და გვიყო ცხოვრებამ (ნ. გ.-ზე)


#მემორია

რა გვიყო ცხოვრებამ!

   ერთ ძველ მეგობარზე ვყვები. 
 ვინაობას არ ვამხელ, რომ სახელობითი სტატუსი არ გამომივიდეს.
    ჩემი ლიტერატორი კოლეგები უცებ მიხვდებიან, ვისზეცაა.
   ამბავი - ტიპობრივია და ამიტომაც გამახსენდა ერთი სტატუსის
წაკითხვისას.
 ერთი ჩვენი მეგობარი, თავის დროზე, სტუდენტობიდან ნიჭიერი, განათლებული და იმედისმომცემი პოეტი და ლიტერატორი, რაღაც, უზარმაზარ თანამდებობაზე მოხვდა.
  ერთხელაც, უნივერსიტეტში დისერტაციის დაცვაზე მოსვლით, პატივი დასდო ერთ-ერთ ჩვენიანს. 
   93-ე აუდიტორიის წინ პროფესორ- საპროფესორე მლიქვნელთა ცოცხალი რიგი დაუდგა ხელის ჩამორთმევაზე,  
ისიც ,,დაყენებული”, მედიდური ღიმილით აბედნიერებდა ძველ თუ ახალ ნაცნობ-მეგობრებს.
     ფანჯრის რაფასთან ვიდექი და ვფიქრობდი:
- ღმერთო, ამად როგორ იქცა ის, სტუდენტობისას სიწრფელის და კიდევ, რა ვიცი, რის საზომად რომ მიგვაჩნდა- მეთქი.
  სადისერტაციო სხდომის დაწყება გვიანდებოდა რომელიღაც ოპონენტის მოუსვლელობის გამო. 
  ამასობაში ცოცხალი რიგი ბოლოს და ბოლოს მოილია.  
     უთუოდ ამის გამო,  შემნიშნა და ჩემკენ გამოემართა. 
 ალბათ ეგონა, სტუდენტობისდროინდელივით, "ვსტრეჩნიზე” გავექანებოდი და კისერზე ჩამოვეკონწიალებოდი.
   ხომ მშვიდობაა თქვენკენო. 
    ოჯახის წევრები სახელობით მომიკითხა დროის გასაყვანად მეც ვპასუხობდი.
    რაღაც,  ნაწყენი ხომ არა ხარ ჩემზეო. 
- არა! ვდგავარ, გიყურებ და ვფიქრობ, როგორ მოწყდი ნამდვილ საქმეს, როგორები ვიყავით და რა გვიყო ცხოვრებამ-მეთქი. 
  ვერ მივხვდიო. 
 კითხვით მივუგე, კიდევ წერ-მეთქი? 
 ვერ ვიცლიო...
     ამის მერე ცოტა ხანში ის თანამდებობა დაკარგა.
    მალევე ერთ საერთო ახლობელ  მწერალს მამა გარდაეცვალა და  ეს ჩვენი მეგობარი მცხეთაში, დაკრძალვაზე დიდი ჯიპით და ორი თანმხლებით მოვიდა. 
   სწორიც იყო. 
    მარტო მოუწევდა დგომა, რადგან დაახლოებით იგივე ხალხი შორიდან უვლიდა, ზოგი - შორიდანვე, ოდნავი თავის დაკვრით ესალმებოდა. 
   ქელეხზეც დარჩა და აქეთ-იქით ის თანმხლებები ესხდნენ, სხვა მხრივ, მის სიახლოვეს მოქელეხეთა დიდი ხალვათობა თვალშისაცემი იყო.
    არადა, ცუდი და სალმის დასაჭერი მართლა  არაფერი ჩაუდენია.
   იყო თანამდებობაზე, ვიდრე თავისზე ძლიერებს სჭირდებოდათ და აღარ იყო, როცა აღარ დასჭირდათ.
     მე - რა!
    სხვა ,,სასტავთან” ერთად ვიყავი და როგორც ძველი მეგობარი, კი გადავკოცნე, მაგრამ ძალიანაც ვერ ჩავეხუტებოდი და “სასტავს” მთლად ვერ მივატოვებდი.
     მერე ცოტა ხნით, ლიტერატურაში დაბრუნება სცადა,
მერე, მალევე გარდაიცვალა....
ნათელი დაადგეს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი