ცხელი გულისა (მცირე მოგონება თენგიზ არჩვაძეზე)


ნინო დარბაისელი სტრონი

ცხელი გულისა

(მცირე მოგონება თენგიზ არჩვაძეზე)

  მსახიობი თენგიზ არჩვაძე ჩვენი მეზობელი იყო დიღმის მასივში  და ვიდრე ბაბო-პაპა ცოცხალი გვყავდა, ხშირადაც მოდიოდა მათთან.
    ჰო, კიდევ მეგობრები ახლდნენ, “სულ ძვირფასი ადამიანები”, როგორც ბაბოჩემი ნინა ამბობდა.
  მათგან ყველაზე ახლონი - საბავშვო პოეტი ვახტანგ კახაძე და პოეტი ჯანსუღ ნიქაბაძე იყვნენ.
  თუ არ მეშლება, პირველად სწორედ ძია ვახტანგმა მოგვიყვანა სტუმრად და მერე შეუყვარდათ მყუდროდ თავმოყრა კახელებში, უბრალოდ, ჭიქა ღვინოზე და ცოტა მისატანებელზე, გემრიელი მუსაიფი პოეზიაზე, ლიტერატურაზე, მტკივნეული გადახვევით - ერის პრობლემებზე …
  საქართველოზე ფიქრისას მუდამ ერთი ბავშვობისდროინდელი კადრი მიდგას თვალწინ.
    თუმცა რატომ ერთი!
    ყოველთვის ასე სვამდა  თენგიზ არჩვაძე საქართველოს სადღეგრძელოს:
    დაგვიძახებდა ბავშვებს და  მკლავს აიკაპიწებდა,  იდაყვზემოთამდე გაიშიშვლებდა, მერე როგორც სისხლის ჩაბარების დროს ვაკეთებთ,  მაგრად მომუშტულ თითებს  აათამაშებდა,  ამ მოძრაობას სისხლძარღვები ამოჰყვებოდა და დაიბერებოდა და ამ დროს წარმოიდგინეთ მისი ხმით  ბოლომდე წარმოთქმული:
- “დაუკარით, ჯერ ხომ სისხლი გვიდგას ძარღვში,
ჯერ ხომ საროს ფოთლები არ დასცვენია,
ჯერ ხომ მცხეთის სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში
საქართველოს ცხელი გული ასვენია…

  მოსაგონარი იქნებ სხვაც ბევრი მაქვს, მაგრამ ქართველსა გულმან როგორ გაუძლოს, რომ  ამის თუნდაც გახსენებაზე  თან ბედნიერი არ იყოს და თან არ აუტირდეს მთელი შიგნეული!
    დღეგრძელობა მას!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი