის მერე, წლების მანძილზე, ყველგან ელვისის იმიჯით დადიოდა, ჩვენს ქალაქში ოთხი მოხუცებულთა სახლია. ოთხივეს აკითხავდა, მაგრამ ჩვენი სახლი ყველას ერჩია. ავადმყოფებს ესაუბრებოდა, ართობდა, გიტარით ელვისის სიმღერებს უმღეროდა, სურათს იღებდა ყველასთან სათითაოდ და ლამაზ ჩარჩოში ჩასმულს თავისი ხელით უკიდებდა კედელზე. სულ მასზე ლაპარაკობდნენ, ვიდრე შეეძლოთ. აი, ესაა ჩვენი ცხოვრება! ფანჯრიდან რომ მთაზე დიდი სახლი ჩანს, იქ ცხოვრობდა, შარშანწინ ცოლი რომ მოუკვდა, გაჟონვა დაემართა და იმის მერე მდგომარეობიდან არც გამოსულა. აქ მოგვიყვანეს და არც შვილი ჰყოლია, არც ვინმე მომკითხებელი. რას იფიქრებდა, რომ მისი ბოლო საცხოვრებელიც აქ იყო, აქ, სადაც ყველა მის მოსვლას ელოდა. ამ დროს ტონმა ფარდის უკნიდან თავი გამოყო: - მობრძანდით? მგონი, თქვენ გკითხულობთ, კარისკენ იყურება. ნერსმა ფურცელზე შევრონის გაყოლებაზე ხელი მოგვიწერა და თან გასძახა: - დიახ, გენერალ ვონ, ახლავე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი