რუსიკო დეიდა და ხარახურა მდოგვისფერი ჩანთიდან
ნინო დარბაისელი რუსიკო დეიდა და ხარახურა მდოგვისფერი ჩანთიდან დღეს მასწავლებლის დღე ყოფილა საქართველოში. არ ვიცი, გულმა მიგრძნო თუ რა, აქ ამერიკაში ახლა გათენდა და შეღვიძებულზე სულ რუსუდან ებრალიძეზე ვფიქრობდი. ადრეც მითქვამს, რომ ბედმა გამანებივრა იმ მხრივ, რომ ჯერ ფაცია დეიდა ხომ მყავდა პაიჭაძე სასახლეში მასწავლებელი, სკოლაშიკი, სადაც ფაცია დეიდას და ქეთო დირექტორის ამირან თხინვალელის მოადგილე იყო, მყავდა ჩემი” რუსიკო დეიდა” . მახსოვს, მერვე კლასში ნებართვა ვთხოვე, რომ მისთვის ასე მიმემართა და ასეც ვეძახოდი ჩემი ქართულის მასწავლებელს, მერე მომბაძეს სხვებმაც. გაგეცინებათ და მისი ახსნილები ისე მაქვს მეხსიერებაში ჩაბეჭდილი, შემიძლია “DVD ვით, რამდენჯერაც მინდა, დავატრიალო, საინტერესო მომენტებზე გავჩერდე, ნელა გავუშვა… და ასე შემდეგ. დღეს დილას “ვუყურე” მის ახსნილ “დიდოსტატის მარჯვენას”. როგორ გვეუბნებოდა: ეს - უბრალოდ, რომანი არ არის, ეს არის პოეტური პროზაო, ფილმის გადამღებებს არ შეუძლიათ და არც მოეთხოვებათ ლიტერატურული მხატვრული ნაწარმოების ყველა პლასტის გადმოცემა, მათ ამბავი აინტერესებთ. ფილმი გადასარევი არ არის, მაგრამ ასატანიაო. ამბავი - თავისთავად, მაგრამ ნახეთ, რა სიტყვიერი ფეიერვერკია, მარტო ფერები ნახეთ, ამოიწერეთ, სადმე სხვა წიგნში გაგიგიათ ერთად ამდენი ფერი? ვინც პირველი მომიტანს ფერების სიას, პირდაპირ ვუფორმებ ხუთიანს. ეს ეხება სამოსნებსო. მაღალნიშნოსნებს ცოტა უფრო ძნელი დავალება ექნებათ. პოეტური სინტაქსური კონსტრუქციები ამოწერონ ამ ნაწარმოების რომელიმე ერთი ამბიდან და სალიტერატურო ქართულზე გადმოიტანონ. ოცი ეყოფათო. დარბაისელი - შენი დავალებაა, ახსნა, როცა ავტორი სიტყვათა ჩვეულ, ლიტერატურულ განლაგებას ცვლის წინადადებაში,რა ხდება, რითი მდიდრდება ტექსტი. ვერ მოვიტყუები, რომ ყველა დავალებას წარმატებით ვართმევდი თავს. მაგრამ ხომ ვცდილობდი? ზოგ დავალებას საერთოდ ვერ ვხვდებოდი და გასააზრებლად მთელი ცხოვრება დამჭირდა. ხუთიანს ისედაც მიწერდა, საერთოდ, ნიშნებისადმი ცოტა არ იყოს, ირონიული დამოკიდებულება ჰქონდა. მიმიღია ხუთიანი მინუსით, ერთხელ ხუთიანი სამი პლიუსითაც კი დამიწერა, გალაკტიონზე ვუთხარი რაღაც. საზეპიროები?! თვითონ მართლა ზეპირად იცოდა მთელი მაშინდელი ქართული მწერლობა და დაგემოვნებით დეკლამირებაც უყვარდა, ტანმაღალი, აღნაგი, ქერათმიანი კისერს გვერდზე გადააგდებდა, თაფლისფერ თვალებს ოდნავ მილულავდა და ამ დროს გაკვეთილზე იყო და თან იქ არ იყო! შეგრცხვებოდა, შენც რომ რაღაც არ გცოდნოდა. არ იყო შეუმჩნეველი იმ დროისთვის, როგორც საუკეთესო მასწავლებელი…და მსახურებულის წოდება ჰქონდა კიდევ ერთი დეტალი: მაშინ არსებობდა ასეთი წიგნი ,,რას გვიამბობს ვეფხისტყაოსანი”. პროზის ენაზე იყო გადმოცემული შინაარსი. ვეფხისტყაოსნის შესწავლა რომ დავიწყეთ, გვითხრა, სამიანს პირდაპირ აქედან მოყოლილში დავწერ, მაღალი ნიშნის მსურველებმა - ხელი არ ახლოთო. ისე დასდევდა ყველა სიტყვას, რომ მისი წყალობით, ვეფხისტყაოსანი, ძირითადი ადგილები მაინც, ლამის ყველას ზეპირად შემოგვესწავლა. ჩვეულებრივი სკოლური ამბავი იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება. წიგნი, რომელიც ვახსენე და რომელიც თავად ზეპირად იცოდა, მამია ებრალიძის - ცნობილი მეცნიერის - არც მეტი არც ნაკლები, მისი უსაყვარლესი ძმის დაწერილი იყო. ვიტყოდი ნათელი და სანთელი არ მოაკლდეს- მეთქი, წესისამებრ, მაგრამ როგორც მახსოვს, არ იყო თვითონ დიდად მორწმუნე. ჩემს ყმაწვილობაში სკოლის მასწავლებლებს ასე მოეთხოვებოდათ, თანაც მკაცრად! ახლა მე კი ვარ მორწმუნე, მაგრამ არ მჯერა, რომ უკეთეს ქვეყნად მყოფ მასწავლებლებს დღევანდელ დღეს ჩვენი მილოცვა მიუვათ. მჯერა, რომ ისევ ჩვენ - ჯერჯერობით აქაურებს გვჭირდება მათი ხსოვნა. ახლა “გუგლში” მის ფოტოს ვერ მივაგენი, რომ დამერთო… * ბოლოში ერთი მცირე მოგონებაც, ჩემი დისა და კლასელების გასახალისებლად. მე უფროს კლასებში ვიყავი ძალიან უწესრიგო ბავშვი. ერთი მდოგვისფერი, გარედან სულ წარწერებით დაჯღაპნილი ჩანთა მქონდა, შიგ - სკოლისა ნიშანწყლად ერთი ასფურცლიანი რვეული მეგდო, იმ რვეულში - თავში ქართული მეწერა, ბოლოში, რომ გადააბრუნებდი - რუსული, შუაში - სამკუთხედებად მქონდა ფურცლები მათემატიკის, ფიზიკისა და ქიმიის დავალებათა ,განყოფილებებთან”, დანარჩენი - რაღაც წიგნებით და ლექსებიანი ფურცლის ნახევებით იყო პირთამდე სავსე. რომ აღარ იკეტებოდა, სულ მიცვიოდა ათასნაირი ხარახურა. მერე გაკვეთილზე სამადლოდ მილაგებდნენ კლასელები, მაგალითად, ჩემი ნინიკა - “ბიცოლა ვასასი”, სხვა გოგოებიც. ჩემგან განსხვავებით, ჩემი და - არაიდენტური ტყუპისცალი - ანა იყო ძალიან აკურატული, საკონტროლოსთვის თემას რომ დამაწერინებდა, ისე ლამაზად გადაიწერდა, ერთ მძიმეს არ გამოტოვებდა წამლად. ჩემსას - სახლში რა დამაწერინებდა, რაკი საკონტროლოს დროს ვფიქრობდი, ვჯღაპნიდი, წავშლიდი, გადავიტანდი. ძალიან უნდა მოგენდომებინა, რომ გაგეგო, მაინც რას ვწერდი! მაშინ კომისიები მალ-მალე დადიოდნენ სკოლაში და რუსიკო დეიდა ეუბნებოდა, თუ ლამაზი რვეულის ნახვა გინდათ აგერაა, ანა დარბაისელის რვეული და თუ კარგი თემის მოსმენა - ნინომ წაიკითხოს, ოღონდ დაფასთან დადგეს შორს და ბოლოს რვეული არ მოთხოვოთო. კარგი! გეყოფათ, გოგოებო, თორემ ვატყობ, სასკოლო მოგონებები წამიღებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი