ნინოს ბუთქუთუნები ანუ შიმშილი მზარეულთა-მზარეული
#დილაუზმოს_ფიქრებიდან ნინო დარბაისელი ნინოს ბუთქუთუნები ანუ შიმშილი - მზარეულთა-მზარეული წარმოსახვებით სად აღარ დავბოდიალობ ისტორიულ ამბებში…. მაგრამ ახლა სრული შოკი მაქვს. ოთხმოცდაათიანებში, ყველაფერი რომ ჭირდა, ერთი ძველი, ქოხზე ცოტა უკეთესი, პატარა სახლი გვქონდა ქართლში, ნატახტარის ზემოთ, თელადგორში, თბილისთან ძალიან ახლო, ასე ალბათ 27 კილომეტრში და ზაფხულობით იქ დამყავდა არდადეგების დროს ბავშვები. ჩემიანები - დიდიც და პატარაც, ხალხმრავალი სტუმრობების მოყვარულები არიან- მეთქი რომ ვთქვა, მთლად სწორი არ გამომივა. უამისოდ არ შეუძლიათ. დედაჩემი მაგალითად, მიიჩნევს, რომ ყველამ მიატოვა, თუ იმ დღეს ხუთზე მეტი სტუმარი არ ჰყოლია. “ეჰ, რა ძნელი ყოფილა, დავბერდი და ყველამ დამივიწყაო”. აქ რომ ვეუბნები ახლობლებს, დედაჩემი ხუთ სტუმარს არ თვლის იმად, რომ თქვას, დღეს ვინმემ მინახულაო, დაუჯერებლად ეჩვენებათ. აქაურებმა, უფრო ახლობლებმა, ჩემმა ხშირმა სტუმრებმა კი იციან, რომ ხან რას ვიგონებ და ხან რას, რომ რამე ფართი მოვაწყო. მანდაურებისა კი - მადლობელი ვარ იმ მეგობრებისა, რომ პოულობენ დროს და მოსაკითხად შეუვლიან დედაჩემს… მაგრამ ეს, რომ იტყვიან, შემთხვევით ვისარგებლე, მადლობა რომ გადამეხადა მათთვის. ახლა სულ სხვა რამეზე ვწერ. ჰო, იმას ვამბობდი, ჩემიანებს , ყველას, მეგობრების საკუთარ ჭერქვეშ ყოლა უყვართ-მეთქი, აქაური შვილიშვილებიც ზუსტად ასეთები გამომადგნენ. დიდიც, პატარაც. რომ ეცადო, მარტოს ვერ მოიხელთებ ვერცერთს, თუ სახლში არიან, ნიშნავს, რომ მეგობრებიც იქა ჰყავთ. ჰოდა, ერთ ზაფხულს…. ცხადია, თბილისიდან მამარაგებდნენ საჭმელ - სასმელით, ირგვლივ სულ არაფერი იყიდებოდა არც ტრანსპორტი იყო, ერთი დანჯღრეული ავტობუსი დილას გადიოდა და ამოდიოდა საღამოთი , ისიც ხალხით პირამდე სავსე. ჰა და ჰა მაწონი და კვერცხი გეყიდა ადგილობრივებისგან, ისიც არარეგულარულად. მე მოწოდებით ხომ დიასახლისი ვარ, არა? ერთხელაც, მოხდა ისე, რომ დამიგვიანეს მომარაგება და უკვე საგონებელში ვარ, რა ვაჭამო ჩემს “მხეცებსა და ნადირებს, ტყიდან გამოვარდნილებს”. - (ასე მივმართავდი ხუმრობით) შევედი სამზარეულოში და რად გინდა, რა! საბაზისო რაღაცეებიც გამომლევია, ხახვი, კარტოფილი, ტომატი, მაკარონეულ- ბრინჯეული. ვიპოვე მარტო ნახევარი ბოთლი ზეთი, ფქვილის პარკში - ცოტა ფქვილი, ძველებური მაწვნის ქილის ძირში, თითქმის ნახევრამდე ჩაქვავებული თაფლი და მარილი- უხვად. რომაელების ნათქვამია, “შიმშილი - მზარეულთა მზარეულიაო”. ფქვილს მარილი დავაყარე, ცოტა ზეთი, ასე, სადილის კოვზი, ჩავუსხი, წყალი - მოცულობის ნახევარი. მოვზილე კარგა მომაგრო ცომი, ოცი წუთი დავასვენე, გრძლად დავამრგვალე, აი, ძალიან სქელი ფანქარი რომ წარმოიდგინოთ, ისე; დავჭერი, მოვამრგვალე, საფანელად რაც ჩამოიბერტყა იმაში და კარგად ადუღებულ ზეთში ჩავყარე. არც კვერცხი, არც სოდა და გამაფხვიერებელი და ეგეთი რამეები - აღარ მქონდა! ჰო, მანამდე თაფლის ქილაში რაც მქონდა, გამოვფხიკე, სულ ცოტა წყალი მივეცი და დაბალ გაზზე გავადნე. ქვაბიდან რომ ამოვყარე ცხელ-ცხელი და დაბრაწული ბურთები, ზომაში თავისით გაზრდილიყო კიდეც. ბავშვებს თეფშებზე ექვს ექვსი ვარგუნე და ზედ თაფლი დავუსხი. გაგიჟდნენ, ასეთი გემრიელი რამე მთელი ცხოვრება არ გვიჭამიაო, რა ჰქვიაო და არ დავიბენი, ნინოს ბუთქუთუნები-მეთქი. იმის მერე თბილისშიც სულ მეხვეწებოდნენ, ის ,,ნინოს ბუთქუთუნები” გაგვიკეთეო და ისეთი კარგი აღარასოდეს გამომსვლია…. რამ გამახსენა ახლა ეს ამბავი. ჩემდა უნებურად, უძველესი ბერძნული რეცეპტი შემიქმნია, “გლობისი”. ორიათასზე მეტი ხნის წინანდელი, მარტო ბერძნები კი არა, მერე რომაელებიც რომ გიჟდებოდნენ. თურმე რომის გზებზეც ხომ ეგ იყიდებოდა და ფორუმზე, ასევე კოლისიუმის სართულებზე. როგორ ვიკოცო შუბლზე მე თვითონ, თორემ გენიოსი ვარ, რა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი