ლილის კარაბადინი (ყველაც ქალიშვილია)
#ლილის_კარაბადინი ყველაც ქალიშვილია! ეს - ეტყობა ცხელ-ცხელად ჩამიწერია და უჯრაში ჩამიგდია. მანო ანერვიულებული და ატირებული: - ვაიმე, ეს ვინ შემოგვითრია ჩემმა ძმამ ოჯახში, ცოლად ვინ შეირთო, გოგოებო, ჭკუაზე არა ვართ! დედაჩემს წნევა არ უვარდება, მამაჩემი სანადიროდ წავიდა და თოფიც სახლში დარჩა, ტყვიებიც და სამი დღეა, არა ჩანს, მე სად გავიქცე, აზრზე არა ვარ! ნაბოზარის შვილი. აი, პირველ ნაბიჭვარს თითონაც რო არ იციან, ვისგან გააჩენენ, მერე იბოზებენ, იბოზებენ და რო დაიღლებიან და თან სიბერისკენ წავლენ, ვინმეს, ოჯახში ყოველდღიური ლუკმის შემომტანს რო შეეტენებიან, ერთ პეპიტოსაც საკუთრად გაუჩენენ და ოჯახისქალურს დაიჭერენ. მერე პირველ გოგოს სადმე, უმაღლესში შეტენიან, ჩააცმევენ, დაახურავენ და ჩემი ძმის ნაირი ლენჩი დაებმება, შეიყვარებს და ცოლათ მოიყვანს. ცუდი შესახედავი რატო იქნება, დედა კაი შესახედავი, მამაც ალბათ არ ეყოლებოდა ცუდი, თანაც რაც მაგას აცვია და ახურია, უქალოდ, ცარიელ სკამზე რო გადაკიდო, სკამი შეგიყვარდება. ვაიმეე, დილას რო შეხედოთ, ახალგაღვიძებულზე… ლილი სიგარეტის ბოლის ბოლის მრგვალში გაძვრენაზე ჩალიჩობს, როგორც მთელი ცხოვრება, ზედაც არ უყურებს, ისმენს, რა! ამ ლილისი რა მომწონს იცით, აი, სათქმელს რომ მაინც ეტყვის ადამიანს, თითქოს თავისი ხელობისთვის შეუფერებელი პირდაპირობით, არადა უხდება: - მერე შენ ვისი რა ბოზობა გაგიკვირდა, გოგო, ძლივს აგაგლიჯე იმ ცოლშვილიან კაცს, ერთხელ გაგაყოლე ვარიანტში და თავს იკლავდი, მიყვარს, მიყვარსო, კაცი შიშით სამსახურში ჩორნი ხოდით იპარებოდა და ტელეფონს არ იღებდა, იძახოდა, არ მერჩია, გავარვარებულ ფეჩში შემეყოო, თან მაგ დროს ერთი პასტაიანი უკვე გყავდა… - ლილი, შენ ერთი რამე არ გესმის: მე ჩემი ქალობა - გარეთ გამაქვს, იმას კიდე ბოზობა - ჩვენს ოჯახში შემოაქვს. - ქალობა არა, ისა კიდე! ის მაინცა თქვი, მე ბოზობა გარეთ გამაქვს-თქო. ნუ გწყინს რა, პირდაპირ როცა გეუბნებიან. ამ ქვეყანაზე ბოზობა რომ არ არსებობდეს, პატიოსნებას ფასი არ ექნებოდა. საერთოდ არც იარსებებდა. ეგრეა, რა, ბოზები - პატიოსნებს და პატიოსნებას ემსახურებიან. იცი, რა გამახსენდა? ერთ ჭკვიან კაცთან ვიღაც მივიდა, ორი ქალი მეძლევა, ერთი ქალიშვილია, მაგრამ ისე რა, შესახედავი, მეორე ლამაზია, მაგრამ ბოზი და რომელი შევირთოო. ბრძენი ეუბნება, ორი დათუნია შოკოლადი რომ გამოგიწოდონ, ერთი გაფრცქვნილი იყოს, მეორე - ქაღალდში, შენ რომელს აიღებო? მე? რა ვიცი ქაღალდში რა არის, რასაც ვხედავ, ის მირჩევნია - გაფრცქვნილსო… წადი რა, თავი დამანებე, ამისთანა კარგი ანდაზა გამიფუჭეო. - (აქ - თვითონვე გაეცინა და სიცილი - ხველაში გადაუვიდა). შეეწყობით რა, ბოლო-ბოლო, ერთ საქმეზე დგეხართ. - როგორ, ჩემმა ერთადერთმა ძმამ ერთი პატიოსანი, ქალიშვილი გოგო ვერ დაიმსახურა? ჯერ შენ - რა იცი, ვინ ქალიშვილია დღეს და ვინ - არა! შენც ხო ოჯახში ქალიშვილი ჰგონიხარ, არა?! - მე ცხოვრება ამერია, რა ჩემი ბრალია! - კარგი რა, ისე ამბობ, ამერიაო, გეგონება შენ რომ აგერია, სხვებს იმიტომ დაულაგდა. იქნებ იმას კიდე შენზე უარესად აერია. თითონ ადამიანი როგორია, დედას რა მნიშვნელობა აქვს. იმან - თავისი ცხოვრება როგორც გამოუვიდა, ისე მოიწყო, აი, შენ მაგალითად, უპატიოსნესი ოჯახის შვილი ხარ, როგორც ამბობ, ბნელაში ჩასახული, ქორწილიდან ცხრა თვის თავზე იქნები გაჩენილი, როგორც ყველა პირველი შვილი ჩვენში და აბა, წახვედი დედის გზაზე? ეგრეა რა მთელი ქვეყანა. მანამ შუა საქმეში თავზე არ დაადგებიან ვინმესთან და მაგრად არ დაასინიაკებენ - ყველაც ქალიშვილია, გათხოვილი კიდე გაბაზრებამდე - ყველა პატიოსანი! ერთი რძალ-მული ვიცი, ვარიანტებში სულ ერთად გადიან. ის მულზე კი არაა, დედამთილზეა ნათქვამი, ნაბოზარ დედამთილს რძალი არ გაუბოზდებაო. ჰოდა, გეყოფა, მოდუნდი და შეირგე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი