პუდელა
#პროზა ნინო დარბაისელი პუდელა პუდელა გახსოვთ, გოგოებო, ჩვენი პუდელა? რა გაწკრიალებული დაჰყავდა დედამისს, როგორი მოვლილი! რუსულის მასწავლებელი იყო ოცდამეთხუთმეტეში, არა? თან რა ნაკითხი იყო, გინდა რუსულად, გინდა ქართულად. გაზეთს და ჟურნალს არ ტოვებდა. დილაუთენია, ბნელში ფოსტა რომ მოჰქონდათ, იქ უხვდებოდა მომტანს და ვიდრე ხალხი გაიღვიძებდა, ბუტკის ქალს ყველაფერს უკვე წაკითხულს აბარებდა, აკურატულად პარკებში ჩაწყობილს. მარტოხელა იყო დედამისი, გაჭირვებული, რა დიდი გასართობები იმას ექნებოდა სახლში ბავშვისთვის, სულ წიგნებს უკითხავდა და კითხვას დააჩვია. ჰო, რა კარგი ქალი იყო, წყნარი, კულტურული, არა? ის რომ მოკვდა და პუდელა უპატრონოდ დარჩა, უკვე ვიცოდით, რომ მაგისი მომვლელი არავინ იქნებოდა, ჯერ საიდანღაც ნათესავები გამოუჩნდნენ და ბინაში შეუსახლდნენ. გოგომ გამოაცხადა, ნახევარდა ვარო, დასვამდნენ, დაალევინებდნენ არაყს და გარეთ უშვებდნენ. ისიც იდგა კორპუსის წინ და მთელ სამეზობლოს რუსულად და ქართულად სულ კარგებს და კეთილებს აგინებდა. მანამდე მაგისი პირიდან ცუდი სიტყვა გაგიგონიათ? დედამისის მერე ან წამლებს ვინღა მისცემდა დროზე! მაინც ვერ ვხვდები, რა სჭირდა. შეხედავდი, დედამისის ხელში, წარმოსადეგიც კი იყო, თავიც ლორდივით ეჭირა, დაილაპარაკებდა, თან სულ ჭკვიანურს რამეს და უკვე ორ წუთში საიდანღაც ხვდებოდი, რომ მთლად მატორზე არ იყო. ერთ დღესაც მთვრალი დაიკარგა და დაიკარგა, იმის კვალს ვერ მიაგნეს, ან ვის უნდა მიეგნო, ნახევარდას არ უძებნია და მეზობლებს - ვის რა უფლება ჰქონდა. აი ესე, იყო კაცი, დაიკარგა და მორჩა. ცოტა ხანში იმ გოგომ და თავისმა ქმარმა ის ბინა გაყიდეს, გლდანში გადასულან და აქ ახალმა პატრონმა სტუდენტები დააყენა. გახსოვთ, ერთხელ მილიციის უფროსი რომ იყო ჩვენთან, მეოთხე სართულზე, იმას რომ მიადგა, ჩემი მეგობარი, ესა და ეს ძალიან კარგი ბიჭია, ქურდია და იარაღი არა აქვს, მაგის ამხანაგებს ყველას აქვს და ეს ცოდოა, ზედმეტი გექნება სამსახურში და მიეციო? - ეგ რა არის, ის გახსოვთ? - რუსო რომ შეუყვარდა? - ვინ რუსო, ესაა? - ვბჟირდებით სკამებიდან გადაცვენამდე. თან გაბუღულები ვართ, ჩამსხდრები და გვსიამოვნებს ძველი ამბების გახსენება, თითქოს პირველად გვესმის. რუსო უნდა ნახოთ! სახეზე ადრე ბარბარა სტრეიზანდს ჰგავდა, ტინა ტერნერივით კისრიდან ეწყება ფეხები. უბანში ცუდი სახელი არა ჰქონდა, მაგრამ არც ძალიან კარგი. დღემდე ასთმიან დედასთან ერთად ცხოვრობს. ვერ გათხოვდა, დედას მარტო ხომ ვერ დავტოვებ, ვინ მოუვლისო და იმხელა ბინაც არა გვაქვს, შიგ ვინმე შემოვიტენო და ქმრად დავისვაო. - გეხვეწები, ის მოყევი რა, რუსო, პუდელას რო უყვარდი. რუსოს თან კარგა ბლომად ცხიმიან-დამატენიანებელი კრემი უსვია სახეზე, თმები გადაწეული აქვს, მაგრამ ამდენი იაფიანი პაპიროსის წევით ამომშრალ მაგის კანს რა დატენიანება უშველის, თან ნაოჭები ჩაუღრმავდა, განსაკუთრებით შუბლზე, თვალის კუთხეებში და ტუჩების კუთხეებში, ეგ არაფერი! მაინც ვიდზეა, გარეთ რომ გადის. - რა მოვყვე, აქ მედგა კარის წინ, რა დროსაც არ უნდა გავსულიყავი, წავიდოდი გამომყვებოდა, მოვიდოდი - გაჩერებასთან იდგა და მელოდებოდა. ხან სად გამეგზავნებოდა, ხან სად, მაღაზიაში ან ბაზარში რომ ვივაჭრებდი, ჩანთებს და პარკებს ჩამომართმევდა, კართან ამომიზიდავდა მეხუთე სართულამდე, რომ მოგეკლა, შიგნით არ შემოვიდოდა, ფეხის ტილოზეც არ დაადგამდა ფეხს, გაისვრებაო, კარის გვერდით აწყობდა ყველაფერს. ჩვენი ჯეკა რომ მოკვდა, დაბერდა და მოკვდა, აბა, რას იზამდა, თხუთმეტი წლისა იყო, მე ვკიოდი და ხელს ვერ ვკიდებდი, ნიჩბით და ადიალით უცებ მოვიდა, შეახვია, წაიყვანა და კორპუსის კუთხეში, ტყისპირას რომ ნაძვია, იქ დამარხა. გახსოვთ, ვიღაც ტიპი რომ გადამეკიდა, ნარკომანი იყო თუ რაღაც ოხრობა, აბა, მე კარგი ვინ გადამეკიდებოდა, იმას რომ დაუხვდა და უთხრა, რუსოს თავი დაანებე, ჩემი შეყვარებულიაო? დაიჭირა იმ ტიპმა და იმდენი ურტყა, ორი ნეკნი ჩაუმტვრია, სულ სისხლს აფურთხებდა თურმე საწყალი. რაღაცნაირად უხერხულში ჩავვარდი, ალბათ დედამისი გულში რას მწყევლიდა! დავიჭირე ხელში ერთი ძველი ბამბანერკა მეგდო და სახლში ავაკითხე, ვიფიქრე, ტკბილ სიტყვას მაინც ვეტყვი-მეთქი. სიცხიანი იწვა. ვეუბნები, პუდელ, ხო იცი, მე როგორ მიყვარხარ-მეთქი და ცრემლები წამოუვიდა, ვიცი, ვიციო და მინდა ხელი გთხოვო, ცოლად ხომ გამომყვებიო. გადავხედე დედამისს და თავით მანიშნა, ხო უთხარიო. გამოგყვები, აბა რას ვიზამ, მთავარია, ჭამა დაიწყე და ფეხზე დადექი-მეთქი. როდისო? და შენ როცა გაგიხარდება-მეთქი. ქორწილი გადავიხადოთო? აბა, უქორწილოდ როგორ შეიძლება-მეთქი. დიდი თუ პატარაო, მე ვუთხარი, ქორწილი თუა, დიდი უნდა იყოს-მეთქი. როდისო და იმ შაბათს-მეთქი. გოგოებო, გინდა დამიჯერეთ გინდა არა, კაცის ხამი რომ არა ვარ, თქვენც კი იცით, ვითომ ჩემზე ირეოდნენ და საწყალ პუდელას მეტს ცოლობა არავის სერიოზულად არ უთხოვია. თავიდან ისე, რაღაცას ჩაიბურტყუნებდნენ ხოლმე და მერე ვითომ ავიწყდებოდათ. გადის ორი-სამი დღე, დედაჩემი ვაბანავე, დავსვი და კარზე ზარია. ვაღებ, წითელგალსტუკიანი პუდელა, აქეთ-იქიდან შამპანურის ბოთლებამოჩრილი, შარვალ კოსტუმი აცვია და დედამისი - გვერდით - ხელში შავი ბარხატის ვარდების დიდი ბუკეტით, არ ვიგონებ! (ჩვენ - სიცილისგან დაოსებულები, თან ისე ვუყურებთ, ვითომ არ ვიცით, ამის მერე რა მოხდება). ცხვირზე კარს ხომ არ მივუჯახუნებდი, მობრძანდით-მეთქი. დედამისს სახე აქვს, მიტკლისფერი და ზედ მთელი დედამიწის მუდარა, ვედრება, სასოწარკვეთა, რა სიტყვა უფრო უხდება, ... ის აწერია, აი, რო იცი, უარი არაფერზე არ უნდა წამოგცდეს, თორემ იქვე ჩაგაკვდება ხელში. სკამები შევთავაზე. დასხდნენ. მეც დავჯექი. დავიძაბეთ. უცებ ეს პუდელა წამოდგა, დაიჩოქა ჩემი სკამის წინ და პიჯაკის ჯიბიდან დედამისის კალიცო ამოიღო, მეუბნება, ეს უკვე ოფიციალურად უნდა გთხოვო ხელი და გული, ცოლად გამომყევიო. ვაი და ვუი შენს რუსოს! რომ არც დგება! გადავხედე დედამისს, ვიფიქრე, რაც არის, არის, გამოვართმევ ამ ბეჭედს და ხვალ დილას სადარბაზოსთან დავხვდები ქალს და დავუბრუნებ -მეთქი. ნეკაზეც არ შემეტია, ტანსუსტი იყო ვალია, ძვალწვრილი. მოკლედ, ერთი ღამე პუდელას ოფიციალური დანიშნული ვიყავი გოგოებო, ეგრე კი არ არის საქმე. დილას დედამისს დავუბრუნე ბეჭედი და ვთხოვე, პუდელასთვის არ ეთქვა. გამიგო ქალმა. მე დედაჩემის ძველი კალიცო ჩავიგდე ჯიბეში და რომ დამიხვდებოდა, უცებ შიგ თითს შევყოფდი, იმითი ვენახვებოდი. ვაიმეეე, ეს რა შარი იყო! ქორწილის მოსაწვევები ხომ დაუწერია და მთელ სამეზობლოში დაურიგებია, შიგ მენიუც ჩაუწერია კოკა-კოლები, ხაჭაპურები გვექნება, მერაბ სეფაშვილი ცოცხლად იმღერებს და ახლადშეუღლებულები ტორტ სენატორს გაჭრიან და ყველას გაუმასპინძლდებიანო. თქვენ იცინეთ და მე მთელი ქვეყანა შემიყარა, საწყალი ვალიას უცებ გაჟონვას და სიკვდილს რომ არ შეეშალა ხელი, ჩვენს ბედნიერებას წინ აღარაფერი ედგა. ვალიას გასვენების მერე ქორწილი აღარც უხსენებია, აღარც მაკითხავდა, აღარც მხვდებოდა, აღარც ჩანთებს მართმევდა, მთვრალი დაბოდიალობდა, მოუვლელი, გული მოგიკვდებოდათ. ერთ საღამოს ისეთი მთვრალი იყო, ხეზე მიყუდებული. რომ იტყვიან, მოვიკიდე ზურგზე, სახლში ავიტანე და ნახევარდას ჩავაბარე. ადრე რომ ყველაფერზე ას მადლობას ამბობდა, ზედაც არ შემოუხედია. ბოლოს ის იყო, რომ კორპუსის წინ რომ იგინებოდა მარჯვნივ-მარცხნივ, მოვიკრიფე ძალა, მივედი, პადრუჩკი გამოვდე და ვეუბნები, პუდელ, ხომ იცი, ჩვენ მალე ოჯახი უნდა შევქმნათ, ქორწილი უნდა გადავიხადოთ, შენ სმას თავი უნდა დაანებო და ჭამას უნდა მოუმატო-მეთქი. შემომხედა, თითქოს უცებ გამოფხიზლდა და ბოლო ხმაზე ყვირილი დაიწყო: - მიშველეეთ! მომაშორეთ ეს ბოზი აქედან, პრეზიდენტის საყვარელია, დედაჩემი ხომ მოწამლა და მოკლა, ეხლა ჩემი მოკვლაც უნდაო. სად შევმძვრალიყავი, აღარ ვიცოდი! უკვე - ინერციულ სიცილში შერეული ცრემლით მომლბალი, მწარე ტუშის ამოსაწმენდად ხელსახოცებს ვეძგერეთ. მე ხომ მაინც თეთრი ყვავი ვარ, ვამბობ: - გოგოებო, მე პუდელაზე ლექსი მაქვს დაწერილი, გამოქვეყნებულიც, ოღონდ იმ ლექსში მათე დავარქვი. - ვაიმე, მართლა? წაგვაკითხე მერე, რა!.... თქვენმა მზემ, ვითომ ძალიან გაინტერესებთ, ჩემი ლექსები! ძველი ლექსია, ახლა სადღა მოძებნით. ბარემ აქვე დაგიდებთ: ნინო დარბაისელი მათე-პამპულა - ბავშვებს ბაღიდან ვინ მოიყვანს?! ბარგს ვინ ჩაზიდავს?! დალაგებაში ვინ გვიშველის?! ვინ და, პამპულა! - პამპულ, სადა ხარ? აჰა - ფული, აფთიაქიდან მომირბენინე ანალგინის ორი ამპულა! - სულ აღმა-დაღმა რას დარბიხარ, შე დაჩაგრულო! - პამპულ, გვიმღერე “ოროველა” ანდა “ჩაკრულო”! - გილოცავ, პამპულ! ვინ გაჩუქა ლურჯი კედები? ცოლი არ მოგყავს? იმდენ ლამაზს ეიმედები... - პამპულ, ეს ჭიქა დაგვილიე, ერთი დაგვლოცე! ნეტა მაგ ჩანთას რას დაათრევ, სავსეს წიგნებით? - თქვენ გაიხარეთ, გაგიმარჯოთ! ...აი, დავცალე. მაცხოვრის მადლი შეგეწიოთ, სადაც იქნებით! ამ გაზაფხულზე ერთი აღარ გამოიდარა, წვიმდა და წვიმდა, მარტის ქარში წვიმა გაბმულა. დიდხანს გდებულა მომაკვდავი და გალუმპული, ბიჭებს ქუჩაში უპოვიათ, თურმე, პამპულა. უგონოდ იყო. ვერ უცნია, თურმე, ვერცერთი, კრიჭაშეკრული მერე სიცხით სულ გათანგულა. როგორ უარეს! იმ სარდაფში ღამეც უთიეს, მაგრამ დილისთვის დაღუპულა მაინც პამპულა. მერე მეზობლებს გაუშლიათ ეზოში სეფა, ისმოდა ერთი ჟრიამული, ძაღლების ყეფა. ბრძანა თამადამ, რომ პამპულა ყველას დააკლდა, და რომ ცხოვრება არის ერთი მასხარაობა, შემოსწრებულმა, ”ეჰ, ყველანი პამპულები ვართ”- - თქვა ხელჩაქნევით და სმა-ჭამას მხარი აუბა. გამოთვრა ყველა, აირია მერე ქელეხი, მამაპაპური გაიმართა მღერა-ღრეობა. ოთახს მინათებს კენტი სანთლის ჩუმი პარპალი. ღიმილ-ნაღველი ერთმანეთში გადალამბულა. სიკვდილის მერე გაუგიათ თურმე სახელი, მათე რქმევია, ბავშვობიდან შერჩა “პამპულა”. ისმის გალობა, კაბადონი მრავალხმიანობს, თეთრი ღრუბლებით სხივოსანი ცა დაბამაბულა. სანთლის კვამლივით მიირწევა, ღრუბლეულს ასცდა, ადის მსუბუქი, მოღიმარი ადის პამპულა, სამოთხის კართან შესციცინებს ყველას თვალებში, ვინც შეიფარა, ვინც შეიტკბო ან დააპურა, - მათე, ცოცხლებში ჩაიფრინე! - ეტყვიან, ვიცი, და ანგელოზებს არ დაზარდება ჩვენი პამპულა. უბრალოდ, ოკეანის გაღმა სიცხიანი ვწევარ, ცოტათი გავცივდი, უცებ ძალიან მომენატრეთ და წარმოვიდგინე, თითქოს ისევ, ძველებურად ერთად ვართ მეათეკორპუსელები... გოგოებო, არ მოიწყინოთ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი