სახალისო და დასაფიქრებელი (თ. წივწივაძეზე)
სახალისო და დასაფიქრებელი (მცირე მოგონება თამაზ წივწივაძეზე) თამაზ წივწივაძეს წმინდად ლიტერატურულ-კრიტიკული წერილებიც აქვს, მაგრამ ძირითადად ქართული ლიტერატურულ-კულტურული გარემოს სოციოლოგია იყო მისი ინტერესის საგანი. კარგი სტილი ჰქონდა, მსუბუქი, ორიგინალური იუმორითა და არცთუ იშვიათად, სარკაზმით შეზავებული, სახალისო და თან ნათქვამზე დასაფიქრებელი. თამაზ წივწივაძის ნაწერების კითხვა - ჩვენთვის, ყველასთვის ზედ რუსთაველზე რამე გაზეთის სამკუთხა პარკში ჩაყრილი, ახლადმოხალული, მარილიანი მზესუმზირის ყიდვასა და ჯგუფური სიარულისას ჭამასავით იყო მაშინ. აი, თან რომ ვითომ ყველა ცხვირს იბზუებდა, ასე როგორ შეიძლებაო, ეს რა არისო და თან ყველა პარასკევის გათენებას ელოდა, რომ მიესწრო და “ლიტერატურულ საქართველოს” ახალ ნომერი შეეძინა. მაშინ გაზეთები ფოსტით კი მოდიოდა, მაგრამ ვინ გაუძლებდა ლოდინს! ყველა ცდილობდა, მისი ახალი წერილის წაკითხვა სხვებისთვის დაესწრო. წყნარად, შენთვის კითხვა მაინცა და მაინც არ უხდებოდა. ერთს უნდა წაეკითხა მაგალითად დაწესებულებაში, ხმამაღლა და დანარჩენებს - ნიღაბმოხსნილებს ეცინ- ეხარხარათ, ვიდრე საკუთარ სოციალურ სტატუსებს ისევ აიფარებდნენ სახეზე ვინმე ,უცხოს” უეცარ გამოჩენაზე. …და ფრაზები ხომ დღემდე მოარულია, ყოველ შემთხვევაში, ჩემს ოჯახში ასეა. მისი წიგნი ,,ფრთხილად, წინ მკითხველია”, გამოცემისთანავე ბესტსელერად იქცა. მგონი ტირაჟი გაიმეორეს! არადა ყოველდღიურ ურთიერთობაში სრულიად სხვაგვარი იყო- ისეთი დახვეწილი, ზრდილი და მორიდებული, წყნარი ადამიანი, საკუთარი კრიტიკული წერილები დაწერილი კი არა, წაკითხულიც თუ ჰქონდა, ვერაფრით იფიქრებდი. ხომ მთელი ცხოვრება ვიცნობდი, ისევე როგორც თბილისელ და ქუთაისელ ლიტერატორ-ავტორთაგან ყველა, ხომ სუფრაზეც არაერთხელ მოვხვედრილვარ მასთან ერთად, ახლა მოვინდომე, რამე მომეგონებინა კონკრეტული, ცხოვრებისეული და არ გამომდის. რა ვთქვა? მთელი საღამო წყნარად, ხმისამოუღებლად იჯდა, ძალიან ცოტას ჭამდა, რაღაცას იკიკნებოდა და არც მაინცდამაინც სმაზე ირეოდა-მეთქი? არავითარი მკვეთრი ყოფითი მოძრაობა არ მაგონდება. ძალიან გაცინებულიც კი არ მახსოვს… მომენატრა. ნათელში იყოს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი