რაა მანძილი რუსთაველიდან თანამედროვე პოეტესამდე
ნინო დარბაისელი რაა მანძილი რუსთაველიდან თანამედროვე პოეტესამდე ერთხელ ერთმა საუკეთესო მთარგმნელმა შემომჩივლა, კი დამპატიჟე შენთან, მაგრამ ვერ მოვალ, სასწრაფოდ ერთი ქალის პოეტური კრებულისთვის გვერდნახევარი შესავალი წარდგინება რომ არ ჩავაბარო, ჩემი წიგნის ბედი მამამისის ხელშია და დავიღუპე. ცუდი პოეტი არაა, მაგრამ რაღაც ჩამეკეტა, ვწვალობ, ვწვალობ და სტრიქონსაც ვერ ვწერ. ალბათ ხვალ მივალ, ბოდიშს მოვუხდი და რაც უნდა, ქნას, რა ვუყო, სულ ნუ გამოსცემს ჩემს წიგნსო. მე ძალიან მინდოდა მოსულიყო, ნუ, მეტი რომ არ შეიძლება, ისე ძალიან. ვუთხარი: - ახლა შენ გგონია, ზის მთელი მსოფლიო და ელოდება, როდის გამოვა იმ ქალის ლექსების წიგნი, რომ შესავლიანად დაიზეპიროს. ფაქტია თავისთავად მნიშვნელოვანი, რომ წარდგინებას შენი სახელი ეწეროს, თორემ წამკითხავი არავინაა-მეთქი. შენ ოღონდ მოდი და იმ გვერდნახევარს მანამ დიდი დიღმის ბოლოში გამოხვალ, დაწერილს დაგახვედრებ-მეთქი. დავიყაბულე. სიტყვაც შევასრულე. როგორ?! ვიღაც მეზობლის ბავშვის თემა მქონდა გასასწორებელი ვეფხისტყაოსანზე (იმასაც საიდანმე ექნებოდა გადაწერილი) თან გავუსწორე, თან ალაგ-ალაგ გადმოვიწერე და მოცულობის ლიმიტს რომ მივუახლოვდი, ბოლოში ერთი აბზაცი მივაწერე, რაღაც, ასეთი: ამ კრებულის ავტორი რუსთველის შემოქმედებიდან მომდინარე ქართული მრავალ საუკუნოვანი პოეტური ტრადიციის ერთ- ერთი ღირსეული გამგრძელებელია. მინდა, გზა დავულოცო მის ახალ კრებულს. შეჭიკჭიკებულზე წავაკითხე, გაიბადრა, ვიცინეთ და ჯიბეში ჩაიდო. შინმისულმა გამოფხიზლებულზე, დილას დამირეკა, არა, ნინო, ამას მე ვერ მივიტან, არადა დილისთვის დავპირდი და პირდაპირ აეროპორტში მივდივარო. არ დაიბნა ბაჭია, ორი ყური აწია: ვუთხარი, შენ ცოტა შენს სტილს მოარგე, და ხელით გადაწერე, მე მაინც გამოვდივარ ქალაქში, შემხვდი, მომეცი და მე ვიცი-მეთქი. გამოვართვი, მივიტანე დანიშნულების ალაგას და შემკვეთმა სულ ცრემლები აღვარღვარა, ხმამაღლა წაუკითხა შემსწრეებს. ცხადია, ჩემი მეგობრის წიგნს სულ მწვანე აენთო და როგორც მახსოვს, ” წარდგენიან” პოეტურ კრებულსაც კი დაასწრო გამოსვლა. არ მითხრათ ახლა, კოლეგას, ქალს ასეთი რამ როგორ გაუკეთეო. რომ არა ჩემი მაკვარანცხობა, მის კრებულს არ ექნებოდა დიდი ადამიანის სახელით დამშვენებული წარდგინება. (მგონი, ერთადერთი!) ცუდი პოეტი არააო, იმ ქალზე თქვა. ნეტა ჩემზე ეთქვა. მთელი ცხოვრება სტრიქონ-სტრიქონ, სიტყვა-სიტყვით მიჩხრეკდა ნაწერს და ერთი მოწონება ვერ გამოვსტყუე. მსუბუქი, ზეპირი პაროდია - რამდენიც გენებოთ. ნათელი დაადგეს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი