ფიქ ფოქითერი ანუ ჯიბის ქურდი


ნინო დარბაისელი

ფიქ ფოქითერი ანუ ჯიბის ქურდი

  ზოგი სულ მარტო მუშაობს, მაგრამ ჩვენს საქმეში ორი კაცი მაინც აუცილებელია. არის რომ დიდი ჯგუფიც აქვთ, მაგრამ მერე გაყოფაზე - პრობლემებია.
    ვილი და მე -  კარგად ავეწყვეთ.
გარეგნობით როგორია?!
    ამას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს: საშუალო სიმაღლის, საშუალო ასაკის,  არც მსუქანი, არც გამხდარი, ცისფერთვალება, ანუ  როგორც დიდი უმრავლესობა ირგვლივ.
საშუალოობაა მთავარი და არავითარი საიდენტიფიკაციო ნიშანი.
  ადამიანმა შენი გარეგნობა ვერ უნდა აღწეროს, რომ ჰკითხონ.
  პრინციპში მეც ეგეთი ვარ, გარედან ვინც შემომხედავს.
ერთმანეთისგან კი  განვსხვავდებით  შინაურებისთვის, თანაც ძალიან.
განსხვავების დანახვას მეტი დრო უნდა, ჩვენ კი წამებში და ზოგჯერ წუთებში ვმოქმედებით.
  დიდ საქმეებს ხელს არ ვკიდებთ. დღეში ასე, თითო-ორი გვყოფნის, საღამოთი ბარში დასაჯდომი ფული მოაქვს, ბინაში - ახლობელთან ვრჩებით, ხან ერთთან, ხან - მეორესთან, ნაღდს ვუხდით ერთი ღამისა. ტანსაცმელზე და ფეხსაცმელზე - პრობლემა არა გვაქვს, საქველმოქმედო მაღაზიაში ცენტებად ვყიდულობთ, არც ვრეცხავთ, ვყრით და ახლით ვანაცვლებთ.
  ჩვენი საქმიანობა რამდენიმე ეტაპისგან შედგება:
შეთვალიერება და ამორჩევა,
დამუშავება,
ამოცლა,
გაქცევა,
ხელის გაცლა,
ნადავლის გაყოფა.
ეს - კლასიკურ შემთხვევაში, სინამდვილეში რა და როგორ მოგვიწევს, ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.
საერთოდ, გაუგებრობა და ერთმანეთში უსიამოვნება ბოლო ორ საფეხურზე ხდება.
  თუ ღორი არა ხარ, ბოლოსაც არ იღორებ და პოლიციასაც  ხელში არ ჩაუვარდები.
სხვა შემთხვევები სხვა დროს მივყვეთ.
დღეს რა მოგვივიდა?
  აუ, აზრზე არა ვარ,  მეტროს ჩასასვლელში ორ საათში რომ შევხვდები ვილის, რა ჭკუაზე იქნება.
სამუშაოდ ძირითადად,  ოდნავ შებინდებულ დროს ვირჩევთ. ხალხისგან რომ თანდათან იცლება იქაურობა.
  ცენტრალ პარკში სამი საღამოა, ერთი პატარა ძაღლიანი ბებრუხანა ავარჩიეთ.
იცი, როგორი?
    აი, სახეზე საბოტოქსე და საოპერაციე ადგილი რომ აღარ დარჩა და ბოლოს დანებდა სიბერის ასაკს, წასმით- ყველაფერი უსვია, ჩაცმით - სტილს იცავს, ძვირფასი ოქროულიც უკეთია…
  არა, არა, ჩვენ ძალადობრივ ძარცვებზე და ეგეთ რამეებზე არ მივდივართ. სულ ერთხელ იყო, ვილი ვიღაცა გოგოს  მიეპარა უკნიდან, მე რომ წინიდან ვითომ რაღაცას ვეკითხებოდი და  ყელიდან ოქროს ძეწკვი ჩამოგლიჯა.
    ოქროს გაყიდვა - რისკი და შარია… ან თუ ოქროზე მუშაობ, სულ მაგაზე უნდა იყო, რომ წონით ჩაბარება გიღირდეს, ის ერთი, გაწყვეტილი ძეწკვი კი ძლივს მოვიშორეთ.
    ჩვენ - რა!
ძირითადად ჩანთებზე ვმუშაობთ. ხალხს ბოლო დროს ნაღდი ფული თან აღარ დააქვს, ყველაფერი ბარათებზეა, ვინმე ახალგაზრდას რომ ჩანთა გასტაცო, ტყუილი ამბავია, არაფერი იქნება შიგ მეიქ აფისა და პრეზერვატივების მეტი, მობილურს იმისას - ვერც გამოიყენებ, ვერც გაყიდი, კოდიანია და აზრი არა აქვს, თან ეგრევე ლოკალიზება ხდება, გამორთულიც რომ იყოს.
  ხანდაზმულებს, დეპრესიის დროგამოვლილ ბებრებს ათი ბარათიც რომ მისცე, ჩანთაში ნაღდის გარეშე - არ შეუძლიათ.
ჩვენ - ნაღდი ფული გვინდა.
სამშვიდობოს გასულები ჩანთას  სადმე გადავაგდებთ, ვიშორებთ, რაში გვჭირდება ნივთმტკიცება, სულ ოქროს ჩანთაც რომ იყოს!
  ამ ბებერს ლუის ვუტონის  ბრენდის ჩანთა ეჭირა.  უკვე ძველი მოდელი, მაგრამ  კარგი.
ჩანთებში მაგრად უნდა ერკვეოდე. რომ შეხედავ გარედან, უკვე უნდა იცოდე, სად რა ჯიბე ექნება შიგნიდან, სარჩული აქვს თუ არა, წამებში უნდა მოასწრო ყველაფერი, ზოგმა სარჩულის გახსნა-  გარღვევაც იცის პატარა, შიდა ჯიბიდან და ფულს იქ ინახავს- სამალავში.
  მოკლედ, რენტგენივით უნდა იყო, რა - გარედან შეხედო და შიგ - დაინახო!
    გეგმა მარტივი და მილიონჯერ გამოცდილი გვქონდა, მე - ნორმალურად ჩაცმული მივსეირნობ,  ძაღლს დავინახავ,  ვეფერები, ჯიშს ვეკითხები, კონტაქტში შევდივარ ანუ, ვუყვები, რომ თითქმის ასეთივე მყავდა და ასე შემდეგ, 
ამასობაში ვილი უკნიდან გაუვლის და ჩანთას მარტივად გააცლის. მე რა მევალება ამ დროს?
გააჩნია შემთხვევას. თუ ქალი გამოეკიდა,
ჯერ რას დაეწევა, მაგრამ ვითომ მე მივდევ მძარცველს და ქალს ადგილზე ვტოვებ მოლოდინის მდგომარეობაში, ვიდრე სხვა რამეს მოიფიქრებს.
  ან უნდა ვუთხრა, პოლიცია მოვძებნოთ მეთქი, მოკლედ, დაზარალებულის დეზორიენტაცია ჰქვია ამას  პოლიციის ენაზე. მაგათი ენაც უნდა გესმოდეს და საერთოდ, ჩვენ და პოლიციას ერთმანეთის ენა რომ არ გვესმოდეს, არც პოლიცია იარსებებდა და არც ქურდი და მძარცველი. რაღაც გაგებით, პარტნიორები გამოვდივართ.
  ბევრი რომ არ გავაგრძელო, ვართობ ამ ძაღლიან ბებრუცანას, მომენტია, მიეპარა ვილი, გასტაცა  მხარზე გადაკიდებული ჩანთა, გაიქცა და მე მზად ვარ შემდეგი მოქმედებისთვის…
  ქალი კი შეშინდა თავიდან, იკივლა კიდეც,  მაგრამ ადგილიდან არ იძვრის.
  - მეემ! რა ვქნა, რით დაგეხმაროთ! - ვეუბნები.
- ნუ შეწუხდებით - მეუბნება - თუ გინდათ, მანქანამდე მიმაცილეთ. მაგ ჩანთაში ორი განყოფილებაა. ერთში -  ჩემი პამპერსი მედო, ყოველი შემთხვევისთვის, საპირფარეშომდე ცოტა შორია და ინციდენტისთვის მზად რომ ვყოფილიყავი. მეორეში კი,…  ეს ურნები ისე შორი-შორს დააყენეს, ძაღლის პუპებს რომ წამოვკრეფ ხოლმე, ცელოფანის პარკებში ვდებ და ჩანთაში ვაგროვებ, რომ პარკიდან გასვლისას ერთიანად ჩავყარო ურნაში…მანქანის გასაღებს და სხვა საჭირო რამეებს კი -  კაბის შიგნითა ჯიბეში ვინახავ. სხვათა შორის, მთელი ახალგაზრდობა ამ ქაუნთის  შერიფის მდივნად ვმუშაობდი, მერე, რომ დაქვრივდა, ცოლად შემირთო, ოცდაორი წელი გავატარეთ ერთად, შარშან  დაუდგენელი ეტიოლოგიის სიმსივნით გარდამეცვალა…
      ლაპარაკობს, თან მანქანისკენ მივაცილებ, ხანდახან გვერდიდან გავხედავ და ვფიქრობ, ნეტა როგორ ხდება,  ძაღლები და პატრონები რომ სულ ერთმანეთს ჰგვანან. თავიდანვე მსგავსს ირჩევენ ადამიანები, როცა ყიდულობენ თუ მერე იმსგავსებენ ან ემსგავსებიან.
    აუ, ახლა დამანახვა ვილის სახე!
    დღეს ვერც ბარში წავალთ და დაძინებითაც - სად გავათენებთ, აზრზე არა ვარ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი