სქესი და ვალოდა
ნინო დარბაისელი სქესი და ვალოდა ჩემს ახალგაზრდობაში სადღაც, ბორჯომ- ხაშურის მიდამოებში ერთი ქვრივი მარო ცხოვრობდა. ჩვენებური კლიშე - ამბავია: ოცდარვა წლისა დაქვრივდა, სამი პატარა შვილით და გათხოვებაზე არც უფიქრია, როგორც ყვებოდნენ, სახლ-კარი ხომ ძვირფასად გამართა, სამივე შვილს კარგი უმაღლესები დაამთავრებინა, ორივე გოგო წესიერად გაათხოვა, თავის ახლო დაასახლა, ბიჭსაც - თავისი არჩეული, დედისერთა ექიმი ცოლი მოუყვანა… გამრჯე ქალი ყოფილაო, ვიცი, ახლა გაიფიქრებთ, თანამედროვე ოთარაანთ ქვრივიო… არადა, იმ პირგამეხებულს სულაც არ ჰგავდა, ერთი ,,სენი წილიმე, სენ გენაცალეთი” მოლაპარაკე, ზომიერად ფერხორციანი ქალი იყო. აბა, რას საქმიანობდა?! მაშინ ექოსკოპიობანა არ იყო და მთელი საქართველოდან ფეხმძიმე ქალები ქმრებს მასთან ჩაჰყავდათ ბავშვის სქესის გამოსაცნობად. არც გასამრჯელოს რაოდენობას დაეძებდა. თუ გინდათ, ნურაფერს გადამიხდით, ამ კეთილ საქმეში ფულს ხელი როგორ მოვკიდოო და თუ მაინც ძალიან გინდათ, აგე, სახლის წინ უკვე მიწა მაქვს გაჭრილი, შუშაბანდი უნდა მოვაშენო აქაურობას და რაც გემეტებათ, პირდაპირ იქ ჩააგდეთ, აქედან რომ გახვალთო. იქვე, გაჭრილ ,,საკატლავანესთან”(დღემდე აზრზე არა ვარ, ეს სიტყვა რას ნიშნავს, მაშინ კი გავიგე) მისი ბიჭი იდგა, ტანად მაღალი არ ეთქმოდა, მაგრამ ნაკვებობა ეტყობოდა, დასამახსოვრებელი, შვლის ნუკრივით დიდი, ცისფერი თვალები ჰქონდა და სახეზე ცოტა იდიოტის ღიმილი ეხატა. -ვალოდ, ვალოდ გააცილე სტუმრები! - მალ-მალე გამოსძახებდა ხოლმე დედამისი. ისიც კართან მოვიდოდა, გამოგიძღვებოდა; გიყურებდა, ფულს როგორ აგდებდი, გაბედნიერებულს მუცელგამობერილების რიგთან ჩაგატარებ და; სამეზობლოში გრძლად ჩამწკრივებული კერძო მანქანებისკენ წაგიყვანდა. ზეპირად იცოდა, ვინ რა მანქანით იყო მოსული! რიგი ეზოში - დიდი იდგა. დილის შვიდზე უკვე იქ უნდა ყოფილიყავი, რომ იმ დღეს შეუსვლელი არ დარჩენილიყავი. შენი ჯერი რომ დადგებოდა, ერთ პატარა, ტახტ-მაგიდიან, სადა ოთახში შეხვიდოდი მარტო, მიგატრიალებდა, მოგატრიალებდა ქვრივი მარო, ცოტას შეყოვნდებოდა, დავთარში აკურატულად ჩაიწერდა შენს სახელსა და გვარს, დაბადების წელს, ქმრის სახელსაც (იმისი წელი საჭირო იყო თუ არა, ამდენი აღარ მახსოვს), მერე ქმარსაც შემოიყვანდა, მისი თანდასწრებით ბავშვის სქესს გამოგიცხადებდა. ამ ყველაფერს ლამაზი ხელით ერთ პატარა ფურცელზე დაწერილს გაძლევდათ, ეს კარგად შეინახეთო… ეს ნიჭი ჯერ თანასოფლელებს შეუნიშნავთ, მერე სახელი დიდი გავარდნია და არც შემოსავალს უჩიოდა, მაგრამ ცას ხომ ვერ გამოეკერებოდა. მოაკლდა სამ შვილსა და ოთხ შვილიშვილს მისი ხელის ბარაქა. სიძეებმა - გარე- გარე დაიწყეს ყურება, ბიჭმაც სმას უმატა, ექიმი რძალი - საბერძნეთში წასულა. მერე დიდხანს აღარაფერი გამეგონა. ვინც იქ მიმიყვანა, თვითონაც იმ სოფლიდან იყო და მეუბნებოდა ხოლმე მაროს ამბებს, როცა შემხვდებოდა. ამასობაში წლებიც გავიდა. ერთხელაც, დილას ელიავას ბაზრობიდან ერთი სანტექნიკი წამოვიყვანე. მთელი დღე ტყუილად შალა რაღაცეები, სულ ამირია იქაურობა, ორჯერ საფუძვლიანად ისადილა, ხუთჯერ ყავაც დალია თავისი ნამცხვრით, დაიღამა და მეუბნება, ახლა ვეღარ ვასწრებ, რაიონიდან ვარ, ბოლო ავტობუსს უნდა მივუსწრო, დღევანდელისა - რაც ვიმუშავე - ბე მომეცი, ხვალ, დილაადრიან ჩემი ინსტრუმენტებით მოვალ და ყველაფერს ნახევარ საათში მოვრჩებიო… ახლა-ღა შევხედე პირველად გასაპარსწვერიან სახეზე და არ დაიჯერებთ! ცისფერი თვალებით არ მეცნო?! ვეუბნები, თქვენ ქვრივი მაროს ბიჭი ხომ არა ხართ, ვალოდა, რას გეხსომებით, ამ ოცდაათი წლის წინ დედათქვენთან ბავშვის სქესის გამოსაცნობად ვიყავი. კი მითხრა ბიჭიაო და გოგო მეყოლა, ფურცელიც შენახული მქონდა, მაგრამ იმხელა გზაზე სასაყვედუროდ ხომ არ წამოვიდოდი- მეთქი. ჰოდა, ვალოდა მეუბნება, დედაჩემის დავთრები აქამდე შენახული გვქონდა, ამ ზამთარს ფეჩში შევუკეთეო, რასაც ფურცელზე გიწერდათ, მუდამ იმის საპირისპირო ჰქონდა დავთარში ჩაწერილი. ყოფილა შემთხვევა, ვინმე ფურცლით მოგვდგომია, არ გამართლდაო და დედაჩემი დავთარში მოძებნიდა, თავისი თვალით წააკითხებდა სქესსა და ეტყოდა, გოგო იმიტომ გითხარით, ბიჭის დაბადება რომ უფრო გაგხარებოდათ, ან ბიჭი იმიტომა ვთქვი, ბავშვი შემეცოდა, გოგო როა, არ მოიშოროს ფეხმძიმემ-მეთქი და ის ხალხი კიდევ ფულსა ტოვებდა. ისიც მომხდარა, უცებ სახლთან მანქანა გაჩერებულა, დიდი პრავეზია გადმოუზიდიათ, ესა - ჩვენგანაო, თქვენ ნათქვამზე ათი წლის ნანატრი ბიჭი მართლა გვეყოლაო. ეჰ, რა დედა დავკარგეთ, კიდე დიდხანს იცოცხლებდა, ჭაჭები რო არ გასციებოდა… ბე გამომართვა, შინაურულად დავემშვიდობეთ ერთმანეთს და ნაღვლიანად წავიდა… აა, სანტექნიკა?! დილიდან ველოდე ვალოდას და არც მეორე დღეს გამოჩენილა და არც მესამეს, მერე ჩემმა დის შვილმა გამომიგზავნა თავისი ოფისის ხელოსანი და იმან მიშველა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი