ბრახუნი ნიკო კეცხოველის საძინებლიდან


#მემორია

ნინო დარბაისელი

ბრახუნი ნიკო კეცხოველის საძინებლიდან 
(მოგონება)

    ნიკო კეცხოველი გეხსომებათ, დიდი ადამიანი იყო, უნივერსიტეტის რექტორი.
  ვინმე ნიჭიერს რომ იპოვიდა და ის ნიჭიერი უნივერსიტეტს მიატოვებდა, სოფელში თვითონ ჩააკითხავდა და ძალით დააბრუნებდაო, რეზო ინანიშვილისა და ლექსო ჭინჭარაულისგან გამიგონია სხვებზე ნათქვამი, თითქოს მათაც სწორედ ასე არ მოექცა.
ერთი  ძალიან მცირე მოგონება მაქვს, - ადრე მოსმენილი დალი კეცხოველისგან. 
    ეჰ, მე თუ არ გაგიზიარეთ, ვიცი, დაიკარგება, არადა, ჩვენში მემორიალური კულტურა   მუდმივად ძალიან დაბალია.  
   წავლენ უკეთეს ქვეყნად დიდი ადამიანები, გავა დრო, მოაკლდებიან სამზეოს მისი ახლობლებიც  და  იმათგან მონაყოლი მაინც თუ არ იქცა წერილობით  ტექსტად, დრო გადის და ყველასი ყველაფერი გვავიწყდება. მერე სანანებელია.
   მოკლედ, დალი ყვება:
- ხელმოკლედ ვცხოვრობდით და დედაჩემმა დაიჟინა ,,ყველას აქვს “სპალნა”  ჩვენ გარდა, ვიყიდოთ და ვიყიდოთო. 
როგორც იქნა,  დიდი ჩიჩინის მერე გვაღირსა.
მოიტანეს “სპალნა”,   ამოიტანეს, დადგეს,  გვიხარია…
დაიძინა ერთი ღამით და დილაადრიან ყველა რიტმულმა ბრახუნმა გაგვაღვიძა.
    შევცვივდით  და რას ვხედავთ!
 აუღია ჩაქუჩი და ლურსმანი და ზედვე, “შიფანერკაზე” გარედან აჭედებს.
 - ეს ერთი პიჯაკი მაქვს, ესაა ჩემი საშინაოც და საგარეოც  და შიგ რომ შეგიკიდიათ, თან  გასაღებითაც რომ გადაგიკეტიათ, ძლივს გავაღე.  ჩაცმა რამდენჯერაც მომინდება,  ყოველ ჯერზე  უნდა ვიწვალო?!
 ჰოდა, ეკიდოს  ასე, გარედანო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი