ჩვენ - დიდი ფოლკლორისტები
#მემორია ნინო დარბაისელი ჩვენ - დიდი ფოლკლორისტები (ძალიან დაგვაკლდება რუსუდან ჩოლოყაშვილის კეთილშობილება და პროფესიონალიზმი…ეს პატარა მოგონება ადრე მის გასართობად დავწერე) სტუდენტობისას ფშავში, ხოშარაში ერთ მოხუც ქალს მივაგენით, (უფრო ზუსტად, ჩემმა კურსელმა ტიმოთე, ტიტე, იგივე ტრისტან მახაურმა მიაგნო და წაგვიყვანა). ჯერ ხომ მთელი დღე ზაფხულის სიცხეში მთა- მთა გვატარა, მერე , ბოლოს რაღაც ქოხში მივედით. მასპინძელ მოხუც ქალს ნათელა ერქვა. იმდენი იცოდა ხალხური ლექსები, ჩაწერას ვერ ავუდიოდით. მაშინ ტექნიკა ჯერ არ იყო ასე განვითარებული, გასული საუკუნის სამოცდაათიანებია. რიგ-რიგობით ვიწერდით, მაჯა რომ დაეღლებოდა ერთ ჩამწერს, სხვა ენაცვლებოდა და ასე! გავავსეთ ყველაფერი, რვეულების ‘მინდვრებზეც’ გადავედით ბოლოს. დაღლილები საღამოობით დავსხდებით, ავცქერით მუჭისხელა ვარსკვლავებდაყრილ ცას და ვოცნებობთ, თბილისში რომ ჩავალთ, როგორ დავაღებინებთ პირს სუყველას, ამ სქელ რვეულებს რომ დავაწყობთ სიმაღლეზე. მე ეტყობა მაშინვე გამომცემლის ხედვა მქონდა, ტიტეს ვეუბნები: იცი , რა ვქნათ?! ერთ წიგნად გამოვცეთ და დავაწეროთ ,ქართული ხალხური პოეზიის საგანძურიდან” შემდგენელი ტრისტან მახაური, მასალის მომპოვებელთა ჯგუფი ნინო დარბაისელი და ესა და ეს… ჩემი თავით რატომ ვიწყებდი?! ანბანთრიგი ასე მოითხოვდა. კვირის ბოლოს ერთი ჩვენგანი მასპინძელს ეკითხება, ამდენი ლექსი მაინც საიდან იცითო და - ჩემშვილო, აქ რო აცივდება და თოვლ დადებს, სხვა მეტ კი რა საქმებ მაქ, ანა ვქსოვ ანა ეგე, ამ წიგნსა ვკითხულობო… გავიდა გვერდზე და სულ დაფურცლული ‘ქართული ხალხური სიტყვიერების’ რომელიღაც ტომი მოგვიტანა, - აი, ჩემშვილო, აქა წერია ყველაფერი. შარშან ზაფხულს აქ უნივერსიტეტის ფოლკლორის ჩამწერი სტუდენტების ექსპედიცია რო იყო, იმათ დარჩათო…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
1 კომენტარი
ტექსტმა არ მოიხდინა და წავშალე, თორემ მერე ტრისტანი ეკითხება, ეგ წიგნი კი მეც ზეპირად ვიცი, მაგრამ მაინც სხვანაირად ამბობთო.
ეჰ, ჩემშვილო, აღარ მივარგა მეხსიერება და საცა რა დამავიწყდება, ჩემთვითონ ვამბობო.