ხუთი საგანი - ორ კვირაში?!


ნინო დარბაისელი

ხუთი საგანი - ორ კვირაში(?!)

(მცირე გამოხმაურება პაატა ნაცვლიშვილის წერილზე - “ფეხებზე დაკიდების არანატიფი ხელ(ოვნე)ბა, (ანუ ბოლი ფრანკლინში”)

   იმ ასაკში, ყველას შვილი რომ გენიოსია, ჩემი შვილიც -  ერთი მათგანი იყო.
   ყველაფერთან ერთად,  კარგად მღეროდა, რამდენიმე ინსტრუმენტზე უკრავდა და უცებ გიტარის სწავლაც მოუნდა, ენაცვალოს დედა!
    ბნელი, ცივი და მშიერი ოთხმოცდაათიანი წლებია,  უტრანსპორტობა…
    აი, ავტომობილების პატრონები თუ სადმე ჩქარობენ, თავჩაღუნულები ან სკამში ჩამძვრალები რომ ატარებენ მანქანას ან იმის საპირისპირო მხარეს დაჟინებით რომ  აკვირდებიან რაღაცას, სადაც   გზაზე მთელი სამეზობლო  საათობით,  გუნდად დგას ვინმე ღვთისნიერის გამოვლის იმედად.
   ჰოდა, ერთმა მეზობელმა დაგვაკვალიანა, გვერდით კორპუსში, პირველ სართულზე ერთოთახიანში ერთი ცნობილი გიტარისტი - რუსი ლუდა ცხოვრობს და მოწაფედ იქნებ ააყვანინოთო, ოღონდ ბავშვი ოთახში მასთან მარტო არ დატოვოთ, მაინც იფრთხილეთო.
   მოვილაპარაკეთ  ფასზეც და ყველაფერზეც, ისედაც პატივისცემას როგორ მოვაკლებდით!
    ჰო, გაკვეთილზე “კუკლიასავით”  მეც სულ გვერდით ვეჯექი. 
    ბავშვი დღე და ღამე მეცადინეობდა, ძალიან სისხლიან თითებზე  ცოტა “კოლხურ მალამოს” ვადებდით, (ბევრი “ლეიკოს” წებადობის უნარს უკარგავს)  და  ორივე  ხელის მტევანს   ღამე ბინტით ვუხვევდით, რომ დილამდე ცოტა მოშუშებოდა.
  მოკლედ, იმდენი ქნა, იმდენი ქნა თეომ, რომ ერთ თვეში  ერთ ლოკალურ კონცერტზე გიტარით საკუთარი, საავტორო სიმღერა შეასრულა და დიდი ტაშიც დაიმსახურა!
     მოვრჩით  ამ პროექტს,  ცხადია, “გიტრიკვრის“ გაკვეთილებსაც   და ახლა სხვა საქმეებზე გადავერთეთ.
     ლუდას უბნის ბავშვები მიაწყდნეეეენ- თვლას ვერ აუდიოდა. უბანში ყველა   დიდუბის ბაზრობაზე გიტარის საშოვნელად დარბოდა, ისიც -   პომადაწასმული, თავაწეული დაიარებოდა.
   ერთ საღამოსაც ჩვენს კარზე კაკუნია.
   დედაჩემმა გააღო, ლუდა დგას, შემოიპატიჟა. 
    მე იქით ოთახში ვარ, არ მცალია  და  თან ცალი ყურით ვუსმენ:
   ეუბნება, ნათელა,  ფული უნდა მომცეო. 
ახლობლებმა მითხრეს, ძალიან ცოტა გადაუხდიათ, ერთ თვეში ბავშვს რომ ასე ასწავლე დაკვრაო.
   ნათელა, უნდა იცოდეთ,  რა ტიპია - გაგანია კახელი. 
     დინჯად ეუბნება:
   რაღაცაში მართალია ეგ ხალხი.
 მეტი უნდა მოგცე, მაგრამ ახლა -  ვერა.     შენზეა დამოკიდებული, როდის მიიღებ ფულს.
   ეგ რა არის, აი, რასაც ითხოვ,  მაგასაც  ხომ მოგცემ და  ზედ ხუთჯერ მეტსაც დაგიმატებ, ოღონდ მეორე შვილიშვილიც ხომ მყავს,  არა?  იმას მაგისი მეათედი ასწავლე  რამდენ ხანშიც  და როგორც გინდაო.
  როცა მოიფიქრო, მოდი და გაკვეთილები დავნიშნოთო.
  რა მოიფიქრა?
  არ ვიცი, აღარ გამოჩენილა და თუ ცოცხალია, ღმერთმა დიდი დღე მისცეს.
    ეს ამბავი რამ გამახსენა?
   დღეს პაატა ნაცვლიშვილის წერილი დავდე “ფრანკლინის კლუბის” შესახებ. ჯერ კიდევ მისი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ.     
    სულ მაინტერესებდა,  რას წარმოადგენდა იქაურობა ან ჩვენი დღევანდელი უბედურების გორგალის ერთ წვერი საიდან იღებდა სათავეს  და როგორც იქნა, გავიგე.
მოყოლას აქ ვერ შევუდგები, დევს ლინკები და წაკითხვა თვითონ შეგიძლიათ. 
    ერთს კი   გეტყვით, თურმე აცხადებენ, ორ კვირაში ხუთ საგანს საფუძვლიანად შეგასწავლითო, თუ რაღაც ეგეთს.
   ვისაც ცხოვრებაში  რამე, თუნდაც ბატის ფეხების დაბანა უსწავლია,  ის დაიჯერებს ასეთ სისულელეს?
   არადა იჯერებენ კიდეც და კურსსაც გადიან. 
   როგორ?
   მიმოიხედეთ, უსმინეთ და მიხვდებით!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი