მტკი..!
#მემორია ნინო დარბაისელი “მტკი…” მე მყავდა საუკეთესო, მაშინ საქვეყნოდ ცნობილი მასწავლებელი ქართულ ენასა და ლიტერატურურაში, რუსიკო ებრალიძე, რომელსაც რუსიკო დეიდასაც ვეძახდით, სიყვარულის გამო. მისი საუკეთესოობის ერთი მხარე ისიც იყო, რომ სხვა მრავალი მასწავლებლისგან განსხვავებით, არათუ მოთმინებით იტანდა, არამედ მიესალმებოდა კიდეც რაიმე ლიტერატურულ პრობლემაზე შეკამათებას მოწაფის მხრიდან, სისულელეც რომ გეთქვა. და ეს ხდებოდა კომუნისტების ხელში. ერთხელ შუშანიკს გვიხსნის ნახევრად თვალებმილულული, თითქოს თვითონაც ტკბება ნაწარმოებზე ლაპარაკით და ამბობს, მართალია, ვარსქენმა ყველანაირი ზიანი, წარმოუდგენელი დამცირება და ტკივილი მიაყენა დედოფალს, მაგრამ შუშანიკმა მასზე მორალურად გაიმარჯვაო. მე ვეუბნები, რუსიკო დეიდა, ეგ რაღა გამარჯვებაა, თუ ყველაფერი, ტახტის, ოქროულის, ნათესავების, რაც მთავარია შვილების და მთლად აკუთარი სიცოცხლის ფასად დაუჯდა-მეთქი. მარტვილობის არსიც ესაა, რომ ყოველივე მიწიერი გაიღო ზეციურისთვისო. ესე იგი, აქაურზე ყველაფერზე უარი თქვა, გაწირა, რომ მერე თვითონ ზეცაში ბედნიერად ყოფილიყო-მეთქი? ან ის ხუცესი, დასაწყისშივე საპატიმროში რომ ეუბნება, ყველაფერი მომიყევი, რომ აღვწერო შენი წამებაო, იქნებ არ აპირებს ადამიანი წამებულობას, ან მერე რომ “მტკი - ო”, იმას რა ენაღვლებოდა, შუშანიკი იტანჯებოდა, თვითონ ხომ არა. თვითონ პირიქით, უბიძგებდა, რომ ვინმეს, თანაც დედოფლის მარტვილობის მაგალითი შეეძინა. არ ჯობდა, ეთქვა, ნუ წვალობო? კლასელები - გამოფხიზლდნენ. რუსიკო მასწი მშვიდად მეუბნება: - რა საინტერესოდ მსჯელობ, გაკვეთილების მერე სამასწავლებლოში აუცილებლად შემოიხედე, გამოვალ, ცარიელი კლასი ვიპოვოთ და იქ განვაგრძოთო. ზარიც დაირეკააა! გაკვეთილების ბოლომდე კიდეც დამავიწყდა სამასწავლებლოში შეხედვა.. გავიდა ნახევარი საუკუნე და ცხოვრებამ ბევრი რამ სხვა თვალით დამანახვა. ნეტა რამ გამახსენა ახლა ეს ამბავი!… და ისა! შუშანიკი კიდეა სასკოლო პროგრამაში?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი