“გრიფა” და ადესა
#მემორია ნინო დარბაისელი "გრიფა" და ადესა (2021) მეწყინა ბატონ გრივერ ფარულავას გარდაცვალება. ვიცი, მრავალი გაიხსენებს მას, როგორც დიდ მეცნიერსა და პედაგოგს, მე კი ეს ორი ამბავი მომაგონდა: “გრიფას” საიდუმლო რეცეპტი - - - - - - ბატონი გრივერი და პაპა ლექსო ჭინჭარაული ომისშემდგომი, გაჭირვებული სტუდენტობის წლებიდან მოდიოდნენ დანარჩენ სტუდქალაქელ ახლობლებთან ერთად. პაპას სამზარეულოში ტრიალი უყვარდა, ოღონდ მარტო. თუ ეცალა, ისეთ ,,გრიფას” გვიმზადებდა, იმისი არომატით ლამის მთელი სამეზობლო გათიშულიყო. ძნელი მისახვედრი არაა, “გრიფა” - გრივერ ფარულავას რომ ნიშნავს. საიდუმლო რეცეპტიც მისგან ჰქონდა ათვისებული პაპას და სხვებს - სტუდქალაქობიდან. მე რისი ნინო ვიქნებოდი, ჩუმად რომ არ დავკვირებოდი და რომ არ მესწავლა! ჩაიწერეთ, გამოგადგებათ! საშუალო ცეცხლზე დადგით ღრმა ტაფა. დაასხით ასე, ორი-სამი სუფრის კოვზი ზეთი, ოდნავ რომ აშიშხინდება, ჩააყარეთ წვრილად დაჭრილი ერთი საშუალო ხახვი და მოდაღეთ. შიგ ჩაამატეთ ერთი თავიანი სადილის კოვზი ტომატი და ისიც მოშუშეთ, ჩააჭერით ერთი კბილი ნიორი, ამაში ჩაყარეთ სამასი გრამი პატარა კუბებად დაჭრილი ძეხვი ,,საექიმო”, საშუალო ცეცხლზე, რევაში რომ მოიშუშება, ჩააყარეთ ცოტა, წვრილად დაჭრილი ოხრახუში და რეჰანი, ბოლოს ჩაახალეთ ორი კვერცხი ცხელშივე და სწრაფად მოურიეთ. წიწაკა და მარილი - მწვანილთან ერთად - გემოვნებით. თონის პურის ჩაწობით ამის ჭამას არაფერი სჯობს! თუ ჭიქა ღვინოც მოგეძევებათ, რომ მეგობრებთან ერთად აწიოთ, მოსალხენად სხვა რა გინდათ! ჰკითხეთ ცოცხლად დარჩენილ მათ საერთო მეგობრებს! გრივერის ადესა - - - -, ბატონი გრივერი პაპა ლექსო ჭინჭარაულის სტუდენტობის მეგობარი იყო, (თუმცა არა - მთლად უახლოესი). ახალი ბინა რომ მიიღო ახალგაზრდა გრივერიმ, ფანჯრებსა და აივანზე ადესა ყურძენი გაუშენებია. ყურძენი ისეთი ბარაქიანი გამომდგარა, მოსავალს ღვინოდ წურავდა, მაგრამ განა იმდენი რა დადგებოდა, მის ნიადაგ მომლხენ სამეგობროს რომ გასწვდენოდა!იშვიათად, ერთი ღვინის ბოთლით შეაწევდა ხოლმე. ჰოდა, პაპამ ეს გამოუთქვა: გრივერის რომ აქვს ადესა, დიდი ბოქლომიც ადევსა, მგონი, იმათაც არ ასმევს, ვინაც წურეს და ხადესა. ეგ რო არ “იმასშვებოდეს”, ამდენ ადესას სად ესხა? ყოფნებით - ჩვენიც გვეყოფა, სად - ის არის და სად - ესა! ნათელი დაადგეთ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი