ნაყროვნება თუ ხელოვნება (ე. ყამბეგაშვილზე)


ნინო დარბაისელი

ნაყროვნება თუ ხელოვნება
(ეთერ ყამბეგაშვილზე)

   ახლა ერთი ჩემი მეგობარი გამახსენდა და მომენატრა. 
   ეთერი ერქვა. თბილისის მახლობელი სოფლიდან -  ძალისიდან იყო, გაჭირვებულზე გაჭირვებული, ჩემზე ცოტა უფროსი. 
  მე რომ მოსწავლე ვიყავი, უნივერსიტეტს ამთავრებდა და თან მასწავლებელი იყო. ლამაზი, ნიჭიერი, მართლა სიცოცხლით სავსე.
   მეგობრები მოგვიანებით გავხდით.  უფრო სწორედ, თვითონ სულ გული მოუწევდა სამეგობროდ, მე კი ვირულად ხელს ვკრავდი. ვიცი კი, რომ ვუყვარდი რატომღაც.
       კლასიკებზე  მასაც ჩემსავით აბოდებდა, ოპერა, წარმოდგენები,...გამოფენას უნახავს არ ტოვებდა. 
    ძირითადად ასეთ ადგილებში დავდიოდით ერთად.
       გადიოდა წლები. ჩემი ეთერი, უნივერსიტეტის დოცენტი, გაუთხოვარი დარჩა. ეს ულამაზესი, მართლა მაისის ბალივით გოგო დაჭკნა, რაღაცნირად გაუსაძლისმა ცხოვრებამ დააჩამიჩა.
     ბალთან შედარება რაღამ გამახსენა!... ჰო, ბლობა მიყვარდა ძალისში,  მის ეზოში, მის ტკბილ დედასთან ჩახუტება, ტკბილი საუბრის მოსმენა.
       ერთხელ ულუკმაპურომ ნასესხები ფულით ოპერის ორი ბილეთი რომ იყიდა, კი გამიხარდა, ერთად რომ წავიდოდით, მაგრამ პირში მივამკვახე:
- ნეტა რა გეოპერება, შე საცოდაო, სახლი შენ არა გაქვს და კარი. მშიერ-მწყურვალს, ამ ბილეთებში ფულის ხარჯვას, მოგეგროვებინა და ერთი სორო გეყიდა-მეთქი.
   დინჯად, დაბეჯითებით მომიგო:
- იცი, რა?! მე ჩემი ხელობით დღე და ღამე რომ ვიმუშაო პატიოსნად, ბინის ფული მაინც არ მომიგროვდება. რაც მაბედნიერებს, ხელოვნებაა და ხომ მირჩევნია, ხანდახან ბედნიერი მაინც ვიყო, ვიდრე არც ბინა მქონდეს და არც ბედნიერებაო.
      მერე სიბერეში, ბინაც უყიდია, მგონი ძმებმა შეუძინეს მართლა პატარა სორო. მერე უნივერსიტეტიდან გამოუშვიათ, მერე მომკვდარა... 
     ჰო, ეთერზე ვწერ, ყამბეგაშვილზე😔😔😔

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი